ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა

მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ჰააგის სასამართლოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატების გამოყენებას ეხებოდა, ივანიშვილმა აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობაზე საუბრით უპასუხა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

„სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის მეთაურობით, მოქმედებდა, ეს იყო სწორედ სამშობლოს ღალატი. მას შეეძლო ქვეყნისთვის ეს ომი თავიდანა აეცილებინა, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება. 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა. ის, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებით არ უთქვამს ქალბატონ სალომეს. მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩაწერილი გაიმეორა მან. ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში წერია, ვინ რა და როგორ გააკეთა. ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაცია აბსოლუტურად თანხვედრაშია.

სწორედ რომ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. ყევლას ავიწყდება სხვა დანარჩენი. როცა რუსმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ევროსაბჭოს რეზოლუციას ხმა მისცეს. ამ რეზოლუციაში გარკვევით წერია ყველაფერი, ვინ რა ქმედება ჩაიდინა და ამას იმეორებს ქალბატონი სალომე,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის პერსონა გამოყო და ხაზი გაუსვა, რომ ზურაბიშვილმა კარიერა საფრანგეთში აიწყო, საქართველოში ჩამოვიდა და რომ ის ევროპელია.

„ნახეთ, თავხედობა ჰყოფნის ამ ხალხს და ეს თემა ყველაზე მაღლა აქვთ აწეული და ცდილობენ დაადანაშაულონ ქალბატონი სალომე, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, რომლის მამამ, ზურაბ ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი. ამ მამის გაზრდილ შვილს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ბევრი მხარდამჭერი ეჭვს გამოთქვამს, რომ ის ქართველი არაა. ამ ქალბატონმა საფრანგეთში გაიკეთა კარიერა, თავის სამშობლოში დაბრუნდა, რასაც უამრავი ქართველი ოცნებობს. ეს ქალბატონი ამის სიმბოლოა - თანაც ქალბატონი და თანაც ევროპელი. როგორ ბედავენ და ამბობენ, რომ ის არის მოღალატე. თვითონ ღალატი ჩაიდინეს, ამდენი ხალხი დაიხოცა, მიატოვეს, აქ ჩამოვიდნენ, რუსთაველზე ცეკვავდნენ, დროშებს აფრიალებდნენ და ეს ხალხი დღეს ბედავს და ამას ლაპარაკობს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სწორედ მიხეილ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში" - ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომზე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა