საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ საქართველოს ინტერესებშია სრულიად თავისუფალი და ღია არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განუცხადა.
საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო კვლევების შედეგებთან დაკავშირებულ კითხვაზე ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ არ აპირებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.
„არ ვაპირებ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩავერთო რაიმე ფორმით საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში. მოგეხსენებათ, ნოემბერში აშშ-შიც არჩევნები გაიმართება და, სიმართლე გითხრათ, აშშ-ს კამპანიაშიც კი შეზღუდული მაქვს მონაწილეობა.
საქართველოში დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ამერიკელებიც. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ საქართველოს ინტერესებშია სრულიად თავისუფალი და ღია არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობაც, იმისათვის რომ საზოგადოებაში საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობა იყოს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.