უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანია საქართველოს ნახშირწყალბადების რესურსების შესწავლას დაიწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია „ექსონმობილს“ შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო.

ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასებას განახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების შესწავლის დასრულების შედეგად „ექსონმობილი“ ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას მოამზადებს, რომლებსაც სახელმწიფოს გადასცემს.

კომპანიის წარმომადგენლის, ჯონათან უილსონის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან საქართველოს მხარესთან თანამშრომლობით და იმის შესაძლებლობით, რომ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შესასწავლად გამოცდილება გამოიყენონ.

„ExxonMobil-ის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ მოხარულები ვართ აქ ყოფნით და იმით, რომ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ათწლეულზე მეტია, რაც შავ ზღვასა და ახლომდებარე რეგიონებში ვმუშაობთ და მზად ვართ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს პოტენციალის შესაფასებლად გამოვიყენოთ. ვიმედოვნებთ, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ამ ულამაზეს ქალაქში, თბილისში მოხდა,“ - აღნიშნა ჯონათან უილსონმა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „ექსონმობილთან“ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შედეგად „ექსონმობილი“ მოამზადებს და სააგენტოს გადასცემს ანგარიშს დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის თაობაზე. ეს ანგარიში გამოყენებული იქნება შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, რამაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ნავთობისა და გაზის დაგროვებების ახალ აღმოჩენამდე“, - განაცხადა ტატიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს