ილია მეორე - კაცობრიობა ბევრჯერ ყოფილა უფსკრულის პირას და უფსკრულშიც ჩაუხედავს, ეს რომ არ განმეორდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რწმენას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა საყდრის (ვატიკანის) სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, მისი აღმატებულება მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაგერი, ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს დიპლომატიური მრჩეველი, მონსინიორ ტიმონ ტიტუს ხმიელეცკი და ვატიკანის ელჩის მოადგილე მამა მიჰაიტა ბლაჟი ეწვივნენ.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), მიტროპოლი საბა (გიგიბერია), მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ელჩი ვატიკანში, თამარ გრძელიძე.

„არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და რომის პაპ ფრანცისკეს ძმური მოკითხვა გადასცა. თავის მხრივ მისმა უწმინდესობამ პატივისცემა გამოხატა რომის პაპ ფრანცისკესადმი. „მე მქონდა პატივი მემასპინძლა რომის პაპ ფრანცისკესათვის და რომის პაპ იოანე პავლე II-სთვის და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება“, - აღნიშნა პატრიარქმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ ურთიერთობებს, მათ შორის იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. კერძოდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე.

მხარეთა მიერ გულისტკივილი გამოიხატა კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოთა შორის დღეს არსებული რთული ვითარების და ასევე მსოფლიოში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ითქვა, რომ ისინი ლოცულობენ მშვიდობისათვის.

,,კაცობრიობა ბევრჯერ ყოფილა უფსკრულის პირას და უფსკრულშიც ჩაუხედავს, ეს რომ არ განმეორდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რწმენას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

,,დღესდღეობით მსოფლიო განიცდის რწმენის ნაკლებობას, ეს კი რელიგიურ ლიდერებს გვავალდებულებს გავაძლიეროთ მსახურება და ქადაგება, რომ სახარების ნათელი მივიტანოთ ადამიანთა გულებამდე“, - დასძინა მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა.

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მის აღმატებულებას საჩუქრად წმ. პეტრესა და პავლეს ხატი უბოძა.

თავის მხრივ მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა მის უწმინდესობას რომის პაპის მედალი გადასცა”, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა