სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ - სააკაშვილის განცხადებები ქსენოფობიურია

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქსენოფობიური და ამავდროულად საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის დამაზარალებელია, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

სამოქალაქო პლატფორმა ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მეტიც, აქტიურად შეუწყონ ხელი თანასწორობაზე, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში.

„განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან და არა ბანგლადეშიდან [..]“

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ეთნიკური და სოციალური/კლასობრივი ნიშნით პირთა დისკრიმინაციის წახალისებას და აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების, როგორც ისედაც მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მარგინალიზაციას აღრმავებს. ამგვარი განცხადებები უარყოფით გავლენას ახდენს თანასწორობაზე, საზოგადოებრივ კონსოლიდაციაზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაზე და ხელს უწყობს ქსენოფობიური განწყობების გაძლიერებას და პოლიტიზირებას ჩვენს საზოგადოებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი ერთადერთი განცხადება. ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. „...ესე იგი, ეს სტატისტიკა უტყუარად აჩვენებს, რომ ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები, რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ“, - აცხადებს ის. ანტიმიგრანტული რიტორიკა, ბოლო წლებში გაძლიერებული ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგის ნაწილია და სამწუხაროა, რომ მსგავსი იდეების შემოტანა აქტიურად ჩვენს პოლიტიკურ სივრცეშიც ხდება. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ასევე დაბალი სოციალური კლასის მიგრანტების მიმართ მტრის ხატის შექმნა და სიძულვილის მობილიზება, სოციალური უსამართლობიდან კულტურულ საკითხებზე ყურადღების ხელოვნური გადატანის მცდელობაა და ზოგადად დაბალი სოციალური კლასის ადამიანების გარიყვას იწვევს.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ქსენოფობიური შინაარსის შემცველ განცხადებებს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები ელექტორალური მობილიზაციის მიზნით იყენებენ და ამ გზით ხელს უწყობენ სოციალური კონფლიქტების და საზოგადოებაში ისედაც არსებული ქსენოფობიური, რასისტული განწყობების გაძლიერებას და პოლიტიკურ სივრცეში ღია შემოტანას, რაც ცხადია, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეასთან.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა საჯარო გამოსვლებისას თუ ამომრჩევლებთან საუბრისას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურად დაუჭირონ მხარი თანასწორობის პრინციპს“, -ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), კავშირი საფარი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement),

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს