ნოდარ სარჯველაძე - თუ ივანიშვილმა ზურაბიშვილი პრეზიდენტად მოიყვანა, მას მარგველაშვილი სანატრელი გაუხდება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა.

- ბატონო ნოდარ, საპრეზიდენტო არჩევნები კარგა ხანია ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია. ცოტაც და საპრეზიდენტო მარათონიც დასრულდება და ქვეყნის მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს.

დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი.

როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

- ჩვენი საზოგადოება ტრადიციულად პრობლემების დამგროვებელი საზოგადოებაა და არა პრობლემების გადამწყვეტი. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას გადაუწყვეტლად ტოვებს. როგორც ჩანს, ყველა ამ პრობლემებმა თავი იჩინა და ხელისუფლების პრობლემად იქცა. ეს ეხება როგორც შვილმოკლული მამების პრობლემას, ისე, სკანდალურ ვიდეოჩანაწერებს თუ მაფიოზური ჯგუფების გარჩევებს.

მთავარი პრობლემა ივანიშვილისთვის არის მოახლოებული არჩევნები იმიტომ, რომ თუ მისი კანდიდატი ვერ გავიდა, ეს მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ სერიოზული მუჯლუგუნი იქნება

მთავარი პრობლემა ივანიშვილისთვის არის მოახლოებული არჩევნები იმიტომ, რომ თუ მისი კანდიდატი ვერ გავიდა, ეს მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ სერიოზული მუჯლუგუნი იქნება.

თუ გავიდა, ეგეც პრობლემატურია, მარგველაშვილი მისი რჩეული კი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლად ასე არ ყოფილა, რადგან მარგველაშვილი მას არ დაექვემდებარა.

ჩემი აზრით, ახლაც იგივე სიტუაციაა, თუ ივანიშვილმა ზურაბიშვილი პრეზიდენტად მოიყვანა, მას მარგველაშვილი სანატრელი გაუხდება. მოსახლეობასაც ექნება ზურაბიშვილის მიმართ პრეტენზიები და თავად ზურაბიშვილმაც შეიძლება მას თავის ტკივილები გაუჩინოს ისევე, როგორც ამას მარგველაშვილი უჩენდა. ამის სიმპტომები ნელ-ნელა გამოჩნდება.

ივანიშვილი ჩაციკლულია სააკაშვილზე, სააკაშვილი ჩაციკლულია ივანიშვილზე. „ოცნება“ ჩაციკლულია „ნაციონალებზე“ და განვლილ 9 წელზე. თავის მხრივ, „ნაციონალები“ ჩაციკლული არიან „ოცნებაზე“. არადა ცნობილია, - რაზეც ჩაიციკლები, შემდეგ შენ თავად ხდები ის

ასეთ პრობლემურ ვითარებაში ხდება საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ცხადია ისიც, რომ ამ პრობლემებს ბოლო არ უჩანს. ახლა ძირითადად მაინც ორ პოლიტიკურ ძალას - „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მიმდინარეობს ორთაბრძოლა. ისინი დღესაც რჩებიან ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად, რომლებიც ერთმანეთის განადგურებაზე არიან ორიენტირებული.

ეს არჩევნები „ქართული ოცნების“ გამოცდის პერიოდია, ვინაიდან თუ მათმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, ეს იქნება მათთვის მოსახლეობის მხრიდან მიყენებული დიდი დარტყმა.

- საარჩევნო კამპანიამ დაგვანახა, რომ არჩევნების წინ პოლიტიკურ ძალებს შორის ხისტი და უმწვავესი დაპირისპირება რეალურად არსებობს. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ოპონენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივი რამაა, მაგრამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობამ თითქმის ყველა ის ნაკლი გამოააშკარავა, რაც ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას ახლავს.

„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუებში თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ოპონენტები ერთმანეთს მტრებად მოიაზრებენ და ორიენტირებული არიან ერთმანეთის განადგურებაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლაც ასეა.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორები ერთმანეთს არა ოპონენტებად, არამედ მტრებად მიიჩნევენ?

- ეს საკუთრივ მარტო ამ ძალების პრობლემა არაა, ეტყობა ეს ქართული სოციუმის პრობლემაა. ქართული საზოგადოება მისგან განსხვავებულს ჯერ კიდევ ვერ იტანს. ანუ ქართული საზოგადოება პლურალისტურ საზოგადოებად ვერ ჩამოყალიბდა. როცა კოჰაბიტაციაზე ლაპარაკობდნენ, ეტყობა ეს იგულისხმებოდა.

სააკაშვილი ივანიშვილდება და ივანიშვილი სააკაშვილს ემსგავსება. „ქართული ოცნება“ იძენს „ნაციონალების“ თვისებებს და „ნაციონალები“ „ოცნებას“ ემსგავსებიან. ეს ის შემთხვევაა, როცა დაპირისპირებული მხარეები ერთი მედლის მხარეებს ესგავსებიან

მაგრამ, ლომის წილი მაინც პოლიტიკოსებზე მოდის, რადგან დღეს პოლიტიკა ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყაროა, ძალაუფლება კი სჭირდება ორივე მხარეს, რადგან ისინი ოპონენტების განადგურებაზე არიან ორიენტირებული.

ივანიშვილი ჩაციკლულია სააკაშვილზე, სააკაშვილი ჩაციკლულია ივანიშვილზე. „ოცნება“ ჩაციკლულია „ნაციონალებზე“ და განვლილ 9 წელზე. თავის მხრივ, „ნაციონალები“ ჩაციკლული არიან „ოცნებაზე“. არადა ცნობილია, - რაზეც ჩაიციკლები, შემდეგ შენ თავად ხდები ის. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, სააკაშვილი ივანიშვილდება და ივანიშვილი სააკაშვილს ემსგავსება. „ქართული ოცნება“ იძენს „ნაციონალების“ თვისებებს და „ნაციონალები“ „ოცნებას“ ემსგავსებიან. დაპირისპირებული მხარეები ერთი მედლის მხარეებს ესგავსებიან.

წინა პერიოდში თუ გვირგვლიანის საქმე იყო იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება ძალადობრივი იყო, ახლანდელი ხელისუფლებისთვის ამგვარ რამედ ითვლება ის, რომ ვერ იქნა მოძებნილი სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მკვლელები და სუბელიანის ვიდიოჩანაწერები იქცა სკანდალად. ხელისუფლებამ ეს პრობლემები კი არ გადაწყვიტა და გასცა პასუხები, არამედ სამომავლოდ გადადო.

როცა ირგვლივ ხდება მხოლოდ სიძულვილის გენერირება, ადამიანებს ცხოვრების საზრისი ეკარგებათ. ასეთ ვითარებაში ახალგაზრდობის უმრავლესობა თვლის, რომ აქ ცხოვრებას აზრი არ აქვს. ამ თვალსაზრისით ძალიან საშიში სიტუაციაა

საერთოდ, მიკვირს, როგორ ვერ მოახეხა „ოცნებამ“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მკვლელის არგამოვლენა. ანდა როგორ ახერხებს იმას, რომ არ სჯის იმათ, ვინც ახალგაზრდა კაცი აშკარად ლოგინში მოკლა.

ამით ხელისუფლება საზოგადოებას, მისდა უნებურად თუ წინასწარ განზრახულად, აწვდის მესიჯს - თუ შვილი მოგიკლეს, ვერ გაიგებ ეს ვინ ჩაიდინა. შესაძლოა, ეს იყოს საზოგადოების დაშინების პოლიტიკაც. ამით ხდება არა მარტო დაპირისპირებული ძალის დაშინება და დაშანტაჟება რომ „ნაციონალები“ მოვლენ, არამედ „ოცნება“ საკუთარი თავისგანაც ქმნის საფრთხობელას საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ფაქტები ასე ლაგდება.

- ხომ არ უკავშირდება ეს იმას, რომ ჩვენში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის კულტურა რეალურად არც არსებობს?

- საქართველოში პოლიტიკა არის ერთადერთი უმძლავრესი ბიზნესი, წამყვანი ბიზნესის ნაირსახეობაა, - ბიზნესისა, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის წვდომას ბიზნესრესურსებთან და ბიზნესის გამართვასთან. რესურსების მოპოვების გზა კი ოპონენტების დათრგუნვაზე გადის.

საქმე იმაშია, რომ ამასობაში ითრგუნება მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იმით, რომ ირგვლივ გამეფებულია უნდობლობა და ნიჰილიზმი ხელისუფლებისადმი. ეს საზოგადოების თავისებული დათრგუნვაა იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა ცხოვრების საზრისის პოვნაა.

კომპრომეტაცია-დისკრედიტაციით ზეწოლის პირობებში კონფლიქტის ესკალაციის ალბათობა იზრდება. არადა, ამას ბოლო არ უჩანს და ზემოთ სწევს დუღილის ტემპერატურას

აღწერილ ვითარებაში, როცა ხდება ირგვლივ მხოლოდ სიძულვილის გენერირება, ადამიანებს ცხოვრების საზრისი ეკარგებათ. ასეთ ვითარებაში ახალგაზრდობის უმრავლესობა თვლის, აქ ცხოვრებას აზრი არ აქვს. ამ თვალსაზრისით ძალიან საშიში სიტუაციაა.

- საპრეზიდენტო კამპანიამ დაგვანახა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების შტაბები ერთმანეთის წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებაში ეჯიბრებიან. სკანდალური აუდიოჩანაწერები, მხედველობაში მაქვს ჯერ ოქუაშვილის, შემდეგ სუბელიანის, შემდეგ კი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები, გახლდათ ის თემები, რომელზეც საარჩევნო პერიოდში ყველაზე აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებაში მსჯელობა. გასაგებია, რომ ოპონენტები აუდიოჩანაწერების საშუალებით ცდილობდნენ ერთმანეთის დისკრედიტაციას.

მაგრამ, როგორ შეაფასებდით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ძირითადი აქტორების საარჩევნო კამპანიებს? თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს არჩევნების შედეგებზე პოლიტიკური ძალების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ წარმოებული შავი პიარი?

- ერთი მხრივ ეს შავი პიარი ცუდი არაა იმ თვალსაზრისით, რომ შავი პიარის წარმოების დროს მთელი ნაგვის გარეთ გამოტანა ხდება. სკანდალური აუდიოჩანაწერები ხომ ამბავს ასახავს, შესაბამისად, თუ ეს გარეთ გამოსული ნაგავი არ გადაიყარა, იგი საზოგადოების ცნობიერებაში დარჩება. კომპრომენტაცია-დისკრედიტაციით ზეწოლის პირობებში კონფლიქტის ესკალაციის ალბათობა იზრდება. არადა, ამას ბოლო არ უჩანს და ზემოთ სწევს დუღილის ტემპერატურას.

ცხვრად ქცეული ხალხი გადაწყვეტილებას არ იღებს. შესაძლოა, ისინი არჩევნების დღეს რაღაც გუნებაზედადგნენ, შედეგად კი უნდობლობის სინდრომი კიდევ უფრო გაღრმავდება

ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები ვერ შეასრულებს კათარზისის ფუნქციას. პირიქით, არჩევნები ვინც არ უნდა მოიგოს, მხარეები მაინც წაგებულ სიტუაციაში იქნებიან, ამიტომ ესკალაციის კიდევ უფრო გაძლიერება გარდაუვალი იქნება. ამიტომ, საპრეზიდენტო არჩევნები ვერანაირად ვერ იქნება ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების დალაგების წინაპირობა.

რაც შეეხება შავი პიარისა და აუდიოჩანაწერების არჩევნებზე გავლენას. პრაქტიკულად ის, რაც გამჟღამდა, ქვეყნისა და საზოგადოების სარკეა. თუ ამას დავმალათ უარესია და თუ მასზე ბევრს ვილაპარაკებთ, ჩვენ ჩვენივე თავის მიმართ გვექნება უარყოფითი დამოკიდებულება - რა საზიზღრები ვარეთ, რა ცუდები ვყოფილვართ და ასე შემდეგ. სულ ნეგატივის ქვეშ ყოფნა კი დამთრგუნველია, არადა პოზიტივი არსაიდან არ ჩანს.

მთელი „ოცნება“ დამოკიდებულია ივანიშვილზე. მაგრამ ნელ-ნელა ხდება ისე, რომ ივანიშვილი ხდება „ოცნებაზე" დამოკიდებული, რადგან „ოცნება“ მისი პროდუქტია. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი თავისივე პროდუქტის - „ოცნების“ ტყვე ხდება. ვთვლი რომ ახლა ივანიშვილი ძალიან ცუდ დღეშია

რაც შეეხება ხალხის დასკვნას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხალხი არაფერს არ ასკვნის. დარწმუნებული ვარ, ხალხის უმეტესობა იმ აზრზე იქნება, რასაც ჩასძახებენ და არჩევანის გაკეთებისას იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. ასე იქნება იმის გამო, რომ ბევრი გაფრთხილებულია რომ „არასწორი არჩევანის“ შემთხვევაში, ანუ თუ ხმას ზურაბიშვილს არ მისცემენ, სამსახურებს დაკარგავენ.

ცხვრად ქცეული ხალხი გადაწყვეტილებას არ იღებს. შესაძლოა, ისინი არჩევნების დღეს რაღაც გუნებაზე დადგნენ, შედეგად კი უნდობლობის სინდრომი კიდევ უფრო გაღრმავდება.

- პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებებისადმი არა მარტო ნიჰილიზმი, არამედ უნდობლობაც გააჩინა.

ყველა სოციოლოგიური კვლევა, ვისი ჩატარებულიც არ უნდა იყოს იგი, ადასტურებს რომ პოტენციურ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდ ნაწილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს. ასევე დიდია იმ ამომრჩეველთა რიცხვი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

საზოგადოებას საკმაოზე ბევრად მეტი საფუძველი აქვს პოლიტიკოსების მიმართ უკმაყოფილების გამოსახატად, რის გამოც დამკვირვებელთა ნაწილი თვლის - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს 28 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლება ყველა შემთხვევაში წაგებული აღმოჩნდება. თუ თქვენც ასე თვლით, სავარაუდოდ რატომ შეიძლება ასე აღმოჩნდეს?

- მეც ასე ვთვლი. მაგრამ, ნიჰილიზმი და უნდობლობა კი არ ჩნდება, არამედ ღრმავდება. უნდობლობა დიდი ხანია გაჩენილია და ფესვებს კიდევ უფრო ღრმად იდგამს.

მოსახლეობა ზურაბიშვილის გაყვანას კი არა არჩევნების გაყალბებას უფრო ელოდება. რადგან გაყალბებაზე ამდენი საუბრობს, სულაც არაა გამორიცხული, რომ ზურაბიშვილს პირველივე ტურში გაამარჯვებინონ

აქ საინტერესო კომპონენტი იჩენს თავს - მთელი „ოცნება“ დამოკიდებულია ივანიშვილზე. მაგრამ, ნელ-ნელა ხდება ისე, რომ ივანიშვილიც ხდება „ოცნებაზე დამოკიდებული, რადგან „ოცნება“ მისი პროდუქტია. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი თავისივე პროდუქტის - „ოცნების“ ტყვე ხდება. ვთვლი, რომ ახლა ივანიშვილი ძალიან ცუდ დღეშია.

პოლიტიკაში მისი ხელახლა შემოსვლა იმის ნიშანი იყო, რომ მას უნდა თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის გადარჩენა. ახლა კი იგი ვიღაც ფარცხალაძეებისა და ყიფიანების გარემოცვაშია, რომლებიც ადამიანები არიან თუ ცხოველები ძნელი გასარკვევია. გასაოცარი და გასაკვირი ისაა, რომ მას ეს უნდა თუ არა, სწორედ ამ ხალხთან აქვს გაიგივებული. ეს კი ის დამოკლეს მახვილია, რომელიც მასვე ემუქრება.

- აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პირველ ტურში ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხერხდება და გამარჯვებულის გამოვლენას მეორე ტურის ჩატარება დასჭირდება. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის - „ოცნებას“ საარჩევნო პროცესი იქეთკენ მიჰყავს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილი გავიდეს და მისი კონკურენტი იყოს „ნაციონალების“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მეორე ტურში კი ხელისუფლებას სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით არ გაუჭირდება ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდი იმის ალბათობა, რომ პროცესი სწორედ ამ სცენარით განვითარდეს? თუ ასე არ ფიქრობთ, თქვენი აზრით, მეორე ტურში პრეზიდენტობის კანდიდატთაგან ვის აქვს მეტი შანსი აღმოჩნდეს?

- თუ საქმე მეორე ტურამდე მივა, მეორე ტურში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსები აქვთ ზურაბიშვილს და ვაშაძეს, ან ზურაბიშვილსა და ბაქრაძეს. სხვები სათვალავშიც არ ითვლებიან. ამათი კონკურენტი ზურაბ ჯაფარიძე ვერანაირად ვერ იქნება არა მარტო იმიტომ, რომ ვერ გაიგებ რას ბლუყუნებს და იმიტომაც, რომ მარიხუანის თემაზე ბევრს ლაპარაკობს, რაზეც საზოგადოების უდიდეს ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

ჩემი აზრით, ჯაფარიძე ივანიშვილის და რუსული პროექტი ერთობლივადაა. რუსების ინტერესშია, რომ საქართველოს ახალგაზრდობა მარიხუანის კოლაფსში ჩავარდეს

მარიხუანაზე გამახსენდა. უამრავი პრობლემების ქონის პირობებში ხელისუფლებამ ისინი კი არ შეამცირა ან გადაწყვიტა, არამედ მათ კანაფის პრობლემა დაამატა. ამაზე დიდი უტვინობა იქნებოდა?

საზოგადობაში ხშირად გაიგონებთ საუბარს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდება. მოსახლეობა ზურაბიშვილის გაყვანას კი არა არჩევნების გაყალბებას უფრო ელოდება. რადგან გაყალბებაზე ამდენი საუბრობს, სულაც არაა გამორიცხული, რომ ზურაბიშვილს პირველივე ტურში გაამარჯვებინონ.

- ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯაფარიძის მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და მარიხუანის თემის ლობირება იმის დასადგენი ტესტიც იყოს, თუ რამდენად აღარ ენდობა ხალხი ეკლესიას?

- არა, ჩემი აზრით, ჯაფარიძე ივანიშვილის და რუსული პროექტი ერთობლივადაა. რუსების ინტერესშია, რომ საქართველოს ახალგაზრდობა მარიხუანის კოლაფსში ჩავარდეს.

იდეალური ვარიანტი იქნება თუ ივანიშვილიცა და სააკაშვილიც ქართული პოლიტიკიდან წავლენ და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მათ გარეშე ჩატარდება

მე ვერ დავამტკიცებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჯაფარიძეს მარიხუანის თემის ლობირებაში ფული აქვს აღებული. რასაც მე მას ვუსმენ, იგი ყოვლად უნიჭო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და გაუგებარია, საერთოდ, რა უნდა მას ქართულ პოლიტიკაში.

- „ნაციონალების“ ოპონენტები და დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევენ, რომ „ივანიშვილი სააკაშვილს იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას“. წინასაარჩევნო განწყობებზე მსჯელობისას ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ამ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ 2020 წელს საზოგადოებას „ნაციონალებით“ ან მათი განაყოფით ვერ დააშანტაჟებს“.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ როგორც ბატონი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს - შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ საზოგადოება არც „ოცნების“ და არც „ნაცების“ შანტაჟს არ დაექვემდებარება, პოლიტიკურად გაიზარდა და აღარ მოისურვებს პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობას“?

- მე ბატონი ვახტანგ ძაბირაძის ოპტიმიზმს მივესალმები. მართლაც იდეალური ვარიანტია, თუ ერთი მხრივ სააკაშვილი, ხოლო მეორე მხრივ ივანიშვილი პოლიტიკისაგან შორს დადგებიან და ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერევიან. ჩემი აზრით, ივანიშვილიცა და სააკაშვილიც ორივე არაფორმალური მმართველია, ოღონდ სააკაშვილი პოლიტიკური პროცესების მართვას ევროპიდან ახერხებს.

პოლიტიკური თვალსაზრისით პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის მხოლოდ 20%-ა. 80% პასიურობაშია ჩაფლული. ამ 20%-დან უნდა გამოიკვეთოს ხალხი, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ცვლილებებზე და ქვეყნის ტრანსფორმაციაზე და არ იფიქრებენ ასე - რაც იქნება, ის იქნება!

იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ივანიშვილიცა და სააკაშვილიც ქართული პოლიტიკიდან წავლენ და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მათ გარეშე ჩატარდება, ამას მხოლოდ მივესალმები.

სამწუხაროდ, მთელი ამ წლების დაკვირვებამ გვიჩვენა რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ. დავძლევთ კი ამ ერთ წრეზე ტრიალს? ბატონ ვახტაგს ლამაზი და სასარგებოლო წინასწარმეტყველება აქვს ნამდვილად.

- ბატონ ვახტანგს არ უწინასწარმეტყველია, მან მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა... თქვენი დაკვირვებით საზოგადოებაში თუა მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ ძალებზე?

- ის, რომ გამოკითხვებით საზოგადოების დიდ ნაწილს არჩევანი გაკეთებული არ აქვს, ასევე დიდი ნაწილი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, ძალიან ცუდია. ადამიანები ტრანსფორმაციაზე და ცვლილებებზე კი არ ფიქრობენ, არამედ საერთოდ არ უნდათ ამაზე ფიქრი. სამწუხაროდ, ადამიანები იმდენად არიან ჩავარდნილი უნდობლობის ტყვეობაში, თავის და ქვეყნის მომავალზე არ ფიქრობენ.

ჩვენ მაინც უნდა ვივარაუდოთ, კარგი იქნება თუ მოხდება ასეთი ძალების ჩამოყალიბება ძლიერი ლიდერების მეშვეობით. პოლიტიკა თავად არ იქმნება, პოლიტიკას აქტიური პიროვნებები სჭირდება.

ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრისაგან ახალს არაფერს ველოდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სანახაობრივად საინტერესო იქნება. ამიტომ აუცილებლად შევეცდები მივადევნო თვალი

როგორც წესი, პოლიტიკური თვალსაზრისით პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის მხოლოდ 20%-ა. 80% პასიურობაშია ჩაფლული. ამ 20%-დან უნდა გამოიკვეთოს ხალხი, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ცვლილებებზე და ქვეყნის ტრანსფორმაციაზე და არ იფიქრებენ ასე - რაც იქნება, ის იქნება! ან რა ჩემი საქმეა და ასე შემდეგ. თუ ეს მოხდება, მხოლოდ მივესალმები.

- დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით იგი რეიტინგული ტელევიზიების პოლიტიკური ტოკ-შოუების წამყვანებს შეხვდება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი იქნება ეს ეთერი და სავარაუდოდ, რა სათქმელით წარსდგება ივანიშვილი ქართველი მაყურებლების წინაშე?

- ვიცით, როგორი იყო ივანიშვილი აქამდე ეკრანზე და რას ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, ტელეეთერში ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრისაგან ახალს არც არაფერს ველოდები.

ალბათ, მას ექნება მცდელობა, ამ გადაცემის საშუალებით დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურაა.

რეიტინგული ტელევიზიების ეთერში ივანიშვილის გამოჩენის მიზანი ზურაბიშვილის პიარკომპანიაში მონაწილეობაა. როგორც ჩანს, მრჩევლებმა ურჩიეს, რომ ახლა დადგა დრო მან პირადად მოუწოდოს ხალხს არჩევნებზე ხმა მისცენ ზურაბიშვილს.

გვახსოვს მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევნებზე მან რა თქვა - მე მაწყენინებთ თუ ხმას მარგველაშვილს არ მისცემთო. იგი ახლაც დაახლოებით იგივეს გაიმეორებს. ანუ, ის ამ არჩევნებზე მთლიანად გამოიყენებს თავის რესურსს.

არა მაქვს იმის იმედი, რომ ახლა ივანიშვილი საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმებზე ესაუბრება. მას ამგვარი გეგმები პრაქტიკულად არც აქვს. ვერც ექნება, რადგან პოლიტიკა არაა მისი საქმე. მას კარგად ესმის ბიზნესი და ამ საქმეში მე წარმატებებს ვუსურვებ.

ბუნებრივია, ჟურნალისტები მას აქტუალურ თემებზე დაუსვამენ კითხვებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იგივე სკანდალურ ჩანაწერებზე და ხორავას ქუჩის საქმეზე იტყვის, რომ საკითხები შესასწავლია, რაზეც პროკურატურა მუშაობს.

ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრისაგან ახალს არაფერს ველოდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სანახაობრივად საინტერესო იქნება. ამიტომ აუცილებლად შევეცდები მივადევნო თვალი.

„ინტერპრესნიუსი’

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა