ინფრასტრუქტურის სამინისტრო ცხრა თვის ბიუჯეტის შეუსრულებლობის სამ ძირითად მიზეზს ასახელებს

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ცხრა თვის გეგმიდან 700 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა. ყველაზე დიდი ჩამორჩენა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს, რომელსაც ცხრა თვეში მილიარდზე მეტი უნდა დაეხარჯა, ათვისებამ კი 806 მილიონი ლარი შეადგინა. რატომ ვერ აითვისა თანხა სამინისტრომ და რა გეგმები აქვს მაია ცქიტიშვილის უწყებას, IPN-ს მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ესაუბრება.

- სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტი შესრულდა 80%-ით და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ესაა ბიუჯეტის ზედმეტად ოპტიმისტური და არასწორი დაგეგმარება, ასევე - საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მხრიდან სამუშაოების შესრულების დაგვიანება და განსახლების პროცესში შექმნილი პრობლემები.

- იქნებ უფრო დეტალურად განმარტოთ ეს მიზეზები?

- ყველასთვის ცნობილია, რომ პრობლემურია სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი. გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე წელია შექმნილია სირთულეები, უკრაინულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილია და ამ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამ მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოების განხორციელების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას 1-ელ ნოემბრამდე აქვს გარანტიის წარმოდგენის ვადა, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება.

- რაც შეეხება ამ პროექტის სხვა მონაკვეთებს?

- მეორე და მეოთხე მონაკვეთზე, სადაც ჩინური კომპანიები „სინოჰიდრო“ და „ჩაინა რეილვეი 23“ მუშაობენ, მიწის ჯდენების შესახებაც ყველასთვის ცნობილია, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა გზის საფარის მოწყობა. „სინოჰიდროს“ შემთხვევაში, სამუშაოები, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, გრძელდება და კონტრაქტორს უკვე ეკისრება, სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო. სამუშაოები ასევე გრძელდება „ჩაინა რეილვეი 23“-ის შემთხვევაში, იქ სადაც ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წლის ბოლომდეა, ამ კომპანიასაც დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სახეზე გვაქვს გარემოება, რომ ამ მონაკვეთებზე, მიუხედავად ცნობილი პრობლემებისა, წელს ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 100 მილიონი ლარის ათვისება, რაც დამეთანხმებით, ზედმეტად ოპტიმისტური მიდგომაა.

- რა ვითარებაა სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზე?

- მესამე მონაკვეთზე, იტალიურმა კომპანია „ტოდინმა“, 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო სამუშაოები, რის გამოც მიმდინარეობს ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებები ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით. ამ ლოტზე გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი. ჯამში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთზე წელს დაგეგმილი 145 მილიონი ლარის სამუშაოდან, 9 თვეში შესრულდა 40 მილიონი ლარის სამუშაო, ხოლო 2018 წლის სავარაუდო შესრულება სულ იქნება დაახლოებით 50 მილიონი ლარი. როგორც ხედავთ, სამტრედია-გრიგოლეთის მსხვილი პროექტის შემთხვევაში, სახეზეა ბიუჯეტის შესრულების კუთხით გეგმასთან სხვაობის გამომწვევი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების ერთობლიობა - როგორც ბიუჯეტის ზედმეტად ოპტიმისტური და არასწორი დაგეგმვა, სადაც არ იყო გათვალისწინებული ის რისკები, რომელიც თავიდანვე იყო ცნობილი, ასევე, კომპანიების მიზეზით ვადების დაგვიანება.

- სხვა პროექტების შემთხვევაშიც არის იგივე პრობლემები?

- სამწუხაროდ არის. კომპანიების მიზეზით ვადის დაგვიანებასთან გვაქვს საქმე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის შემთხვევაში - ერთ მონაკვეთზე კონტრაქტორმა დაგვიანებით დაიწყო სამუშაოები, ხოლო გზის მეორე მონაკვეთზე ხიდების მოწყობის სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. ამასთან, კონტრაქტორს ორჯერ ჩამოეშალა გვირაბის პორტალი, რამაც მთლიანობაში გამოიწვია წელს დაგეგმილი 50 მილიონის ნაცვლად, 35 მილიონი ლარის სამუშაოს შესრულება. ამ მონაკვეთზე სწორედ ხიდებისა და გვირაბების ღირებულება შეადგენს მთლიანი ღირებულების 70%-ს. კონტრაქტორებთან გაფრთხილების წერილების გაგზავნის შემდეგ, პირველ მონაკვეთზე, გაუმჯობესდა სამუშაოს ტემპი, ხოლო მეორე მონაკვეთის შემსრულებელ კონტრაქტორ კომპანიაში დაწყებულია ფინანსური რესტრუქტურიზაციის პროცესი, რაც რისკის ქვეშ აყენებს სამუშაოების შესრულებას, რადგან კომპანიამ შესაძლოა საერთოდ შეაჩეროს ფუნქციონირება. შესაბამისად, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორივე მონაკვეთზე დაგეგმილი 80 მილიონი ლარის სამუშაოდან 9 თვეში შესრულდა 35 მილიონი ლარის სამუშაო, ხოლო წლის სავარაუდო შესრულება იქნება 46 მილიონი ლარი. ცალკე უნდა აღინიშნოს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ჟინვალი-ბარისახოს მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელზეც სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „აზინშაათი“ ახორციელებს. იმის გამო, რომ კომპანიამ დღემდე ვერ უზრუნველყო სათანადო რესურსების მობილიზება და დაგეგმილი 9 მილიონი ლარის სამუშაოებიდან 9 თვის მონაცემებით შესრულება ვერ წარმოადგინა, კონტრაქტორის მიმართ გატარდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებები ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით. 6 თვის განმავლობაში ვერ დაიწყო სამუშაოები კომპანია „აგტ“-მაც თიანეთისა და ატენი-ბოშურის გზებზე. საპროექტო გადაწყვეტილებების შეთანხმება დონორთან მოხდა მაისში და შესაბამისად, 9 თვის მონაცემებით მოახერხა მხოლოდ 2 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულება. რაც შეეხება ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთს, სადაც კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანს სიგნალს“ დაგეგმილი 3 მილიონი ლარის სამუშაოდან 9 თვის მონაცემებით ათვისებული აქვს მხოლოდ 982 ათასი ლარი, კომპანიას ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება პირგასამტეხლო.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ მთის გზების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე?

- აქ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 70 მილიონი ლარი, რომელიც მოიცავს ზემო იმერეთი-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნისა და სნო-ჯუთა-შატილი-ომალო-ახმეტას მიმართულებას. 2017 წლის ბოლოსვე მოხდა ამ პროექტების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივება 2018 წლის ბოლომდე და ასევე არ იყო გათვალისწინებული კლიმატური პირობები. შესაბამისად, რეალური შესრულება ვერანაირად იქნებოდა დაგეგმილი 70 მილიონი ლარი. დღეის მდგომარეობით, წლიური სავარაუდო ათვისება იქნება 13 მილიონი ლარი. ამასთან, მთის გზების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტებიდან, მოცემულ ეტაპზე, გამოცხადებულია 58 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი, ხოლო წლის ბოლომდე გამოცხადდება კიდევ 20,5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები. შესაბამისად, 2019 წლის მარტამდე გამოცხადდება დარჩენილი ტენდერები სრულად და გამოვლინდება გამარჯვებული.

- არის კიდევ სხვა პროექტები, სადაც გათვლა ზედმეტად ოპტიმისტური იყო?

- დონორების პროცედურების ხანგრძლივობის გათვალისწინების გარეშე იყო დაგეგმილი ახალი, დიდი მაგისტრალური გზების პროექტები, მათ შორის - რიკოთის ოთხივე მონაკვეთი, ხოლო რუსთავი-წითელი ხიდის, ალგეთი-სადახლოს, თბილისი-საგარეჯოს, ქალაქ ფოთში მდინარე რიონზე ახალი ხიდის მშენებლობისთვის, რომელთა ჯამური წილი 2018 წლის ბიუჯეტში შეადგენდა 85 მილიონ ლარს, დაფინანსების წყარო ჯერაც არ იყო დონორებთან შეთანხმებული.

- რამდენად შეუშალა ხელი ბიუჯეტის ათვისებას განსახლებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა?

- ხელის შემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილად არის განსახლების პროცედურების ვადის არასწორი გათვლა, მაგალითად: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის წელს დაგეგმილი იყო 70 მილიონი ლარის ათვისება, საიდანაც 9 თვის მონაცემებით ათვისებულია მხოლოდ 16 მილიონი, წლის ბოლომდე კი ჯამური ათვისება 24 მილიონ ლარამდე იქნება. ბათუმის 14 კმ-იან მონაკვეთზე დარჩენილია 6 გამოსასყიდი სახლი და ნაკვეთი. პროექტის სრული დატვირთვით და ტემპით განხორციელებისთვის საჭიროა გამოსყიდვის პროცედურების შესრულება და მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, დღეის მდგომარეობით, კონტრაქტორს გადაეცა მხოლოდ 6 კმ-იანი მონაკვეთი, ოქტომბერში გადაეცემა კიდევ 4 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო დარჩენილი - მიმდინარე წლის ბოლომდე. განსახლების პრობლემები შეიქმნა ხარაგაული-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, სადაც ხშირია რეგისტრაციის ხარვეზები (რეგისტრირებული ნაკვეთების რეალური მფლობელები არ ფიქსირდებიან ამონაწერში). შესაბამისად, ხარაგაულის პირველ მონაკვეთზე კონტრაქტორ კომპანიას გადაცემული აქვს მხოლოდ 17 კმ-იანი მონაკვეთი. ამ პროექტის ფარგლებში წელს დაგეგმილი იყო 45 მლნ ლარის ათვისება, მაშინ როდესაც 9 თვის განმავლობაში ათვისებულია 2 მლნ ლარი. ასევე, პრობლემაა შექმნილი მუნიციპალური განვითარების ფონდის უმნიშვნელოვანესი პროექტის, თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალის თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება მოსახლეობის მიერ აბსოლუტურად არასამართლიან მოთხოვნაში - იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად, მოსახლეობას არ ეკუთვნის განსახლება და ყველა საერთაშორისო კვლევით დადასტურებულია, რომ პროექტის მიმდებარედ არსებული კორპუსები არ ექვემდებარება დემონტაჟს, ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს განსახლებას და სანაცვლოდ კვადრატულ მეტრზე 1000 დოლარის ანაზღაურებას. ამის გამო სერიოზული პრობლემაა შექმნილი პროექტის ვადებში განხორციელებასთან დაკავშირებით. 2018 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო ამ პროექტზე 32,5 მილიონი ლარის ათვისება და 9 თვის მონაცემებით ათვისება შეადგენს 20 მილიონ ლარს.

- რას აკეთებს სამინისტრო იმისათვის, რომ ბიუჯეტის ათვისებაში ჩამორჩენა წლის ბოლომდე მინიმუმამდე დავიდეს?

- იქედან გამომდინარე, რომ ნათლად ჩანდა და ამის შესახებ სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის შესრულება გართულდებოდა, სამინისტროს ასიგნებებში არსებული თანხების მაქსიმალურად ეფექტიანად ათვისების და სხვა უმნიშვნელოვანეს პროექტებზე ამ თანხების მიმართვის მიზნით, გადავხედეთ პრიორიტეტებს და მიმდინარესთან ერთად დავიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გააფორმა 30-მდე ახალი ხელშეკრულება და გამოაცხადა 436 მილიონი ლარის ღირებულების 70-მდე ახალი ტენდერი. ამასთან, დაგეგმილზე მეტი ღირებულების სამუშაო შეასრულა დეპარტამენტმა გზების რეაბილიტაციის და ნაპირსამაგრების მოწყობის მიზნით განხორციელებული სამუშაოების მიმართულებით, კერძოდ - წელს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი იყო 125 მლნ ლარი, ხოლო 9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 90 მლნ ლარი. რეალურმა ათვისებამ შეადგინა 110.3 მლნ ლარი. წლის ბოლომდე ჯამურად შესრულდება 167 მლნ ლარი, რაც გეგმასთან მიმართებაში შეადგენს 133,6%. წელს ნაპირდაცვისთვის გამოყოფილი იყო 19 მლნ ლარი, ხოლო 9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 15 მლნ ლარი, რეალურმა ათვისებამ შეადგინა 20,1 მლნ ლარი. წლის ბოლომდე ჯამურად შესრულდება 21,6 მლნ ლარი, რაც გეგმასთან მიმართებაში შეადგენს 113,7%. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 9 თვის შესრულება შეადგენს 503.8 მლნ ლარს, ნაცვლად დაგეგმილი 654.5 მლნ ლარისა. აუთვისებელია 150,7 მლნ ლარი, საიდანაც უდიდესი ნაწილის - 135,4 მლნ ლარის აუთვისებლობა განპირობებულია სამტრედია-გრიგოლეთის, ზემო-ოსიარი ჩუმათელეთისა და სხვა პროექტების ნაწილობრივი შესრულებით. გზების ბიუჯეტი სამინისტროს ბიუჯეტის 65%-ზე მეტია და მთლიანი ბიუჯეტის აუთვისებლობის 76%-მდე გზების დეპარტამენტზე მოდის. რომ არა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები, დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, სამინისტროს 2018 წლის 9 თვის ბიუჯეტის 100%-იანი ათვისება იქნებოდა შესაძლებელი.

- ბიუჯეტის ათვისების მიმართულებით, გზების დეპარტამენტის გარდა, რა ვითარებაა სამინისტროს სხვა საქვეუწყებო დაწესებულებებში?

- მუნიციპალური განვითარების ფონდის, გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიების 9 თვის ბიუჯეტის დაახლოებით 90%-ია ათვისებული, წლიურ ჭრილში კი დაგეგმილია 2018 წლის ბიუჯეტის 100%-ით შესრულება.

- რა პრევენციულ ზომებს მიმართავს სამინისტროს ხელმძღვანელობა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მომდევნო წლის ბიუჯეტის უფრო ეფექტიანი დაგეგმვისა და ათვისების მიზნით?

- უკვე დაწყებული შემდეგი ცვლილებების განხორციელება: პროექტების მიღება-ჩაბარების ახალი ინსტრუქციის დამტკიცება; პროექტების უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, კონტრაქტორებს 2018 წლის 9 თვის მონაცემებით უკვე დაეკისრათ პირგასამტეხლო ჯამური თანხით 661 ათასი ლარი, მაშინ როდესაც 2017 წლის 9 თვის განმავლობაში დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა შეადგენდა 497 ათას ლარს; გაანალიზებულია სტრუქტურული, ფუნქციური ხარვეზები და შეუსაბამობები, ჩატარდა რეორგანიზაცია/რესტრუქტურიზაცია, რომელიც უკვე ითვალისწინებს ახალი მაგისტრალური გზების პროექტებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას და წინასწარ განსაზღვრას, ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი სფეროების გაძლიერების საჭიროება: საინჟინრო-ტექნიკური, გარემოს დაცვის, პროექტების მართვის და სხვა მიმართულებები. ასევე იგეგმება, თანამშრომლების გადამზადება სასწავლო კურსების, გაცვლითი პროგრამებისა და წარმატებულ ორგანიზაციებში პრაქტიკული ტრენინგების საშუალებით. ასევე ანალიზის შედეგად გამოვლინდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში უცხოელი ექსპერტების გრძელვადიანი ჩართვის საჭიროება. ისინი თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ თანამშრომლებს სხვადასხვა მიმართულებით, ესაა: საინჟინრო (გზები, გვირაბები, ხიდები), პროექტების (პროექტების მართვა და ანგარიშგება; design&build), სტიქიების პრევენცია, ტრანსპორტის ეკონომიკა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, მოვლა-შენახვა და პერიოდული შეკეთება, საერთაშორისო შესყიდვები, ინფრასტრუქტურული აქტივების მართვა, გეოლოგია და გეოტექნიკა, გარემო და განსახლება.

- ბევრი ისაუბრეთ პრობლემებზე, რა შეგიძლიათ გვითხრათ მიღწევებზე, რა პროექტები დასრულდა წელს?

- ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა : დარიალისა და დევდორაკის ხეობებს შორის 2კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა, აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის 18 კმ-იანი მონაკვეთი, 2 გვირაბითა და 15 ხიდით, მათ შორის საქართველოში ყველაზე გრძელი 1180 მეტრიანი სიგრძის ხიდია და ეს გზა მთლიანობაში თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 30 წუთით ამცირებს, აშენდა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი, წყნეთი - ბეთანიის საავტომობილო გზა, სადაც ქვების შესაჩერებლად გაკეთდა სპეციალური ბადეები და უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზე სიგნალის გადასაცემად დამონტაჟდა შეტყობინების სისტემები, თელავში რეაბილიტირდა ბატონის მუზეუმი, ბატონის სასახლე, მოეწყო კომპლექსის ტერიტორია, მოხდა 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, სადაც ბაღი 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, დასრულდა ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები... და ეს არ არის წელს დასრულებული პროექტების სრული ჩამონათვალი.

"ინტერპრესნიუსი"

თამთა კაკაურიძე

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში