ხათუნა ლაგაზიძე - თუ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს დააბრალა ყველაფერი და არა საკუთარ შეცდომებს, მაშინ „ქართული ოცნება“ მეორე ტურსაც წააგებს

ამომრჩეველმა არჩევნების შედეგებით „ქართულ ოცნებას“ 6-წლიანი წარუმატებელი მმართველობა შეუფასა, ვნახოთ რას მოახერხებს ბიძინა ივანიშვილი თავისი „დაბოლილი“ მრჩევლებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებით ხელისუფლებას ამომრჩეველმა შეახსენა არასწორი ნაბიჯები, რომელიც მათ გადადგეს - ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩაჭრეს ხიდები მოსახლეობასთან, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ყველას ჩარეცხვა შეეძლო, მათ შორის ჟურნალისტების, ექსპერტების, არასამთავრობო სექტორის და პროფესიული წრეების.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა ადამიანისგან, ვინც მისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებდა, 2013 წლიდანვე მტრის ხატის შექმნა დაიწყო. მე ვიცი, რომ პრემიერებს კიდეც ეკრძალებოდათ ამ ხალხთან ურთიერთობა. გამახსენეთ თუნდაც ერთი შეხვედრა, როცა პრემიერმა გაბედა და შეხვდა ან არასამთავრობო სექტორს, ან ექსპერტებს. ეს არჩევნები არის შედეგი კატასტროფული საკადრო პოლიტიკის, რომელსაც ძალიან მარტივად ერქვა - „მხოლოდ მონები ჩემთან“. ბოლოს საერთოდ არაადეკვატურობის პიკი იყო სალომე ზურაბიშვილის დასახელება. გასული თვენახევარი ისეთი ხარაკირის რეჟიმში მიმდინარე საარჩევნო კამპანია ვიხილეთ, რასაც აქამდე პირადად მე არ შევსწრებივარ. ჯერ იყო სალომეზე არჩევანის გაკეთება, მერე ამ მთავარსარდლობაზე პრეტენზიის მქონე არსებისგან ჯართან დაპირისპირება და საკუთარი ჯარის დარტყმის ქვეშ დაყენება; მერე იყო ეკლესიასთან შებრძოლება, აბიბინებული მარიხუანის კამპანიები, ზონდერ ბრიგადები, რომლებიც ზედაპირზე ამოვიდნენ და ბოლოს ბიძინა ივანიშვილის ბოლო ორი პრესკონფერენცია. იმის ნაცვლად, რომ მას მთელი ნეგატივი ჩამოერეცხა, ფარად გადაეფარა მთელ ამ ჭაობს, სიბინძურეს და ნეგატივს, რაც ოცნებამ 6 წლის განმავლობაში დააგროვა. სრულიად ლოგიკური შედეგი მივიღეთ არჩევნებზე“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება მეორე ტური. მას აინტერესებს, აქვს თუ არა მოგების რესურსი „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან ეს პარტია „ყოველთვის იყო ხელოვნურად შეგროვებული კონგლომერატი და არა გუნდი“.

ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე იდეა არ აქვს და არც კი იციან, როგორ სახელმწიფოს აშენებენ.

„ახლა რისი იმედი აქვთ? უაღრესად მყიფეა ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, ჩვენ ალბათ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის მომსწრე გავხდებით. მე ნათლად წარმომიდგა ისევ ის სურათი, როცა 2003 წელს გარბოდნენ ვირთხებივით შევარდნაძის ნავიდან ადამიანები. დღეს მთავარი საფრთხე, რაც „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ემუქრება, არის სწორედ ეს - უშუალოდ მის ნავში მყოფი ვირთხები გუშინდელი დღიდანვე დაიწყებდნენ გაქცევის მცდელობებს. ამ მხრივ, პირველი საფრთხეა მაჟორიტარები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადავიდნენ „ქართულ ოცნებაში“ და დღის წესრიგს ქმნიდნენ „ქართულ ოცნებაში“. მე მაინტერესებს რა ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, ვინც ასე გადმოქაჩა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ისინი მის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს? ამის ილუზია კიდევ შერჩა? ურთულესი მეორე ტური გველოდება წინ. ყველა მხრიდან ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები და აქტივისტებიც კი არ უჭერენ მხარს სალომე ზურაბიშვილს და სწორედ ეს შედეგი აისახა. მათ ადმინისტრაციული რესურსის მიყვანაც ვერ შეძლეს არჩევნებზე, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების და ეს მათი დიაგნოზია. ფული ვერ იქნება ის საშუალება, რომლითაც ამ ხალხის, ძალოვანების შენარჩუნება მოხდება, თუნდაც მეორე ტურში. სამაგიეროდ არის იდეოლოგიზირებული, ღრმად იდეურაც შეკრული ამომრჩეველი „ნაციონალების“, რომლებმაც გამარჯვება უკვე იგრძნეს და მეორე ტურში ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს გამარჯვება არ დათმონ“, - აღნიშნა ლაგაზიძემ.

მისი შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაა და თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გავიდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არის მოსალოდნელი.

ასეთ შემთხვევაში კი ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ პარლამენტის შემადგენლობა ასეთი იქნება - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, შალვა ნათელაშვილი, ალეკო ელისაშვილი და შესაძლოა, დავით უსუფაშვილი. ექსპერტის თქმით, აღნიშნულ პარლამენტში შეიძლება მოხვდეს „ქართული ოცნების“ სეგმენტის ნაწილი, მაგალითად კალაძის ჯგუფი.

„ეს არის რეალური სურათი. რას მოახერხებს ბიძინა ივანიშვილი თავისი „დაბოლილი“ მრჩევლებით, პირდაპირი მნიშვნელობით, ეს ჯერ არ ვიცით. მოახერხებს, თუ არა, რომ არ დაიბოღმოს, არამედ რეალობას დაუბრუნდეს, ასევე რეალური სქემები და რესურსი დადოს საკუთარი ხელისუფლების გადასარჩენად, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს. ახლა მთავარი მტერი არის ის ბოღმა, რაც შეიძლება საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ ამოძრავებდეს. თუ ამ გზით წავიდა, ამომრჩეველს დააბრალა ყველაფერი და არა საკუთარ შეცდომებს, მაშინ „ქართული ოცნება“ მეორე ტურსაც წააგებს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მიერ ხმების 99 %-ის დათვლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38,66 %-იანი, გრიგოლ ვაშაძეს კი - 37,7 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო