„ყველა დემოკრატიული სახელმწიფო აპროტესტებს და არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა მარეკ კუხჩინსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა და მავთულხლართები ნახა.
„ჩვენ საგანგებოდ ჩამოვედით აქ. გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა საოკუპაციო გამყოფი ხაზი. ყველა დემოკრატიული სახელმწიფო აპროტესტებს და არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მავთულხლართების, ღობეების და მსგავსი შინაარსის წარწერის მქონე ბანერების აღმართვა დაუშვებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გვინდა, რომ ქვეყანა საფრთხეებისგან დაცული იყოს,“ - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მარეკ კუხჩინსკი დღეს ასევე ლეხ კაჩინსკის მემორიალთან იმყოფებოდა, რომელიც გვირგვინით შეამკო. ასევე გმირთა მოედანზეც, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
კუხჩინსკი დელეგაციის წევრებთან ერთად საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ, ილია მეორეს შეხვდა.