ირინე ფრუიძე - პარლამენტი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისათვის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმასა და ხანგრძლივვადიან სტრატეგიაზე. ამასთან დაკავშირებით, დღეს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. შესაბამისად, შეხვედრის ძირითადი თემა იყო - „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისათვის: სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა“.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინე ფრუიძემ მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პროცესში პარლამენტარების ჩართულობას არა მხოლოდ როგორც კანონშემოქმედი ორგანოს წარმომადგენლებისას, არამედ როგორც ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებული მიღებისა და იმპლემენტაციისათვის.

ირინე ფრუიძის განცხადებით, მაისში ჩატარდა პარლამენტის თვითშეფასება პარლამენტის როლთან დაკავშირებით მდგრადი განვითარების მიზნებისა და განხორციელების თაობაზე. შემუშავდა კიდეც გეგმის მონახაზი, რომელიც პარლამენტმა უნდა განახორციელოს იმისათვის, რომ გაიზარდოს პარლამენტის ჩართულობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

„ამ პროცესის კოორდინირება დაევალა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს. შესაბამისად, საბჭოს გეგმაში ერთ-ერთ ვალდებულებად შევიდა მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციაში ჩართულობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ სამოქმედო გეგმის ნაწილობრივ განხორციელება, რაც მოესწრება 2019 წლის ბოლომდე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სამოქმედო გეგმა. ეს უნდა იყოს უფრო ხანგრძლივვადიანი სტრატეგია, როგორიც არის თვითონ მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლამდე და შესაბამისი ორწლიანი სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ. სამოქმედო გეგმის შესრულებას კოორდინაციას ასევე აღნიშნული საბჭო გაუწევს.

ირინა ფრუიძის განცხადებით, გეგმის ძირითადი მიზანი იქნება ის, რომ რა თქმა უნდა ქვეყანამ უფრო წარმატებით შეასრულოს მდგრადი განვითარების მიზნები და ამ პროცესში პარლამენტი იყოს აქტიურად ჩართული თავისი როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო და წარმომადგენლობითი ფუნქციით და ასევე გააძლიეროს კომუნიკაცია ამ მიმართულებით.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტ ნატო ალხაზიშვილისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, ასევე თემაზე - „გრძელვადიანი სტრატეგია: ხედვის, მისიის, ძირითადი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა“. მათ ასევე იმუშავეს სტრატეგიის მონახაზზე - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგთან დაკავშირებით ჩამოაყალიბეს პარლამენტის ხედვა და მისია.

შეხვედრის შედეგები ირინე ფრუიძემ შეაჯამა და სამომავლო ნაბიჯებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი მოსამზადებელი შეხვედრაა, კიდევ გაიმართება ერთი ან ორი მსგავსი შეხვედრა, სადაც პარლამენტის წევრები პარლამენტის აპარატთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ამ გეგმაზე იმუშავებენ. აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. შემდეგ იგი განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს წარედგინება და უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან პარლამენტი მუშაობას გეგმის განხორციელებაზე დაიწყებს.

ღონისძიება მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო