ქართული პრესის მიმოხილვა   22.10.2018

ხათუნა ლაგაზიძე - “შეუძლებელია, ივანიშვილმა არ იცოდეს, რომ მისი ერთგული სულ რამდენიმე ადამიანია”

ან მეორე ტური ან არეულობა?!

დავით უსუფაშვილი - “სახელმწიფოს “ოცნება” ვერ ჰპატრონობს, “ნაცმოძრაობა” არყევს და რუსეთი ანგრევს”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “შეუძლებელია, ივანიშვილმა არ იცოდეს, რომ მისი ერთგული სულ რამდენიმე ადამიანია”

“ის, რასაც წინასაარჩევნო კამპანიისას ვხედავთ - ორი ძირითადი ძალის მიერ ბრძოლისთვის არჩეული უკიდურესად ნეგატიური ხერხები, დამანგრეველია როგორც საზოგადოების, ისე ამ პოლიტიკური ძალებისთვის. დღეს შექმნილი ვითარება ზუსტად ასევე შეაფასა ევროკავშირის ახალმა ელჩმა, რომელმაც ბრძანა, ეს პროცესები ანგრევს პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი ნდობასო. როგორც “ქართულ ოცნებაში”, ისე “ნაციონალურ მოძრაობაში”, როგორც ჩანს, ასეთი პოზიციონირება ხელს აძლევთ”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეუძლებელია, ივანიშვილმა არ იცოდეს, რომ მისი ერთგული სულ რამდენიმე ადამიანია” / “სკანდალური ჩანაწერები შეიძლება აღმოჩნდეს ის ჯინი, რომელიც ბოთლიდან გამოუშვეს და რომელმაც შეიძლება ბევრი პოლიტიკური ძალა წალეკოს” / ქვეყანას დღეს მხოლოდ “ოცნების” ამ შემადგენლობისგან თავის დახსნა სჭირდება... თუმცა ყველას არ ვგულისხმობ - ბევრი დეპუტატი და მინისტრი აშკარად ემიჯნება იმას, რაც დღეს ხდება”.

“ისმის კითხვა - რატომ? იმიტომ, რომ მათი სტაბილური ამომრჩევლის გარდა, ბრძოლის ამ ხერხების შემყურე დანარჩენი საზოგადოება ნიჰილიზმში ჩაიძირა. მეორე მხრივ, ეს გავლენას ახდენს პოლიტიკურ ველზე, სადაც შემოსვლისა და საქმის კეთების სურვილი ეკარგება ყველას, ვისაც შეიძლება საზოგადოებრივი მხარდაჭერის რესურსი ჰქონდეს. ამით კი პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეების შემოსვლის პრევენცია ხდება. ფაქტობრივად, ცარიელია პოლიტიკური ველი: იმიტომ კი არა, რომ ადამიანები არ არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არ სურთ. ეს ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ ასე ორ კურდღელს იჭერენ - ამომრჩეველი აპათიისა და უიმედობის ტყვეობაშია, შესაბამისად, არ აქტიურობს, პოლიტიკური ველი კი მოსუფთავებულია, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს მათთვისაც, განსაკუთრებით კი “ქართული ოცნებისთვის”, დამანგრეველია. დღეს მათი არჩეული ბრძოლის ხერხები მათივე დიაგნოზია, რომელიც აჩვენებს, რომ ისინი ყველაფერს იკადრებენ, ყველაფრის მკადრებელ პოლიტიკურ ძალას კი ამომრჩეველი ხმას არ მისცემს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით გამოქვეყნებული ჩანაწერები კიდევ ერთ ტენდენციას ავლენს - თითქმის ყველგან ასეთი ფრაზები გვესმის: “ამათ ვენდობოდი?” “თავს არ დავიზღვევდი?” და ა.შ. რაც იმის მაჩვენებელია, რომ მმართველ ძალაში ნდობის დეფიციტია. ეს ადამიანები, ანუ ე.წ. შემსრულებლები მშვენივრად ხვდებიან, რომ საბოლოოდ მათაც გაწირავენ და ამისთვის ემზადებიან, შავი დღისთვის კომპრომატებს აგროვებენ. ეს არ არის გუნდი, რომელიც ერთი იდეით და მიზნით არის გაერთიანებული, აქ ადამიანები ერთმანეთის გამოყენებისა და გაწირვის სქემებით ურთიერთობენ. ამ ყველაფერს ამომრჩეველი რომ უყურებს, ფიქრობს: თუ “ქართული ოცნების” წევრები მზად არიან, ერთმანეთს ყელი გამოსჭრან, როგორი დაუნდობლები შეიძლება იყვნენ საზოგადოების მიმართ?... ეს ჩანაწერები შეიძლება აღმოჩნდეს ის ჯინი, რომელიც ბოთლიდან გამოუშვეს და რომელმაც შეიძლება ბევრი პოლიტიკური ძალა წალეკოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ “ქართულმა ოცნებამ” იგრძნო, რომ კედელთან არის მიყენებული, შეიძლება ტერორზეც წავიდეს. იმედი მაქვს, ამის ალბათობა მაღალი არ არის, თუმცა საფრთხე არსებობს. ამის სიმპტომები გამოჩნდა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინტერვიუში, როდესაც მან განაცხადა, რომ სამუდამო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე საპროცესო გარიგების სანაცვლოდ მზად არის, სამართალდამცავებს გადასცეს ინფორმაცია პოლიტიკოსების, დეპუტატების, ოპოზიციის წევრებისა და ა.შ. შესახებ... ჩემი აზრით, მათ მიგვანიშნეს, რომ ეს კომპრომატები - რეალური თუ არარეალური, ფაქტებით განმტკიცებული თუ გამოგონილი, სამომავლოდ შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკური დევნისთვის, ამისთვის კი ათასი ჯურის ადამიანები შეიძლება გამოიყენონ... ურთიერთკომპრომატებით სკამებისა და თავისუფლების შენარჩუნების ვარაუდი ძალიან ახლოს არის რეალობასთან. როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში მოსმენების ინდუსტრია ყვავის. ერთი ფრაგმენტი მინდა გავიხსენო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებული მასალებიდან, რომელიც პროკურატურამ ახლახან გამოაქვეყნა. ამ მასალებში, სხვათა შორის, ნათქვამია, რომ შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდა, მოსასმენი აპარატურა შინ წაიღო. გამოდის, რომ ეს აპარატურა პორტატულია და იმ ზომის, რომ ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, გამოიტანოს სამინისტროდან და შინ წაიღოს”, - აცხადებს ექსპერტი.

“დავუბრუნდეთ მმართველი გუნდის ერთიანობის თემას... ეს ადამიანები ჩანაწერებს აკეთებენ საკუთარი გუნდისა და საკუთარი შემკვეთებისგან თავის დასაცავად. ალბათ, ეს ნიშნავს, რომ სხვებსაც აქვთ ამგვარი ჩანაწერები თუ სხვა ტიპის კომპრომატები და სწორედ ეს არის ამ ხალხის ერთ გუნდად არსებობის წინაპირობა. ექვსი წელი გავიდა და “ქართულ ოცნებას” წარმოდგენაც არა აქვს, როგორ სახელმწიფოს აშენებს, საით მიჰყავს ერი, ყოველი შემთხვევისთვის, საზოგადოებისთვის ამის თაობაზე არაფერი უცნობებიათ. არ ჩაუთვლიათ საჭიროდ, ერთი იდეის გარშემო ჯერ ხელისუფლება გაერთიანებულიყო და მერე მთელი ერის გაერთიანება ეცადათ... შესაბამისად, ერთიანობისთვის რაღაც დუღაბი ხომ უნდა ჰქონდეთ, ჰოდა, ორი სახეობის დუღაბი აქვთ, ერთი - ნაშოვნი ფულის შენარჩუნების ინტერესი და მეორე - კომპრომატებით ერთმანეთის დაბალანსება”, - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

“ოცნებამ”, “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, “ზონდერჯგუფები” გაიყვანა ხელისუფლების გარეთ, ანუ თუ წინა ხელისუფლებას სისტემაში ჰყავდა ახალაიები, კოდუები, ქარდავები და ა.შ., ესენი ადგნენ და სისტემის გარეთ გაიტანეს პროცესები, ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან და გარჩევები ხელისუფლების გარეთ ხდება. ასეც რომ იყოს, ამგვარ გარჩევებზეც რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, არასდროს გაუგიათ?! თავის მხრივ, ამ ზონდერჯგუფების წარმომადგენლები ზუსტად მიხვდნენ, რომ ისინი პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად სჭირდებოდა ხელისუფლებას და საჭიროების შემთხვევაში იოლად შეაწმენდდა მათ ხელს, ამიტომაც დახვეწეს ჩანაწერების გაკეთებისა და გავრცელების ინდუსტრია... ეს არის მოკლედ ის სქემა, რომელსაც ბოლო ხანს ყველა მიმართულებით ვადევნებთ თვალს... ხელისუფლება უმწვავეს კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს. მე თუ მკითხავთ, ქვეყანას დღეს მხოლოდ “ოცნების” ამ შემადგენლობისგან თავის დახსნა სჭირდება. თუმცა ყველას არ ვგულისხმობ - ბევრი დეპუტატი და მინისტრი აშკარად ემიჯნება იმას, რაც დღეს ხდება. ჯერჯერობით მდუმარებით ემიჯნებიან, მაგრამ მივიჩნევ, რომ ამ სიტუაციაში ეს დუმილი ხმაურზე მეტია”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “და ვის ხელეწიფება “ქართული ოცნების” ამ შემადგენლობისგან ქვეყნის გათავისუფლება?” - პასუხობს:

ორ ძალას: ერთია ბიძინა ივანიშვილი და მეორე - საზოგადოება. დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილით... ამ დღეებში ვისმენდით ლაპარაკს, რომ ივანიშვილი ამ ჯგუფების მძევალია, შანტაჟის მსხვერპლია და ა.შ. ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მძევლად აყვანა ასე იოლია. შეუძლებელია, მან არ იცოდეს, რომ მის გარემოცვაში მისი ერთგული სულ რამდენიმე ადამიანია. სამაგიეროდ, ბევრია განაწყენებული და უკმაყოფილო, რომლებიც ადვილად გაიქცევიან იმისკენ, ვინც ნაშოვნი ფულის გადარჩენის გარანტიას მისცემს. მის გარემოცვაში მოღალატის გამოცდილება არაერთს აქვს... მოკლედ, ბევრია ისეთი, ვინც ივანიშვილს გამოყენების თვალით უყურებს და სიამოვნებით გაცვლიდნენ მას უფრო სუსტ პატრონზე... ვფიქრობ, ეს ივანიშვილმა მშვენივრად იცის, ამიტომაც მგონია მისი მძევლად აყვანის ვარაუდი უსაფუძვლო. სურვილის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იპოვის ისეთ კომბინაციას, რომლითაც შეძლებს, თავი გაითავისუფლოს ამ გარემოცვისა და იმ სიბინძურისგან, რომელიც ზედაპირზე ამოტივტივდა. ის ან უნდა ჩაჰყვეს ამ სიბინძურეს, მიიღოს ამ ადამიანების შეთავაზებული თამაშის წესები და სულ უფრო ღრმად ჩაიძიროს, ან გამოძებნოს ახალი საშუალებები მათგან გასათავისუფლებლად და ამაში მისი მოკავშირე აუცილებლად იქნება საზოგადოება”.

“ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილს სვლები აღარ დარჩა, უსაფუძვლოა. საკითხავი ის არის, რა გზას აირჩევს, დროულად გადადგამს თუ არა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს. რაც შეეხება საზოგადოებას, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები იმედის საფუძველს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს გაიყვანენ, გაიყვანენ მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არ არის იმ ადამიანების კრიტიკული მასა, რომელიც საკუთარი ხმის დასაცავად გარეთ გამოვა. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ყველაფერი საზოგადოების ჯანსაღ ნაწილზე იქნება დამოკიდებული. ოპოზიცია, რომელსაც აქვს მესამე ცენტრის შექმნის რესურსი, - თუნდაც დავით უსუფაშვილი, ალეკო ელისაშვილი, “გირჩი” და ა.შ. - უნდა შეკავშირდეს და გააქტიურდეს; მეტად უნდა ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში ის ადამიანებიც, რომელთაც საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია აქვთ და მის დაუფარავად გამოხატვას არ ერიდებიან. 2019-20 წლები პარლამენტში ახალი პოლიტიკური სუბიექტების გამოჩენის თვალსაზრისით გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს. მთავარია, საზოგადოება აღარ დაელოდოს მესიანისტურ ფიგურებს, რადგან ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში 70-80%-იანი ლიდერები აღარ გაჩნდებიან...” - დაასკვნის ექსპერტი.

“რუსეთიდან წამოსულ ბრალდებები ამჯერად პუტინის პირით გახმაურდა -ვალდაის კონფერენცია მაღალი დონისაა და მასზე პუტინის შეფასებები ლამის მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების წონისაა. პუტინმა თქვა, რომ ის მხოლოდ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადებებს ეყრდნობა, მაგრამ თუ ასეთი სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს, შესაძლოა, ლუგარის ლაბორატორიაში ქმნიდნენ იარაღს, რომელიც შერჩევით მოქმედებს ადამიანებზე მათი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით და მესამე, მეოთხე თაობაში ადამიანს თავდაპირველ იერს უცვლის. ერთია, რომ ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული განცხადება და დეზინფორმაციაა, მაგრამ რუსული პროპაგანდა ამას მშვენივრად ატრიალებს და სავალალოა, რომ ქართველების წინააღმდეგ ისევ ქართველებს იყენებენ. რაც მთავარია, ლუგარის ლაბორატორიის თემა არის ნაღმი რუსეთის ხელში, რომლის გამოყენების ბევრი კომბინაცია ექნებათ დამუშავებული. განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია, რომ სწორედ პუტინმა და სწორედ ასეთი მაღალი დონის კონფერენციაზე განაცხადა ეს. ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოვისხათ, რომ რუსეთმა ამჯერადაც დასავლეთის დასჯისთვის არ გამოიყენოს საქართველო, რაც მოხდა 2008 წელს. “20 ოქტომბერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მნიშვნელოვანი ტურნე დაიწყო რუსეთიდან. ის საქართველოშიც ჩამოდის. რუსეთში ადგილობრივი პრესა დიდი ინტერესით აშუქებდა ამ საკითხს... ჩვენი ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, ამ ვიზიტით მივიღოთ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული საფრთხის დაზღვევის მაქსიმალური გარანტიები”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ან მეორე ტური ან არეულობა?!

“არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მმართველი პარტია საკუთარ შიდა კვლევას ასაჯაროებს და ამტკიცებს, რომ მათი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. ამავე დროს, შს მინისტრი აცხადებს, რომ მათ აქვთ ინფორაცია, ვინ, სად და როგორ გეგმავს არეულობას. ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს - რომ “ოცნების” კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. როგორი იქნება 29 ოქტომბერი, თუ ცესკო-ს შედეგებით სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში გამარჯვებისათვის საკმარის ხმებს დააგროვეს? პოლიტოლოგების დიდი ნაწილის მტკიცებით, დიდია ალბათობა, პირველსავე ტურში გამარჯვებულის გამოცხადებას აქციებიც მოჰყვეს, თუმცა თუ ხელისუფლება შეცდომას არ დაუშვებს, და არჩევნების დღეს კი დიდი შეხლა-შემოხლა და ბევრი საჩივარი არ იქნება, მხოლოდ მცირე აქციებს ვნახავთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ან მეორე ტური, ან არეულობა / გახდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის პირველსავე ტურში გამარჯვება საპროტესტო გამოსვლების წინაპირობა.

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას აზრით, მაშინ, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატის განცხადებების, ასევე, სკანდალური ფარული ჩანაწერების გამო “ოცნების” მიმართ ბევრი კითხვა და პრეტენზია დაგროვდა, საზოგადოების ნაწილისათვის დაუჯერებელი იქნება ზურაბიშვილის პირველსავე ტურში გამარჯვება. “რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა და ყველა კვლევა ამბობს, რომ არც ერთ კანდიდატი არ არის ისე წინ წასული, რომ პირველსავე ტურში გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. აშკარად ჩანს, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელებიც მეტ-ნაკლებად შეგუებულები არიან, რომ მეორე ტური იქნება, რადგანაც, მათი ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდა საერთო ეროვნული ლიდერი. მიუხედავად ორგანიზაციული თუ ფინანსური მცდელობისა, ეს ასეა”, - ამბობს კაკაჩია. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი კანდიდატია ფავორიტი და მოსალოდნელია, რომ მეორე ტური იქნება. ამიტომ თუ პირველსავე ტურში გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, ბუნებრივია, ამას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ მიიღებს და უკმაყოფილება და დემონსტრაციები იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოსალოდნელი დემონსტრაციების წინაპირობაა ის განცხადებები, რაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მედიით ისმის. ჯერ კიდევ წინა არჩევნების დროს რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ეჭვი შეიტანა არჩევნების შედეგში, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობამ არ მიიღო ეს რადიკალური შეფასება და ამის გამო იყო, რომ ხელისუფლებას პრობლემები არ შექმნია. თუ ახლა ოპოზიციის უმრავლესობა გაიზიარებს და მხარს დაუჭერს რადიკალური ოპოზიციის სურვილს, აქციები გაიმართოს, მაშინ დიდ აქციებსაც მივიღებთ. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში გარკვეული კრიზისია ფარული ჩანაწერების გამო, რამაც შესაძლოა, უფრო გააერთიანოს ოპოზიცია და დაძაბოს პოლიტიკური ვითარება”, - აღნიშნავს კაკაჩია. პოლიტოლოგის აზრით, “ერთი შეხედვით, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნები არაფერი არ არის, მაგრამ მეორე ტურის გამართვა ოპოზიციისათვის იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ექნება თეორიული შანსი, “ქართული ოცნება” ჩაანაცვლოს. ამიტომაც, თუ აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში გაიმარჯვა, ეს ოპოზიციისთვის მიუღებელი იქნება და რადიკალური ნაბიჯებისგანაც არ დაიხევენ უკან”, ამბობს კაკაჩია, რომლის აზრით “ასეთი რამ მოსალოდნელია”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუმცა ვხედავთ იმასაც, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” რაც უნდა მოინდომოს, არ გამოსდის. თუნდაც სარალიძის აქციების დროს, რომელიც ბევრად უფრო ემოციური იყო, ვიდრე “ნაციონალები” წააგებენ თუ არა არჩევნებს, ამ პარტიამ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხის გამოყვანა ვერ მოახერხა. ამიტომ მარტო ერთი პარტია ვერაფერს იზამს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგი დანარჩენი პოლიტიკური მოთამაშეებისთვისაც მიუღებელი გახდა, ზომიერი ოპოზიციაც აჰყვა ამას და ხელისუფლებამაც ძალა გამოიყენა, საზოგადოების აზრი სუსტის სასარგებლოდ შეიცვლება და შესაძლოა, გაუთვალისწინებელმა რამემ მისცეს ბიძგი დიდ საპროტესტო ტალღას. მით უფრო, რომ ხელისუფლება ამ სკანდალების შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და გარკვეული დეზორგანიზებაც შეინიშნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენად სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის არჩევნების დღე და რამდენად მშვიდად იქნება ხელისუფლება”, - აღნიშნა კაკაჩიამ. ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, დიდია ალბათობა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში გაიმარჯვოს, თუმცა თუკი ასე მოხდა, აუცილებლად ყველა მხრიდან გავიგებთ, რომ ხელოვნურად გაამარჯვებინეს მას. მიუხედავად ამისა, მასშტაბური აქციები არ იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“ოპოზიციის მხრიდან მტკიცება, რომ შედეგები გაყალბდა, დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა გაყალბებაზე საჩივრები. მარტო იმიტომ, რომ სახელისუფლებო კანდიდატი გავიდა, ძნელია თქმა, გააყალბეო. ეს იცის “ნაციონალურმა მოძრაობამ”. თუ არ ვცდები, ითქვა, რომ “ნაციონალები” საარჩევნო უბნებზე თავიანთ წარმომადგენლებს 10-10 საჩივრის დაწერას ავალებენ. მათ იციან, რომ დოკუმენტების გარეშე გაყალბებაზე ლაპარაკი ძნელია და ამიტომ უკვე დაიწყეს ამ დოკუმენტების დაგროვება. ამ გზით შეიძლება გაყალბებაზე ბრალის დადება. ალბათ ფრთხილად იქნება “ქართული ოცნებაც”. სადაც მე ეს გეგმა “ფეისბუქიდან” გავიგე, “ოცნებამ” ჩემზე მეტი იცის და ნებისმიერ დარღვევას მაქსიმალურად აარიდებს თავს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ასეთი დარღვევების ყალბი დოკუმენტაციაც გაამზადონ და იქამდე, სანამ გაირკვევა, ყალბია თუ არა, მოსახლეობის წამოკიდება, პასიური მდგომარეობიდან გამოყვანა სცადონ. თუმცა მაინც მეეჭვება, ეს გამოვიდეს. ვფიქრობ, რომ დიდი აქციები ვერ იქნება. 2012 წლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილ აქციებზე ხალხი კლებულობს. შვილმკვდარი მამების აქციაზეც ხალხი პირველად მივიდა, როგორც სარალიძის ჭირისუფალი, მაგრამ როცა იქ “ნაციონალები” ნახეს, წამოვიდნენ და აქცია დღეს როგორც მიდის, ხედავთ. ასე რომ, ეს პარტია ბევრ ხალხს ქუჩაში ვერ დააყენებს. რაღაც ჯგუფი შეიძლება დააყენოს, რომლის ამოცანა იქნება ჩხუბის დაწყება, აყალმაყალი, ლოკალური დესტაბილიზაცია, რისი ლიკვიდაციაც პრობლემა არ არის”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

დავით უსუფაშვილი - “სახელმწიფოს “ოცნება” ვერ ჰპატრონობს, “ნაცმოძრაობა” არყევს და რუსეთი ანგრევს”

“ქვეყანაში, სადაც ესოდენ სუსტია კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები და მოქალაქეთა ჩართულობა, ყოველთვის მაღალია დესტაბილიზაციის საფრთხე. ამ საფრთხეს აძლიერებს როგორც “ოცნების”, ისე “ნაცმოძრაობის” სახელისუფლებო მადასა და მათსავე ელექტორალურ წონას შორის დიდი უფსკრული. არარეალისტური ამოცანების შესრულების ცდისას ორივე მხარე დგამს ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება დესტაბილიზაციის წყარო გახდეს. ორივე აცხადებს, რომ პირველივე ტურში იგებს. ორივე ცდილობს, პოლიტიკური ასპარეზიდან გააქროს ყველა სხვა მოთამაშე. ამასობაში, თვითონ რაც უნდა აქვეყნონ, ფაქტია, რომ ორივეს რეიტინგი უარყოფითია. სამართლიანი და ობიექტური არჩევნების შემთხვევაში ამომრჩევლის 75% მაინც არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას არც ივანიშვილის და არც სააკაშვილის კანდიდატებს”, - აცხადებს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სახელმწიფოს “ოცნება” ვერ ჰპატრონობს, “ნაცმოძრაობა” არყევს და რუსეთი ანგრევს” / რატომ ითხოვს უსუფაშვილი ივანიშვილისგან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

“არადა, ორივე ცდილობს, როგორმე ორჯერ მეტი ხმა მიიღოს, ვიდრე ამის ობიექტური შესაძლებლობა აქვს, ერთი მხარე თუ ამას ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსით გეგმავს, მეორე “მინირევოლუციაზე” ოცნებობს. მიზნის მისაღწევად ორივეს სჭირდება მეორე მხარის დემონიზაცია და ამით “შუაშისტი” ამომრჩევლის შეშინება... ასეთ ვითარებაში ჯობს, ამომრჩეველი მიხვდეს, რომ ერთი გასაშვებია, მეორე - არმოსაშვები და მესამეა მოსაძებნი... სახელისუფლებო კანდიდატი რომც გახდეს პრეზიდენტი, ამით სახელისუფლებო სისტემა არ ძლიერდება, პირიქით, ახალი ძალით იფეთქებს პრობლემები, რომელთაგან ზოგს ფარცხალაძე“ ჰქვია, ზოგს - სუბელიანი, ზოგს - “მურუსიძე”, ზოგს - “მარიხუანა” და ა.შ. აშკარაა, რომ ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს “ოცნება” ვერ ჰპატრონობს, “ნაცმოძრაობა” არყევს და რუსეთი ანგრევს. ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების უნარი, ნება და რწმენა სახიფათოდ დასცა. “ქოცნაცური” მტრობით, ფლირტითა და სპარინგ-პარტნიორობით დომინირებული პოლიტიკური პროცესი ცალკეულ პოზიტიურ მოვლენებსაც და უკეთესი მომავლის პერსპექტივასაც შთანთქავს... საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები, პრაქტიკულად, აღარ ტარდება. მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე. ჯერ არ ვიცით, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, მაგრამ ვხედავთ, როგორ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“ამ ვითარებაში ჩემთვის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურობის კანდიდატისთვის, მთავარი ამოცანა ქვეყნისთვის უმძიმესი განსაცდელის არიდებაა და ვერ დავჯერდები მხოლოდ კონკურენტებთან საარჩევნო პაექრობას. ამიტომ მივმართავ საქართველოს მოქმედ ხელისუფალს, ბიძინა ივანიშვილს: მასშტაბური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის შესანარჩუნებლად გამოაცხადოს ძალაუფლებაზე “ქართული ოცნების” მონოპოლიის დათმობის კომპლექსური გეგმა, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით. გეგმის კომპონენტებზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ გაზიარებული იქნება დასახული მიზანი და გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულება. ძალაუფლებაზე მონოპოლიის დათმობის შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” ექნება პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი და ქვეყანა წავა წინ. ამ გეგმის მხოლოდ გამოცხადებაც კი ბრძოლის ასპარეზად აქცევს საპარლამენტო არჩევნებს და საპრეზიდენტო არჩევნებს გაათავისუფლებს სახიფათო დატვირთვისგან. თუ ხელისუფლება ეცდება ძალაუფლებაზე მონოპოლიის გაძლიერებას, საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერ ფასად გამარჯვების ჩათვლით, “ქართული ოცნება” შეელეწება ამ პროცესს და ქვეყანას დესტაბილიზაციის ჭაობში ჩატოვებს...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სახელმწიფოებრიობა აღვადგინეთ, მაგრამ ქვეყანა ვერ დავალაგეთ იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ცხოვრების წესის გამო, რომლის მიმდევარი ყოველი ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესს საკუთარ ინტერესთან აიგივებდა, პოლიტიკური ოპონენტების არსებობას ანტისახელმწიფოებრივ მოვლენად მიიჩნევდა და ყველა არჩევნებზე ძალაუფლების შენარჩუნებას სახელმწიფო უსაფრთხოების პირობად აცხადებდა... საერთო წარსულის გარეშე სახელმწიფოს შექმნა ძნელია, ხოლო საერთო მომავლის გარეშე - შეუძლებელი. ჩვენ გვაერთიანებს საამაყო წარსული, მაგრამ ვერ შევძელით საერთო მომავლის მკაფიო სურათის შექმნა, რომელშიც ყველა მოქალაქე დაინახავდა თავის ღირსეულ ადგილსაც და ყველა სხვა თანამოქალაქის საჭიროებასაც... ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ახალი მსოფლიო წესრიგის ვერჩამოყალიბების გამო ინსტიტუციური, იდეური და იდეოლოგიური პრობლემების მოგვარებაში იძირებიან. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე თავისუფლდება საერთაშორისო მორალურ-პოლიტიკური ვალდებულებებისგან და თამაშის საკუთარ აგრესიულ წესებს ახვევს თავს მსოფლიოს. გეოპოლიტიკური გარემოებების კონფიგურაცია ჩვენთვის უარესობისკენ იცვლება და ერის სახელმწიფოებრივ პოტენციალს დიდი გამოცდა ელის”, - დაასკვნის პრეზიდენტობის კანდიდატი.

“სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო კულტურულ-ისტორიული ფუნდამენტი და სოციალური რესურსი გვაქვს, მაგრამ მეტი გვჭირდება და მეტიც შეგვიძლია. ეროვნული სახელმწიფოებრიობის ფორმირება საერთო ეროვნული, ზეპარტიული ამოცანაა, რომელსაც უნდა შევეჭიდოთ იმ აღმშენებლობითი საზოგადოებრივი რესურსით, რომელიც დაგროვდა ინდივიდუალურად და დღეს დაქსაქსულია. ამ პროცესმა უნდა გააძლიეროს მრავალპარტიულობასა და სამართლიან კონკურენციაზე საზოგადოებრივი მოთხოვნა და არ უნდა შეუქმნას ექსკლუზიური პირობები არც ერთ პოლიტიკურ ძალას. მომავალმა პრეზიდენტმა უნდა განახორციელოს 6-წლიანი პროგრამა - სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის გასავრცელებლად, რამაც სწორი მიმართულებისკენ უნდა შეაბრუნოს სახელმწიფოებრიობის გამრუდებული ვექტორი. უნდა ვისწავლოთ პარტნიორობა ანუ ურთიერთხელსაყრელი, თანასწორი, შეთანხმებასა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა”, - ამბობს უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “არჩევის შემთხვევაში რა იქნება თქვენი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ძირითადი ამოცანა და საქმე?” - პასუხობს:

“პრეზიდენტი უნდა იყოს ერთიანობის, თანხმობის და წონასწორობის მაძიებელი და ამ გზით უნდა შეცვალოს მტრობასა და სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკური ცხოვრება. პრეზიდენტმა უნდა აცოცხლოს ეროვნული ღირსება და მომავლის იმედი. მან წარსული უნდა გადააბას მომავალს, ითანამშრომლოს თითოეულ მოქალაქესთან, როგორც სახელმწიფოს თანამფლობელთან. მან 30-წლიანი წინააღმდეგობებით სავსე უახლესი ისტორია უნდა აქციოს სახელმწიფოებრივ გამოცდილებად და ეს გამოცდილება გადასცეს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას, რომელმაც მომავალი 30 წლის განმავლობაში ქვეყანას უნდა უპატრონოს. საქართველო ეს არის და საქართველო ასეთია. “ოცნების” მხარდამჭერთა გარეშე საქართველო არ არის საქართველო; “ნაციონალების” მხარდამჭერების გარეშე საქართველო არ არის საქართველო; არც პროევროპელების გარეშეა საქართველო მთლიანი და არც - პრორუსების გარეშე. სახელმწიფოს მეთაური ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს”.

“ჩვენ არ გვჭირდება “ოცნების” მორჩილი, პასიური და სიმბოლური პრეზიდენტი; ჩვენ არ გვჭირდება რევანშისტი, “ოცნებაზე” ჯავრის ამომყრელი პრეზიდენტი; ჩვენ არ გვჭირდება პოპულისტი, სანახაობის მომწყობი პრეზიდენტი; ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გამაერთიანებელი, პოლიტიკური კომპრომისების მაძიებელი, ოპტიმისტური და სათანამშრომლო გარემოს დამამკვიდრებელი პრეზიდენტი. ჩემი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მთავარი ამოცანა იქნება სახელმწიფოებრიობის შეუქცევადობის დაცვა - ა) მოქალაქეობრივი ცნობიერების, პასუხისმგებლობისა და აქტიურობის ზრდით; ბ) სტაბილური მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნით; და გ) დემოკრატიული სამყაროს უსაფრთხოების და თანამშრომლობის სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრირებით. ჩემი ამოცანა იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოებრიობის გავრცელება, განმტკიცება და გაძლიერება, რათა ჩვენს სამშობლოს ჩვენმა სახელმწიფომ უპატრონოს და მრავალპარტიული სხვადასხვაობა საერთო-სახელმწიფოებრივმა ერთიანობამ დააბალანსოს. ჩემი ამოცანა იქნება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობისა და თვით­რწმენის აღდგენა და განმტკიცება; საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საზოგადოების დემოკრატიული მოდერნიზაციის ხელშეწყობა; ქვეყნის, ოჯახისა და პიროვნების ნაბიჯ-ნაბიჯ, რაციონალური, დაგეგმილი განვითარება”, - განმარტავს დავით უსუფაშვილი.

“სახელმწიფო ხელისუფლების სადავეებთან უნდა მოვიდეს არა კეთილი მესია, არამედ კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ეროვნულ და ევროპულ კულტურულ-პოლიტიკურ ნიადაგზე მყარად მდგარი პოლიტიკური ძალა. თუ ავირჩევთ არა მიშას ან ბიძინას, არამედ ხალხის პრეზიდენტს, ეს ფაქტიც კი სტიმულს მისცემს ახალი ძალის ფორმირებას. ოცდაათწლიან პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ოცდაათწლიანთა თაობის შემართებასა და ათასობით თანადამფუძნებელ პროფესიონალზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალა, რომლის გენეტიკურ კოდში იდება: ერთ-ერთობა და არა - ერთადერთობა; კონკურენცია და არა - მტრობა; პრინციპულობა და არა - სიჯიუტე; ღირსება და არა - ამპარტავნება; ჯერ პროგრამა და მერე - ხელისუფლება; ჯერ ქვეყანა და მერე - პარტია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ამ ძალამ უნდა გაიმარჯვოს და ქვეყანა უნდა გადაიყვანოს თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების გზაზე, რომელზეც კანონთან პირნათელი ყოველი ქართველისთვის იქნება ღირსეული ადგილიც და თანაბარი შესაძლებლობაც”, - მიიჩნევს პრეზიდენტობის კანდიდატი.

“ამ გეგმაში საპრეზიდენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი როლი ენიჭება. საპრეზიდენტო არჩევნების ფინიში საპარლამენტოს სტარტია. ახალი პოლიტიკური ძალისთვის ამ ეტაპზე მოპოვებული უპირატესობა გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს “ნაცქოცურ-პრორუსული” მედია-ფინანსურ-ადმინისტრაციულ კონგლომერატებთან მომავალ ბრძოლებში. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატის, მისი კამპანიისა და ქმედებების მოქცევა ამ გეგმის ჩარჩოებში. ამიტომაც ვმუშაობ არა მხოლოდ საკუთარი წარმატების, არამედ გუნდის ფორმირება-გაძლიერებისთვისაც. ამ არჩევნებში ხმის მომცემ ყველა მოქალაქეს შევთავაზებთ ახალი პოლიტიკური ძალის თანადამფუძნებლობას და ამით შევქმნით სოციალურ დასაყრდენს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მეტი გვჭირდება! მეტი შეგვიძლია!”, - დასძენს რესპონდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო