ნინო გვენეტაძე ფიქრობს, რომ ისევ დაუბრუნდება სამოსამართლეო, ან იურიდიულ პროფესიაში სხვა სახის საქმიანობას, - ამის შესახებ უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მზია თოდუამ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან კომუნიკაცია ჰქონდა და დადასტურდა, რომ პოსტიდან წასვლის დროს ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ იყო.
კითხვაზე, იყო თუ არა ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან დაპირისპირება, მზია თოდუა პასუხობს, რომ „შესაძლოა იყო რაღაცები, მას ჩემთან ეს არ დაუკონკრეტებია" .
„რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა. დადასტურდა, ის რაზეც ვსაუბრობდი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო იმ მომენტში სახარბიელო. ამჟამად, გარკვეულ მკურნალობის კურს გადის. ფიქრობს, რომ ისევ დაუბრუნდება ან სამოსამართლეო, ან იურიდიულ პროფესიაში სხვა სახის საქმიანობას. ის არის შესანიშნავი პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ,სადაც იქნება ღირსეულად გაართმევს თავს. მე არასდროს არ მითქვამს, რომ საბჭო იყო სტრესის მიზეზი. ზოგადად, გითხარით, რომ სამოსამართლეო საქმიანობა არის სტრესის მიზეზი. ეს არის საქმიანობის ის სახე, რომელსაც თან ახლავს მძიმე ფსიქოემოციური ფონი და დატვირთვა", - განაცხადა მზია თოდუამ.