ქართული პრესის მიმოხილვა 02.11.2018

შეძლებს თუ არა სააკაშვილი ჩამოსვლას ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში

3670 სოფლისთვის მთავრობამ 20 მილიონზე მეტი ვერ გაიმეტა

***

შეძლებს თუ არა სააკაშვილი ჩამოსვლას ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში

“თუ გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდება და მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, შეძლებს თუ არა ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას ისე, რომ ის არ დააპატიმრონ? სააკაშვილის შეწყალება და მის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლა წინასაარჩევნოდ სპეკულაციის ერთ-ერთი თემა გახდა. საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილს 4 სს ბრალი აქვს წარდგენილი, საიდანაც ორზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, ანუ მსჯავრდებულია, ორზე კი - ჯერ ისევ გამოძიება მიმდინარეობს. ხოლო პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდებულის შეწყალება შეუძლია და არა ბრალდებულის. ამდენად, თუკი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, პროკურატურას შეუძლია ის მაინც დააკავოს მის წინააღმდეგ აღძრული 2 სს საქმის გამო და "მიმალვის დიდი ალბათობის" მიზეზით წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეძლებს თუ არა სააკაშვილი ჩამოსვლას ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში

"იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, სააკაშვილი რომ შეიწყალონ, ის საქართველოში ჩამოსვლას მაინც არ გაბედავს, ხელახალი დაკავების შიშით. „რაკი სააკაშვილს პიროვნულად კარგად ვიცნობ, ის ვერ გაბედავს ამის გაკეთებას. ამიტომ მთელი ეს შფოთი და აყალმაყალი, რომ ვაი, ჩამოვა და ვაი, რა გვეშველება, ძალიან მშიშარა ხალხის ბოდვაა, ან იმ ადამიანების ბოდვაა, ვისაც პირადად ძალიან ეშინია საკუთარი სკამის დაკარგვის. დანარჩენ საზოგადოებას კი ნამდვილად არ უნდა ეშინოდეს," - მიიჩნევს მუხაშავრია. მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის თემა არჩევნების მეორე ტურის წინ ძალან გააქტიურდა. „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ გრიგოლ ვაშაძის მთავარი მიზანი სწორედ „ძალადობრივი რეჟიმის დროინდელი დამნაშავეების" შეწყალებაა და ამიტომაც საზოგადოებამ არჩევანის გაკეთებისას ეს უნდა გაიაზროს. საგულისხმოა, რომ თანაგუნდელების შეწყალებაზე განცხადება გრიგოლ ვაშაძემ „იმედის" ეთერში გააკეთა და სწორედ ამის შემდეგ ატყდა ეს ხმაურიც“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საზოგადოების ნაწილში შეწყალების თემის გამო გამოწვეული დიდი უკმაყოფილების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ უარყო უპირობოდ „ნაცმოძრაობის" წევრების მასობრივი შეწყალება და თქვა, რომ ჯერ კარგად შეისწავლის საქმეებს, იმას დანაშაული რამდენად დასაბუთებული იყო და ხომ არ იყო პოლიტიკური მოტივი და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტს ვინმეს შეწყალებას. ასევე მიხეილ სააკაშვილი და პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია შეეცადნენ მათ შეწყალებასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გაქარწყლებას. ახალაიამ ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერს, რომ გრიგოლ ვაშაძის შეწყალება არ სჭირდება, მას 2 წელი აქვს დარჩენილი და სადაც 7 წელი მოიხადა სასჯელი 2 წელსაც მოიხდის, ამიტომაც ის შეწყალების თხოვნით არავის მიმართავს. მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ მას შესაწყალებელი არაფერი აქვს. თუმცა კითხვა მაინც რჩება - შეწყალების შემთხვევაში რას იზამს მიხეილ სააკაშვილი - შეძლებს თუ არა ის საქართველოში ჩამოსვლას. იურისტები ამბობენ, რომ თუკი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, პროკურატურას მისი დაკავება შეეძლება და დიდი ალბათობით დააკავებს კიდეც. იურისტი ლია მუხაშავრიას თქმით, უკვე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებზე შეწყალება შესაძლებელია“, - განაგრძობს გამოცემა.

"თუმცა, მისივე თქმით, აქ ერთი სირთულეა, მაგალითად ის, რომ თუკი შეწყალების შემდეგ პროკურატურა მაინც დააპატიმრებს სააკაშვილს დანარჩენი 2 წარდგენილი ბრალის გამო, რაზეც პრეზიდენტის შეწყალება არ ვრცელდება, ეს სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ეჭვებს დასავლეთში უფრო გააძლიერებს და ხელისუფლებისთვის პრობლემა იქნება. „სააკაშვილის მიმართ 2 საქმეზე არის გამამტყუნებელი დაუსწრებელი განაჩენი, ორზე კი - არ არის. პროკურატურას შეუძლია ასეთივე წარმატებით კიდევ 20 სს საქმე აღძრას მომავალში, მაგრამ თუ პროკურატურა ჯერ დაუსრულებელი ბრალდების საქმეებზე დააპატიმრებს სააკაშვილს, ეს არის ის საკითხი, რამდენად მამაცია დღევანდელი ხელისუფლება და რამდენად ყოჩაღია მისი მთავარი პროკურორი. რა თქმა უნდა, პროკურატურა იტყვის, რომ რადგანაც სააკაშვილი ემალებოდა მართლმსაჯულებას, ამიტომ მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა აუცილებელია, რომ ისევ არ მიიმალოს, მაგრამ სამართალწარმოება და დევნის ამგვარად განხორციელება დასავლეთში ჩაითვლება სწორედ პოლიტიკური ნიშნით დევნად. ამიტომაც არის, რომ წითელი ცირკულარით აღარ ეძებენ ზურაბ ადეიშვილს, დათა ახალაიას და სხვებს, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ დამნაშავეები არიან და ციხეში უნდა ისხდნენ. ამიტომ, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს სააკაშვილს, მას მიეცემა უფლება ჩამოვიდეს, ამის შემდეგ კი კვლავ დააპატიმრებენ, ის ნამდვილად ჩაითვლება პოლიტპატიმრად და ეს სააკაშვილს, რასაკვირველია ხელს აძლევს. ამიტომ ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ მე მინდა სხვა რამ ვთქვა, არა როგორც იურისტმა, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ. სააკაშვილი, იმი გამო, რომ არანაირი არჩევითი მაღალი თანამდებობის პირი არ არის, არ მგონია, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ხოლო თუ პროკურატურას შეუძლია „მაგარია" 6 წელი რატომ მოუნდნენ ამ საქმეების შეთითხვნას და რატომ არ მიიყვანეს ყველა საქმე ბოლომდე?!" - აღნიშნავს მუხაშავრია. ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილს 2 სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. პირველი იყო იანვარში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პირების შეწყალების საქმე და სააკაშვილს 3 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. მეორე იყო იმდროინდელი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, სააკაშვილს ამ საქმეზე 6 წელი აქვს დაუსწრებლად მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია კიდევ 2 საქმეზე. ერთია 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევის საქმე და ასევეა ე.წ. პიჯაკების საქმე, სადაც გამოძიება სააკაშვილს ბიუჯეტიდან 9-მილიონამდე ლარის არასწორ ხარჯვას ედავება“, - წერს სტატიის ავტორი.

3670 სოფლისთვის მთავრობამ 20 მილიონზე მეტი ვერ გაიმეტა

„სოფლის განვითარების პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 20 მილიონი ლარი იქნება, თუმცა დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს თანხა 3600-ზე მეტი სოფლისთვის ძალიან ცოტაა და დიდი შანსია, რომ დაგეგმილ პროექტებს არც კი ეყოს. თუკი მთავრობა არამიზნობრივად დახარჯავს იმ თანხასაც რაც ბიუჯეტმა გაიმეტა, სოფლებში არაფერი შეიცვლება. სასოფლო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა სოფლების განვითარებისთვის სრულებით არ არის საკმარისი. საქართველოში 3670 სოფელია და ის თანხა, რაც ბიუჯეტმა გამოყო, ძალიან ცოტაა. გამოდის, რომ თითო სოფელს, საშუალოდ, 5500 ლარი ერგება, რაც ელემენტარული პრობლემების მოგვარებისთვისაც კი არ არის საკმარისი. გარდა ამისა, ბევრი იქნება ისეთი სოფელი, რომლებიც დაფინანსებას საერთოდ ვერ მიიღებენ, რადგან მათი პროექტი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და ამ შემთხვევაში სოფლის მცხოვრებლებს მოუწევთ კვლავ არახელსაყრელ პირობებში განაგრძონ ცხოვრება ან საერთოდ დატოვონ მამაპაპისეული საცხოვრისი“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 3670 სოფლისთვის მთავრობამ 20 მილიონზე მეტი ვერ გაიმეტა

„ექსპერტი დავით ზარდიაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ თანხა ნამდვილად მწირია იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ამჟამად ქართულ სოფლებშია, თუმცა თვითმმართველობისა და სპეცპროგრამების ერთობლივი ამუშავებით გაცილებით ადვილად მოაგვარებს ინფრასტრუქტურულ საკითხებს. „ეს არის მონაწილეობითი ხელშეწყობა, რადგან ამ თანხებით ელემენტარული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. თვითმმართველობამაც უნდა გამონახოს სოციალური კაპიტალი და ფინანსების გაერთიანებით შესაძლებელი გახდება სოფლების ფეხზე წამოყენება. საბიუჯეტო დაფინანსება მართლაც მწირია იმ მდგომარეობის გამოსაკეთებლად, რაც სოფლებშია. ყველაფერი სოციალური პირობებიდან იწყება. მხოლოდ ერთობლივი ფინანსების გამონახვის შემდეგ მოგვარდება ის პრობლემები, რაც ძალიან აწუხებს სოფლის მცხოვრებლებს", - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა სოფლის მხარდაჭერისთვის გამოყოფილ 20 მლნ ლარზე და მისი განკარგვის ზოგიერთ კრიტერიუმზე. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პროექტების რაოდენობა არ იქნება ან პროექტი არ დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, თანხა მიიმართება რეგიონული განვითარების ფონდში და მუნიციპალურ საჭიროებას მოხმარდება. „სოფლის განვითარების პროგრამაზე დადებითი და უარყოფითი შეფასებები მსმენია. იგი იყო მიმართული მცირეთანხიანი პროექტებისთვის და თვითონ მათი შერჩევის სისტემა იყო საინტერესო, რომელსაც უშუალოდ სოფლის მოსახლეობა არჩევდა სოფლის კრების გზით. სწორედ ეს არის თვითმმართველობის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როდესაც გადაწყვტეილების მიმღები პირები არიან იმ სოფლების მცხოვრებლები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, პროგრამა ნამდვილად საინტერესო და აქტუალურია დღესაც. რადგან რეგიონებში მცირე პროექტების დაფინანსების ინტერესი თითქმის არ არის. რეგიონული განვითარების ფონდიდან ჩვენ ვაფინანსებთ პროექტებს, რომლის ღირებულება 50 ათასი ლარი ან მეტია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სოფლებში არის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროება – სკვერების მოწესრიგება, უბნების კეთილმოწყობა, შეკრების ადგილების კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და ა შ. ამიტომაც ჩვენ ეს პროგრამა აღვადგინეთ, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც იყო გათვალისწინებული მანამდე“, - განაგრძობს გამოცემა.

"გარდა ამისა, პროგრამა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ მივმართეთ, რაც მის ეფექტურობას მნიშვნელოვანწილად გაზრდის. ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი ლარია. იმ შემთხვევაში, თუ პროექტების რაოდენობა არ იქნება ან პროექტი არ დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ეს თანხა უკანვე მიიმართება რეგიონული განვითარების ფონდში და ისევ მუნიციპალურ საჭიროებას მოხმარდება. პროგრამის ეფექტიანობას თვითმმართველობები გააკონტროლებენ. ჩვენ შევისწავლეთ ყველა არაეფექტურობა, რომელიც ამ პროგრამაში მანამდე იყო. დადებითი მხარე გათვალისწინებულია, ხოლო უარყოფითი და ნაკლებეფექტური მომენტები ასევე გათვალისწინებულია ამ პროგრამაში",- განაცხადა ცქიტიშვილმა. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე მთავრობის წევრთა შემართებას არ იზიარებს. მისი აზრით, თანხა ძალიან მწირია და დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას ნამდვილად არ ეყოფა. ეს თანხა უნდა განიკარგოს ეფექტურად, რთულია ასეთი მცირე თანხის მორგება იმ პრობლემებზე, რაც დღეს აქვს საქართველოში სოფლებს. ინფრასტრუქტურის განვითარებით ძალიან ბევრი საკითხის გადაჭრა შეიძლება, მაგრამ ეს არაფერს ეყოფა. მიზნობრივ განაწილებასთან ერთად, მთავარია ბიუჯეტიდან საჭირო თანხის გამოყოფა", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას კობა კობალაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო