ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2018

"ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველა დიდ ქალაქში წააგო

თამბაქო და ლუდი კიდევ გაძვირდება

***

"ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველა დიდ ქალაქში წააგო

“ცესკო-მ ხმების 100% დაითვალა, სალომე ზურაბიშვილს 38,6%, გრიგოლ ვაშაძეს კი 37,7% აქვს. "ოცნების" კანდიდატი "ნაცმოძრაობის" კანდიდატს მხოლოდ 0,9%-ით უსწრებს და მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა დაინიშნოს. ცესკო-ს შედეგების მიხედვით: სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) - 38,6%; გრიგოლ ვაშაძე ("ძალა ერთობაშია") - 37,7%; დავით ბაქრაძე ("ევროპული საქართველო") - 10,9%; შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") - 3,7%; ზურა ჯაფარიძე ("გირჩი") - 2,2%; დავით უსუფაშვილი ("შენების მოძრაობა") - 2,2%. ჯამში 85 საარჩევნო ოლქიდან - ზურაბიშვილმა 43 ოლქში მოიგო, ვაშაძემ - 32-ში. "ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა წააგო თბილისში, რომელიც "ნაცმოძრაობის" მიმართ ყველაზე კრიტიკულად იყო განწყობილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველა დიდ ქალაქში წააგო / "ოცნების" კანდიდატი "ნაცმოძრაობის" კანდიდატს მხოლოდ 0,9%-ით უსწრებს და მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა დაინიშნოს

„თბილისში გრიგოლ ვაშაძემ მიიღო 35%, ზურაბიშვილმა - 34%. გარდა ამისა, თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან 5-ში ვაშაძემ გაიმარჯვა, ხოლო მეორე ნახევარში - სალომე ზურაბიშვილმა. ვაშაძემ თბილისში მოიგო კრწანისის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გლდანის საარჩევნო უბნები, ზურაბიშვილმა კი - მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, ჩუღურეთი და დიდუბე. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა 14 ოლქში, სადაც 50%-ზე მეტი მიიღო. ეს ოლქებია: დედოფლისწყარო, ბოლნისი, წალკა, ყაზბეგი, ბორჯომი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, მესტია, საჩხერე და ქედა. გრიგოლ ვაშაძემ 50%-ზე მეტი ხმა მიიღო 3 ოლქში: თელავში, წალენჯიხასა და საზღვარგარეთ. სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა პარიზის საარჩევნო უბანზეც, სადაც მან მხოლოდ 27% მიიღო, ხოლო გერმანიის სამ უბანზე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, ზურაბ ჯაფარიძემაც მოუგო“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე, სადაც სამხედროები აძლევდნენ ხმას, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. როგორც მოსალოდნელი იყო, საჩხერე მოიგო "ოცნებამ", ასევე მოიგო: გურიის სამივე ოლქი, სამცხე-ჯავახეთის ყველა ოლქი, სვანეთი, რაჭა, აჭარის მთიანი ოლქები, შიდა ქართლში ორი ოლქის გარდა ყველა. თუმცა, მოლოდინის მიუხედავად, წააგო სამტრედიაში, რომელიც თბილისის მერისა და "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის მშობლიური ქალაქია. "ოცნებამ" ასევე წააგო შიდა ქართლის ყველა ოლქსა და სამეგრელოს ოლქების უმეტესობაში. წააგო ყველა დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში. იმერეთის 12 ოლქიდან 5-ში ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, 6-ში - ვაშაძემ, ასევ კახეთში, 4 ოლქში - ზურაბიშვილმა, დანარჩენ 4 ოლქში - ვაშაძემ. ხონი ერთადერთი ოლქია, სადაც "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მეორე ადგილზეა. "გირჩის" კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ 36 023 ხმა მიიღო და 18 ხმით გადაუსწრო "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატ დავით უსუფაშვილს. ზურაბ ჯაფარიძემ ყველაზე მეტი, 4 586 (7,3%) ხმა საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღო.

ცესკო-ს სტატისტიკით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით აქტივობამ 46,7%-ს შეადგინა. 3 504 082 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან თავისი არჩევანი 1 637 956-მა დააფიქსირა. ყველაზე აქტიური ქალაქებია, სადაც 60%-ზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა: ხონი, ადიგენი, ამბროლაური, ასპინძა, ქედა. ყველაზე პასიური ქალაქებია, სადაც 40%-ზე ნაკლები იყო აქტივობა: მარნეული, გარდაბანი, ყაზბეგი, წალკა, საგარეჯო“, - განაგრძობს გამოცემა.

"მეორე ტურის თარიღი დაინიშნება მას შემდეგ, რაც ცესკო საბოლოო შედეგს გამოაცხადებს. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თქვა, ცესკო-ს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოსაცხადებლად აქვს მაქსიმალური - 20-დღიანი ვადა. სწორედ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. შესაბამისად, მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. თუმცა შესაძლოა, მეორე ტური უფრო ადრეც ჩატარდეს და ეს დამოკიდებულია ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებაზე. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებზე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 364 საჩივარია შესული. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, დარღვევები იყო, თუმცა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რამდენიმე სერიოზულ პრობლემას გამოყოფდა, მათ შორის - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სახელწიფო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებასა და არაბალანსირებულ დაფინანსებას. მისი შეფასებით, ე.წ. ტექნიკური კანდიდატების გამოყენებაც დემოკრატიის დამახინჯებაა. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, ის დარღვევები და შეუსაბამობები, რომლებსაც დავაკვირდით, იმ მასშტაბის არ არის, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების შედეგებს და საქართველომ ამ არჩევნებში დემოკრატიის დონის სიმწიფე წარმოაჩინა."საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. დარღვევებზე ორგანიზაციამ 12 საჩივარი დაწერა. ითქვა, რომ ორგანიზაციამ წელს პირველად შეძლო, დაეფიქსირებინა რამდენიმე ფაქტი, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შესახებ. ჯამში, ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტები არ მომხდარა. საია-ს ანგარიშის მიხედვით, არჩევნებზე კენჭისყრის პროცესმა მთლიანობაში მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა, ნება თავისუფალ გარემოში გამოეხატა "სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა უმეტესწილად ჩაიარა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. ამის მიუხედავად, ორგანიზაციამ 61 საჩივარი შეიტანა საუბნო კომისიებში, ხოლო 62 - საოლქო საარჩევნო კომისიებში“, - წერს სტატიის ავტორი.

თამბაქო და ლუდი კიდევ გაძვირდება

"მომავალი წლიდან მომხმარებელს ალკოჰოლი და თამბაქო კიდევ უფრო გაუძვირდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს აქციზის გადასახადი მატულობს, რაც პროდუქციის ფასზეც ადეკვატურად აისახება. აქციზის ზრდის გადაწყვეტილება საქართველოსათვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა. მწარმოებლებს ხარჯი კიდევ გაეზრდებათ, რაც უარყოფით გავლენას ფასზეც მოახდენს. საქართველოს ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი, 2017 წლის მაჩვენებლით, 1,450 მლრდ ლარს შეადგენდა. წელს ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა, თუმცა მომდენვო წლისათვის ზრდა 55 მლნ ლარის ფარგლებშია და ჯამში 1,505 მლრდ ლარს შეადგენს. ბიზნესი ცალკე იმაზე წუხს, რომ რეალიზაცია შემცირდება, ხოლო სპეციალისტების შეფასებით, ფასების ზრდამ შესაძლოა, კონტრაბანდა კიდევ უფრო წაახალისოს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათურით, თამბაქო და ლუდი კიდევ გაძვირდება

"სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განცხადებით, საგადასახადო ტვირთი უთანასწოროდ ნაწილდება, რის გამოც აქციზის გადასახადის სიმძიმე მაღალ და დაბალშემოსავლიან ფენას თანაბრად შეეხო. საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც, 2025 წლისათვის თამბაქოს საცალო ფასში 70% მხოლოდ აქციზზე უნედა მოდიოდეს, ხოლო დანარჩენ 30%-ს შეადგენს როგორც ნედლეულის მასალის ღირებულება, ისე სხვა სახის გადასახადი. მდგომარეობას ამძიმებს ის ვითარებაც, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, 2030 წლამდე არ არის შესაძლებელი ახალი გადასახადი შემოღება, რასაც აქ ჩატარებულმა რეფერენდუმმა მხარი დაუჭირა. ამით საგადასახადო ტვირთის უთანასწორო გადანაწილებასთან გვაქვს საქმე. ნაცვლად იმისა, რომ საგადასახადო ტვირთი უფრო მეტად აწვებოდეს მაღალშემოსავლიანებს, ეს პრინციპი დარღვეულია. ფაქტობრივად, საგადასახადო ტვირთის გადამისამართება მოხდა. შედარებისათვის, აქციზური გადასახადი არის ამერიკაშიც, მაგრამ როგორც სიგარეტის, ასევე ალკოჰოლური სასმელის აქციზი ნაკლებია, ვიდრე საქართველოში", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" არჩვაძე და დასძენს, რომ სავსებით მოსალოდნელია, მომავალი წლიდან ლუდი და თამბაქო გაძვირდეს, რაც მომხმარებელს სერიოზულ ტვირთად დააწვება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"არჩვაძის თქმით, თავის დროზე, როცა 1 ლ ლუდზე აქციზი 40-დან 60 თეთრამდე გაიზარდა, მან ფასებზეც მტკივნეულად იმოქმედა. ახლა არ გამოვრიცხავ ახალ ტალღას ამ მიმართულებით. სავარაუდოდ, ლუდიც და თამბაქოც გაძვირდება. განსაკუთრებით ლუდის მწარმოებლებს გაუჭირდებათ, რადგან გაყიდვის კლება ამ სეგმენტში უფრო შესამჩნევია. მწეველი მოხმარებას უფრო რთულად ანებებს თავს, ვიდრე ლუდის მომხმარებელი, რადგან ალტერნატიული სასმელი ბევრია და შეიძლება, არჩევანი სხვაზე, მაგალითად, ღვინოზე გააკეთოს. თამბაქოს გაძვირების მიუხედავად, მოხმარების კლების დონე საკმაოდ დაბალია. ვფიქრობ, ამ პროცესის პარალელურად მაღალია კონტრაბანდული ნაწარმის შემოტანის ალბათობაც, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, ამიტომ ისე არ უნდა გაძვირდეს პროდუქტი, რომ ამით კონტრაბანდა წახალისდეს". სამწუხაროდ, ლუდის ბაზარი არ იქნება ერთადერთი, რომელსაც პრობლემა მთავრობის არასწორი საგადასახადო პოლიტიკის გამო შეექმნა. მის ბედს, სავარაუდოდ, თამბაქოს ბიზნესშიც გაიზიარებენ, სადაც მიმდინარე წელი რეალიზაციის კლებით დაიწყო“, - განაგრძობს გამოცემა.

"როგორც ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამბობს, თამბაქოს ნაწარმის გაძვირებამ მომხმარებელი განსაკუთრებით დააზარალა. ხელისუფლებამ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის დაწესება გაამართლა იმ ლოგიკით, რომ ეს ცვლილება მოხმარებას შეამცირებდა. ასე შეგნებულად გაკეთდა, მაგრამ, სინამდვილეში, სხვა შედეგი მივიღეთ. შემცირდა ძვირადღირებული სიგარეტის რეალიზაცია, რადგან მომხმარებელი იაფ ნაწარმზე გადავიდა, ანუ შეიცვალა სეგმენტი. არც ბიზნესი აღმოჩნდა უკეთეს სიტუაციაში, სადაც ძვირიანი ნაწარმის გაყიდვამ იკლო. საწვავის ბიზნესი ამ მხრივ უპირატეს მდგომარეობაშია, რადგან ისედაც გაბერილი ფასებია. შეიძლება, კლებაა ხისტი მოხმარების თვალსაზრისით, მაგრამ ნავთობპროდუქტების ბიზნესში არ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რა პრობლემაც, ვთქვათ, ლუდის ბაზარზეა. ყველა შემთხვევაში, მომხმარებელი ზარალდება", - აცხადებს ბაირახტარი. ბიზნესმენი თემურ ჭყონია თვლის, რომ ლუდზე აქციზის გადასახადის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილება იქნება და ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. „აქციზის ზრდა ფასზე ნეგატიურად მოქმედებს. თავის დროზე ამ გადაწყვეტილებამ ლუდის ბიზნესი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო და ახლაც არასასურველ შედეგს მოიტანს ჩემთვის, როგორც ბიზესმენისათვის, ფასზე ბევრად მტკივნეული აქციზის გაძვირების გადაწყვეტილებაა. ნებისმიერი საფასო ცვლილება მომხმარებლის ჯიბეს ურტყამს, ამიტომ რეალიზაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს“, - დასძენს გამოცემა.

"უმჯობესია, რომ შემოსავლები გაიზარდოს, რაც ზოგადად ყველა მოქალაქის სურვილია, რომ ბიუჯეტი და ქვეყანა ძლიერი იყოს. ბიუჯეტის შესავსებად აქციზის გადასახადის გაზრდა მოკლე და გაუაზრებელი გზაა. ეს სწორ შედეგს არ მოიტანს", - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან" ჭყონია. თამბაქოზე აქციზის გაზრდის შემდეგ სიგარეტის ღირებულება მოიმატებს და ეს რეალიზაციაზე აისახება – ასე აფასებენ თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები. ერთ-ერთი უმსხვილესი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ჯიჯი 2011"-ის წარმომადგენელი ილია ჟღენტი ფიქრობს, რომ აქციზის გაძვირება პროდუქტის ფასზეც შესაბამისად აისახება. ჯერჯერობით რთულია, განსაზღვრო უარყოფითი გავლენა, რაც შეიძლება აქციზის მხრივ გაძვირებას მოჰყვეს. ფასები ეტაპობრივად მატულობს, დღეისათვის ეს თამბაქოს ბიზნესისათვის მაღალი რისკი არ არის, მაგრამ რა ტენდენციაც შეიძლება განვითარდეს, მომავალი წლიდან გამოიკვეთება. რასაკვირველია, გაძვირების შემთხვევაში, ფასი კიდევ უფრო მოიმატებს და ეს პროცესი რეალიზაციაზეც უარყოფითად აისახება, გარდა ამისა, აქ გასათვალისწინებელია სიგარეტის ფასი რეგიონებში, რა მხრივაც რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, დიდი საფასო სხვაობა არარეგალური ბიზნესის საფრთხეს გამოაჩენს. ეს ტენდენცია არის და შესაძლოა, კონტრაბანდის მასშტაბი კიდევ გაიზარდოს", - აცხადებს ილია ჟღენტი“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო