ანსამბლმა „რუსთავმა“ 50 წლის იუბილე იაპონიაში აღნიშნა

ანსამბლმა „რუსთავმა“ 50 წლის იუბილე იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აღნიშნა. ანსამბლის ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის განცხადებით, „რუსთავი“ სრული შემადგენლობით იაპონიაში საგასტროლო ტურნეთი იმყოფება.

„ამ გასტროლების ორგანიზატორებმა ყველაფერზე იზრუნეს. დაწყებული განათებიდან, გახმოვანებიდან და ტექნიკური აღჭურვილობიდან, დამთავრებული დეკორაციით, რომელიც ქართულ სტილშია გადაწყვეტილი. უკვე ჩავატარეთ 10 კონცერტი. ყველა დარბაზი 2400-2500 მაყურებელზეა გათვლილი. ყველა კონცერტი ანშლაგით მიდის. სხვადასხვა ქალაქში მოგვიწევს გამოსვლა. ანსამბლის 50 წლის იუბილის აღნიშვნა ტოკიოში მოგვიხდა. კონცერტს 43 ქვეყნის ელჩი ესწრებოდა. მინახავს ოვაციები, მაგრამ ასეთი აპლოდისმენტები იშვიათად. საიუბილეო ღონისძიება ჩვენმა ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ გახსნა“,-განაცხადა ანზორ ერქომაიშვილმა.

მისივე ინფორმაცით, კონცერტამდე დარბაზში საქართველოს შესახებ ფილმს უჩვენებენ. „საქართველოს შესახებ იაპონელებმა იციან. 32 წლის განმავლობაში ჩვენი ანსამბლი საგასტროლოდ არაეთხელ ყოფილა იაპონიაში. კონცერტამდე ფილმს ვაჩვენებთ, სადაც საუბარია საქართველოზე და ქართულ-იაპონურ ურთიერთობებზე. იაპონიის 25 ქალაქში გავმართავთ კონცერტებს. ჩვენმა მომღერლებმა ამ ტურნესთვის სპეციალურად ისწავლეს იაპონური სიმღერა, რაც მსმენელისთვის სიურპრიზია და დამატებით ემოციებს იწვევს მათში. საქართველოს ცნობადობას ჩვენმა მამულიშვილმა ლევან გორგაძემაც (ტოჩინოშინმა) შეუწყო ხელი, რომელსაც იაპონელები უდიდეს პატივს ცემენ“, - აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.

ანსამბლ „რუსთავის“ დასი საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად შეხვედრას ლევან გორგაძესთან 29 ოქტომბერს გეგმავს.

ანსამბლმა „რუსთავმა“ იაპონიაში საგასტროლო ტურნე 12 ოქტომბერს დაიწყო და საქართველოში 22 ნოემბერს დაბრუნდებიან.

ანსამბლი „რუსთავი“ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს დაარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ საქმიანობას.

ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა