ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2018

გია ხუხაშვილი - “ქართველი საზოგადოება ორი პოლიტიკური ძალის შულერული თამაშის მსხვერპლია”

ივანიშვილი პირველად არჩევნების წაგების ზღვარზეა

* * *

გია ხუხაშვილი - “ქართველი საზოგადოება ორი პოლიტიკური ძალის შულერული თამაშის მსხვერპლია”

“ვვარაუდობდი, რომ მეორე ტურის ჩატარება დადგებოდა დღის წესრიგში, თუმცა ვეჭვობდი იმასაც, რომ “ქართული ოცნება” შეეცდებოდა ხმის დათვლის პროცესის გაკონტროლებას და ზურაბიშვილის პირველივე ტურში გაყვანას. კარგია, რომ ასე არ მოხდა. თუ დააკვირდით, მათ ეგზიტპოლის შედეგებით თავი დაიზღვიეს, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მაჩვენებლად 52,3% გამოაცხადეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ ცდომილება 2.6% იყო. “ქართული ოცნება” მეორე ტურზე თუ არ წავიდოდა, მაშინ გრძელვადიან კრიზისში მოუწევდა შესვლა. ეს შეიძლება ფატალური არ ყოფილიყო, მაგრამ იქნებოდა კომპრომატი, რომელიც მათ, ადრე თუ გვიან, გადაიყოლებდა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართველი საზოგადოება ორი პოლიტიკური ძალის შულერული თამაშის მსხვერპლია” / “ამომრჩეველი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფიქრობდა, რომ მას უნდა აერჩია ცუდსა და უარესს შორის” / “არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დავალებებს იღებდნენ არაფორმალური ჯგუფებისგან ან ხელისუფლების გადაწყვეტილებები ჩერდებოდეს არაფორმალური ცენტრებიდან”.

“ჩემი აზრით, ალბათ, ხელისუფლებამ უნდა მოიგოს. ამ წვრილ-წვრილი პარტიების ამომრჩევლის კონსოლიდაცია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის ირგვლივ ძნელად წარმომიდგენია. არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი - ლატენტური ოპოზიცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონს და არ წავიდა არჩევნებზე, მაგრამ იმდენად არ უნდა “ნაციონალების” გამარჯვება, რომ მეორე ტურზე აუცილებლად წავა. ამიტომაც მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს აქვს უპირატესი შანსი, მაგრამ არა გადამწყვეტი. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს - თუ გაიმარჯვებს, მისი პირველი ნაბიჯი იქნება სააკაშვილის შეწყალება-დაბრუნება, კოლექტიური ახალაიების გათავისუფლება და “ლეგალიზება”, რაც საბოლოოდ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს... წინასაარჩევნო პროცესი დიდად არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან, ძირითადად, ნეგატივი გასდევდა ლაიტმოტივად, ისევ შუის გაკრეფა, ორპოლუსიანობის უზრუნველყოფა და მთავარი პოლიტიკური ძალების მიერ ერთმანეთის ერთმანეთით დაშინება, ჩანაწერები, შედეგად კი ვითარების ისე წარმოჩენა, რომ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, ამ სამყაროში სხვა არავინ და არაფერი არსებობს. ქართველი საზოგადოება, აგერ უკვე ექვსი წელია, ამ ორი პოლიტიკური ძალის შულერული თამაშის მსხვერპლია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ეს საარჩევნო პროცესი გამორჩეული იყო იმით, რომ სკანდალური რამ მოვისმინეთ ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში არიან ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომინირებენ პოლიტიკაზე, მეტიც, უკვეთენ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან სახიფათო რამ არის. ამაზე ხელისუფლების რეაგირება სრულიად არაადეკვატური იყო, რაც დიდად არც გამკვირვებია, მაგრამ ეს დამოკიდებულება უპირველესად ხელისუფლებას დაუჯდება ძალიან ძვირად. ეს არჩევნები გამოირჩეოდა იმითაც, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების პირადი რეიტინგი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ამ არჩევნებს შეიძლება ვერც კი ვუწოდოთ არჩევნები, რადგან ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა დისტანცირებული იყო საარჩევნო პროცესისგან. კონკრეტულ კანდიდატებს არც ჰქონდა მნიშვნელობა, მოხდა პარტიული რესურსების შეტაკება. ამომრჩეველი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფიქრობდა, რომ მას უნდა აერჩია ცუდსა და უარესს შორის. ამ ორ ძალას, რომლებიც იბრძოდნენ ძალაუფლების გადანაწილებისთვის, დაკარგული აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება კანდიდატებს, უკვე ვთქვი, რომ მათი ნატურალური რეიტინგი ერთნიშნა ციფრებით თუ გამოიხატება, მათი კომუნიკაცია ხალხთან, პრაქტიკულად, არ შემდგარა. თუ რამ შეხვედრები გაიმართა, ძირითადად, პარტიულ აქტივთან, წინასწარ შედგენილი სიებით, ავტობუსების მობილიზებით და ა.შ. ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ საშუალო-სტატისტიკური ამომრჩევლის თვალში არსებული პოლიტიკური ძალები დისკრედიტირებული არიან. შესაბამისად, ის რეალითიშოუს დაემსგავსა, ძირითადად, ტელევიზორში უყურებდნენ მოქალაქეები, თუ როგორ ეძახდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს “რუსეთის აგენტებს”, როგორ აყვედრიდნენ ერთმანეთს წარსულს და ა.შ. მოკლედ, ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ “პრეზიდენტი”, რომელიც უნდა გაგრძელდეს 2024 წლამდე. საარჩევნო პროცესში ცხადად გამოჩნდა, რომ ვისაც უნდა გაემარჯვა, მას ვერ ექნებოდა საკმარისი სახალხო ლეგიტიმაცია, რადგან ამგვარ ნეგატიურ არჩევნებში ამომრჩეველი ხმას აძლევს არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ სხვა კანდიდატის საწინააღმდეგოდ, თანაც აშკარა იყო ისიც, რომ გამარჯვებულის ბედს ამომრჩეველი კი არა, რესურსები წყვეტდა”, - თვლის ექსპერტი.

“ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე გამოჩნდა ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” ნატურალური ამომრჩეველი უფრო ნაკლები ჰყავს, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას”, სამაგიეროდ, ამ უკანასკნელის ნეგატიური რეიტინგი კვლავაც მაღალია, ანუ კვლავაც ბევრი ამომრჩეველია მისდამი უარყოფითად განწყობილი. მაგრამ ისიც ცხადია, რომ “ქართული ოცნება” თანდათან კარგავს მორალურ უპირატესობას. შემდეგი არჩევნებისთვის ამ უპირატესობის ნატამალიც აღარ დარჩება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მტრის ხატითა და სისხლიანი 9 წლით მანიპულირებამ “ქართული ოცნებისთვის” ჯერ კიდევ იმუშავა. მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც თავის ამპლუაში იყო, არჩევნების წინ იწყებს ხოლმე “ქართული ოცნების” შტაბის უფროსად მუშაობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ივანიშვილს ხელს უწყობს მისი დაბრუნების საშიშროების გამძაფრებაში. თუმცა მომეჩვენა, რომ ამ არჩევნებში სააკაშვილი ნაკლებად ეგოცენტრიკული იყო, ძალიან ოდიოზური არ ყოფილა. ის დაეხმარა ივანიშვილს, ტრადიციულად, შუის გაკრეფაში”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

“ივანიშვილის ინტერვიუებამდე ცოტა ადრე და ჟურნალისტებთან ამ შეხვედრებითაც დავრწმუნდი, რომ, ფაქტობრივად, აღარ არის შანსი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მანკიერი სისტემისგან გათავისუფლდეს, რაც ამ ხელისუფლებას ჭამს. ივანიშვილი ამ ინტერვიუებს უყურებს მოგება-წაგების თვალსაზრისით, არადა, ქვეყნის ლიდერი ასე არ უნდა ფიქრობდეს, მით უფრო, არ უნდა ლაპარაკობდეს. ის საზოგადოებას უნდა ესაუბრებოდეს გეგმებსა და პოზიტიურ დღის წესრიგზე. არ უნდა წვრილმანდებოდეს იმაზე, რომელიმე დეპუტატის აუზში წყალი ასხია თუ არა. ეს, რა თქმა უნდა, ძნელი მოსასმენი იყო, მით უფრო ჩემთვის, რადგან თავს მაინც მის გულშემატკივრად განვიხილავ, რამდენადაც გაბრაზებულიც უნდა იყოს ჩემზე და როგორც უნდა მომიხსენიოს - როგორც ჩანს, მან წითელი ხაზის გადაკვეთად ჩათვალა მისი პირველი ინტერვიუს შემდგომ ჩემი განცხადება, რომ ის აღარ არის ლიდერი და მხოლოდ სისტემის შენარჩუნებას ცდილობს. ბუნებრივია, ეს მტკივნეულად მიიღო. შესაძლოა მართლაც გადავკვეთე წითელი ხაზი, თუმცა, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე ვსაუბრობთ, პირადი სენტიმენტებით არ უნდა იმოქმედო ადამიანმა. თუ უნდოდა, რომ ჩემთვის გული ეტკინა, ვეტყვი, რომ მოახერხა. თუ უნდა, რომ გავჩუმდე, ეს არ გამოუვა... სინამდვილეში ბრძენი ადამიანები და ლიდერები კრიტიკაში უფრო ხედავენ მოყვარეს, ვიდრე პირფერობასა და მლიქვნელობაში. სამწუხაროდ, ივანიშვილს, ჩემი აზრით, რაიმეს შეცვლის რესურსი აღარ აქვს და ოქუაშვილისა და “ომეგა ჯგუფის" თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ის ვითარების მძევალია”, - ამბობს რესპონდენტი.

“ისეთი პერსონაჟი, როგორიც ოქუაშვილია, ახერხებს, თავისი გაიტანოს. ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, მან კი შანტაჟით თუ სხვა გზით მოახერხა და ხელისუფლებას კაპიტულაცია გამოაცხადებინა. ეს რისი სიმპტომია და რატომ არის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი? ადრეც მითქვამს, რომ გარდამავალ ეტაპზე ყოველთვის მიდის ბრძოლა დომინირებისთვის, საკითხი ასე დგას: პოლიტიკა მუშაობს ფულზე თუ ფული პოლიტიკაზე. სააკაშვილმა პოლიტიკაზე ამუშავა ფული, ბიზნესი პირდაპირ ვერტიკალში ჰყავდა ჩასმული და პარსავდა, თან ისე, რომ ბიზნესი წინააღმდეგობას როგორ გაუბედავდა, დღეს კი პირიქით ხდება. მე სხვა ეპიზოდებიც ვიცი, მაგრამ რადგან ოქუაშვილის ამბავი ყველაზე ცხელია, ამ მაგალითზე ვიტყვი, რომ დღეს ინტერესთა ჯგუფს შეუძლია ხელისუფლება დააჩოქოს და ის გააკეთებინოს, რაც უნდა. ოქუაშვილი ხელისუფლებისგან დიდ დისტანციაზე იყო და როცა ის ამას ახერხებს, ჩვენ რა უნდა ვიფიქროთ სხვებზე, რომლებიც ბევრად ახლოს არიან ხელისუფლებასთან, ზოგიერთი მათგანი კი ინტეგრირებულიც კი არის სახელისუფლებო ვერტიკალში. რა უნდა ვიფიქროთ ასეთ ვითარებაზე, თუ არა ის, რომ ხელისუფლება დღეს არის ინტერესჯგუფების მძევალი. არა მგონია, ეს ბიძინა ივანიშვილს მოსწონდეს, მაგრამ მას, როგორც ჩანს, ამის შეცვლა აღარ შეუძლია. ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლებას “აბაროტი” აუღო. ხელისუფლება აკონტროლებს ქვეყანაში ვითარებას თუ ხელისუფლებას აკონტროლებენ ინტერესთა ჯგუფები და თავის ჭკუაზე ატარებენ? - ეს არის კითხვები, რომლებზეც მოუწევს ხელისუფლებას პასუხის გაცემა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ინტერესთა ჯგუფები იყოფენ ხელისუფლებას, დომინირებენ მასზე, ზოგი უფრო ახლოს არის, ზოგი შორს, მერე ერთმანეთში აწყობენ გარჩევებს, რაღაც ფონდებს აარსებენ და ა.შ. მე საკმაოდ კარგი აზრის ვარ ბახტაძეზე, გახარიასა და კიდევ რამდენიმე მინისტრზე, მიმაჩნია, რომ მათ აქვთ რაღაც კარგის გაკეთების პოტენციალი, მაგრამ ამ ვითარებაში რა უნდა გააკეთონ, როდესაც რაღაცას გეგმავს მთავრობა, მაგრამ შესაძლებელია ვიღაც გაუგებარმა პირმა შეაჩერებინოს, ან პირიქით, რაღაცის გაკეთება აიძულოს და პრემიერ-მინისტრმა ვერაფერი ქნას. ამ ვითარებაში, ფაქტობრივად, ინსტიტუციური სტაბილურობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ბიძინა ივანიშვილი ამას ან ვერ ხედავს, ან ფიქრობს, რომ ეს ნორმალურია, ჩემი აზრით კი ეს არანორმალურია”, - დაასკვნის ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “საინტერესო იყო ფარცხალაძეზე, რომელიც თქვენ მიერ ნახსენები ინტერესთა ჯგუფების სიმბოლოდ იქცა, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები. პირველი ინტერვიუსას მან იკითხა, რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძეო? მეორე ინტერვიუში მისი პოზიცია ოდნავ შეიცვალა და განაცხადა, თუ ის ვერ დაასაბუთებს საკუთარ ქონებას, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოსო”, - პასუხობს:

“ჩემი აზრით, ივანიშვილის პოზიციის ეს მცირე ცვლილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საინტერესოა, რაში დასჭირდა მას მეორე ინტერვიუს კიდევ რამდენიმე ჟურნალისტისთვის მიცემა? სწორედ იმიტომ, რომ პირველ ინტერვიუში რაღაცის თქმა ვერ მოასწრო, თან დაუშვა შეცდომები, რომელთა გამოსწორება მეორე ინტერვიუში სცადა, მათ შორის ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ღიმილის მომგვრელი იყო განცხადება, რომ თორდია-ფარცხალაძის თვეების წინ მომხდარ კონფლიქტს თურმე მსოფლიოს წამყვანი პროკურორები გამოიძიებენ. რა უცხოელი პროკურორები სჭირდება საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამოძიებას? ღვთის წყალობით, ორივე ცოცხალია და ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. ეს განცხადება იყო გამიზნული რაღაც გაუგებარი სანდოობისა და დამაჯერებლობის მისაღწევად, რაც ძალიან უხარისხოა. ივანიშვილის თქმით, თურმე თორდია მთვრალი იყო და მასაც არაფერი დაუკლია ფარცხალაძისთვის. აქ მთავარია არა ეს, არამედ ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც სწავლობდა ერთ-ერთი უწყების საქმიანობას, სადაც სწორედ ფარცხალაძის სახელი ამოტივტივდა, ამის გამო დაუწყეს საქმის გარჩევა. სწორედ ეს ვერსია მოვისმინეთ ჩვენ თორდიასგან. აი, ეს არის გამოსაძიებელი. ეს უმძიმესი ბრალდებაა, თუ მართლაც ასე იყო, გამოდის, ფარცხალაძე თავს დაესხა სახელმწიფოს ინსტიტუტის მთავარ პირს, ანუ თავს დაესხა სახელმწიფოს”.

“თუ ზაზა სარალიძის მიერ პოლიციელისთვის კეტის მოქნევა სახელმწიფოზე თავდასხმაა, უფრო მძიმე თავდასხმა მოუწყვია სახელმწიფოზე ფარცხალაძეს. მე არავის ვამართლებ, პოლიციელზე თავდასხმა დასჯადია და ეს სწორია, თუმცა ამ თემას სხვა ასპექტებიც აქვს - ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობის შემდეგ, ფაქტობრივად, პერმანენტულ აფექტის მდგომარეობაშია. აფექტი თუ არის შემამსუბუქებელი გარემოება, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, როცა სასამართლო მის დასჯაზე იმსჯელებს... რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილის ეპიზოდებს ერთადერთ რამეს ვიტყვი - აქაც ჩანს ინტერესჯგუფების დომინირება ხელისუფლებაზე. არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დავალებებს იღებდნენ არაფორმალური ჯგუფებისგან ან ხელისუფლების გადაწყვეტილებები ჩერდებოდეს არაფორმალური ცენტრებიდან. თუ ასე ხდება და ეს გაგრძელდა, გამოდის, ჩვენ სახელმწიფო არ გვქონია! ამ ინტერეს­ჯგუფებს მინდა ვუთხრა, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და რომ არ ელიან, ისე სწრაფად დასრულდება ყველაფერი. ისტორიული კანონზომიერება ამას ცხადყოფს, არავინ მემეტება იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

ივანიშვილი პირველად არჩევნების წაგების ზღვარზეა

“ზუსტად ღამის 20 საათზე, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, ეგზიტპოლებით ერთგვარი ბრძოლა გახსნილად გამოცხადდა და “ოცნებამაც” და “ნაცმოძრაობამაც” საკუთარი ეგზიტპოლების მონაცემებზე დაყრდნობით გამარჯვებაც გამოაცხადეს, თუმცა, “ნაციონალებისაგან” განსხვავებით, “ოცნებამ” ცოტა უფრო თავშეკავებული განცხადებებით, შამპანურების გახსნის გარეშე და არც მეორე ტურის ალბათობა გამორიცხეს დიდად. უკვე შუაღამისთვის კი ირაკლი კობახიძემ უღიმღამოდ აღიარა, რომ მეორე ტური გარდაუვალია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ივანიშვილი პირველად არჩევნების წაგების ზღვარზეა.

“მანამდე კი ზუსტად 20 საათზე, როგორც მოსალოდნელი იყო, “ოცნებამ” განაცხადა, რომ მათი ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს - 52.3%-ით. რადიკალურად განსხვავებულია “რუსთავი 2”-ისა და “ევროპული საქართველოს” ეგზიტპოლები. “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს თანაბარი - 40-40% აქვთ. “ევროპული საქართველოს” ეგზიტპოლით, გრიგოლ ვაშაძე 37%-ით ლიდერობს და ორივე ეგზიტპოლით მეორე ტური გარდაუვალია. სწორედ მეორე ტურის ჩატარების მოლოდინით გამარჯვებას ზეიმობს ოპოზიცია და აცხადებს, რომ ახლა მთავარია, დაიცვან ყველა ხმა, რომ ეგზიტპოლის შედეგები დაემთხვეს საბოლოო შედეგს. გარდა ამისა, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" აცხადებენ, რომ "ოცნების" ეგზიტპოლი სანდო არ არის, რადგანაც იგი ჩაატარა "ფსიქოპროექტმა", რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს და კვლევების გამოქვეყნებისას საერთაშორისო სტანდარტებსაც არ იცავდა, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ბიგვავა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. ოპოზიციისგან განსხვავებით, “ოცნება” აცხადებს, რომ ენდობიან საკუთარ ეგზიტპოლს და დაელოდებიან ცესკო-ს. ცნობისათვის, მთელი დღის განმავლობაში “ოცნებაც” და “ნაცმოძრაობაც” აცხადებდნენ, რომ, წინასწარი მონაცემებით, მათი კანდიდატი იმარჯვებდა. მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით 18 საათის შემდეგ გახშირდა, ზუსტად 20 საათზე კი პირველი მონაცემებიც - სამი სხვადასხვა ეგზიტპოლი გასაჯაროვდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსთავი 2”-ის დაკვეთით “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით: სალომე ზურაბიშვილი - 40%; გრიგოლ ვაშაძე - 40%; დავით ბაქრაძე - 10%; ზურაბ ჯაფარიძე - 3%; შალვა ნათელაშვილი - 3%; დავით უსუფაშვილი - 2%. “რუსთავი 2”-ის ცნობით, ეს შედეგები ნიშნავს, რომ მეორე ტური გარდაუვალია. როგორც “ედისონ რისერჩი” აცხადებს, ცდომილების ზღვარი 3%-ს არ აღემატება. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ კომპანიამ ჩაატარა ეგზიტპოლები 2012 და 2017 წლების არჩევნებზე “რუსთავი 2”-ის დაკვეთით და, სხვა ეგზიტპოლებთან შედარებით, ყველაზე მეტად ის დაემთხვა ცესკო-ს საბოლოო შედეგს. ასევე, ზუსტად 20 საათზე “იმედმა” პირდაპირ ეთერში ჩართო "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის დაკვეთით "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გაასაჯაროვა. შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 52.3%; გრიგოლ ვაშაძე - 28.1%; დავით ბაქრაძე - 9.2%; ზურაბ ჯაფარიძე - 3.3%; შალვა ნათელაშვილი - 3.1%. ცდომილების ფარგლები 2,6%-ია. პარალელურად გავრცელდა, “ევროპული საქართველოს” დაკვეთით, კომპანია ბი-სი-ჯის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლიც, რომლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი გადიან, ამ პარტიის კანდიდატი კი მესამე ადგილზეა. გრიგოლ ვაშაძემ მიიღო 37%, სალომე ზურაბიშვილმა - 34%, დავით ბაქრაძემ - 17 %, შალვა ნათელაშვილმა - 5%. მაქსიმალური ცდომილება 3%-ია. როგორც კი “ქართული ოცნების” ოფისიდან ირაკლი კობახიძემ პარტიის ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება გამოაცხადა, ოფისში მილოცვები დაიწყო - ოფისში მალევე მივიდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან, “ოცნების” ეგზიტპოლის შედეგებით, ის არჩევენებს პირველ ტურში იგებს, თუმცა ცესკო-ს შედეგებს დაელოდება. “ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს... მე მიყვარს სიფრთხილე, ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. თუმცა, უკვე შუაღამისთვის კობახიძემ აღიარა, რომ მეორე ტური გარდაუვალია, მაგრამ კვლავ გაიმეორა, რომ ზურაბიშვილი ლიდერობს. საგულისხმოა, რომ “ოცნებას” ეგზიტპოლით გამარჯვება შამპანურითა და ფოიერვერკით არ აღუნიშნავს, როგორც, მაგალითად, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, როდესაც პროსახელისუფლებო ტელეკომანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, დავით ნარმანია 51%-ით იგებდა და “ოცნებამ” გამარჯვება ცესკო-ს მონაცემების გასაჯაროვებამდე “იმედზე” დაყრდნობით იზეიმა დიდი ხმაურით. საბოლოოდ კი ნარმანიამ მხოლოდ 46% მოაგროვა და მეორე ტურში მოუწია ბრძოლა. მაშინ ცესკო-ს მონაცემებს “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჯი-ეფ-კას ეგზიტპოლი დაემთხვა”, - დასძენს გამოცემა.

“განცხადებებით გამოვიდნენ “ოცნების” სხვა ლიდერებიც და კობახიძისგან განსხვავებით, ზურაბიშვილის პირველ ტურში უპირობო გამარჯვებაზე არ უსაუბრიათ და თქვეს, რომ ცესკო-ს შედეგებს დაელოდებიან. მათ შორის, მეორე ტურის შესაძლებლობა არ გამორიცხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმაც. “მაინც მგონია, რომ ეს 52% კიდევ უფრო გაიზრდება. მე პირადად მგონია, რომ მოიმატებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ მეორე ტურს”,- თქვა ვოლსკიმ. მეორე ტურის ალბათობაზე ისაუბრა ზვიად ძიძიგურმაც, რომლის თქმითაც, “მეორე ტურის შემთხვევაში გამარჯვების პრობლემა არ აქვთ”. “ოცნების” ოფისის გარდა, დიდი ოვაციები და მილოცვები მოჰყვა ეგზიტპოლების შედეგის გამოცხადებას “ძალა ერთობაშიას” საარჩევნო ოფისშიც, თუმცა არა “ოცნების” მიერ ჩატარებულს, არამედ “რუსთავი 2”-ის მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლს. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მეორე ტური გარდაუვალია და ის მეორე ტურშიც მოიგებს. “სამი თვე გარწმუნებდით, მას შემდეგ, რაც მოვუსმინეთ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალური არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ ამას პირველ ტურში მოვიგებდით, მაგრამ არ არსებობდა გზა, რომლითაც ისინი ისე შეძლებდნენ გაყალბებას, რომ მათ მოეგოთ. დარწმუნებული იყავით, მეორე ტურსაც მოვიგებთ ისევე კანონმორჩილად, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით”, - თქვა ვაშაძემ. ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახლა მთავარია, ხმები დაიცვან, რადგან, მათი ცნობით, “ოცნება” გაყალბებას აპირებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“დამარცხება აღიარა “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, პარტიის ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში მათი პარტია გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. “მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ბრიუსელში "ნაცმოძრაობასთან". მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებისა ამ პარტიებს შორის, ჩვენ ვასრულებთ ამ მემორანდუმის ბოლო პუნქტს. თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა “ნაცმოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი”, - განაცხადა ბაქრაძემ. ამ განცხადებს გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძეც და ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ სხვა პარტიებიც, რომლებიც არ შედიან გაერთიანებულ ოპოზიციაში, მხარდაჭერას მას გამოუცხადებენ. ეგზიტპოლებით აღშფოთება არ დაუმალავს “ლეიბორისტების” ლიდერ შალვა ნათელაშვილს და ყველა ეგზიტპოლს “სამარცხვინოდ ფალსიფიცირებული” უწოდა. “გამოქვეყნდა სამარცხვინოდ ფალსიფიცირებული ეგზიტპოლები სამივე პოლიტიკური ძალის მიერ, რომელნიც ერთი პოლიტიკური მამის შვილები არიან, რომელთა ზნეობა არ იცვლება”, - განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე, მისი თქმით, “მათი ღმერთი არის მწვანე დოლარი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს