რომან გოცირიძე - ივანიშვილს მოვუწოდებ, არჩევნებამდე ბირჟაზე ყოველდღიურად 5-5 მლნ დოლარი გამოიტანოს - ლარიც გამყარდება და ოდნავ წაეშველება მის გაკოტრებულ პრეზიდენტობის კანდიდატს

ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებ, არჩევნებამდე ბირჟაზე ყოველდღიურად 5-5 მილიონი დოლარი გამოიტანოს - ლარიც გამყარდება და ოდნავ წაეშველება მის გაკოტრებულ პრეზიდენტობის კანდიდატს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის თქმით, “ეროვნული ბანკი რეზერვებს კრუხივით აზის და ფულის დახარჯვა არ უნდა“.

“მთავრობა და ეროვნული ბანკი გონივრულ რჩევებს არ იღებდა, როცა მთელი ზაფხულის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ნუ მიეცემოდნენ ილუზიას და ვურჩევდით რა უნდა გაეკეთებინათ. მათ კლასიკური რჩევები არ მიიღეს. ახლა ლარის გასამყარებლად ძალიან მარტივი და არაორდინალური რჩევა უნდა მივცე - ყოველდღიურად “ბლუმბერგზე“ უცხოური ვალუტა ბანკების მიერ ძალიან მცირე რაოდენობით ივაჭრება. ნუ გგონიათ, რომ რაღაც საშინელი მოცულობებია - ეს არის დღეში დაახლოებით 5-10 მილიონი დოლარი. ამიტომ ბატონ ბიძინას მოვუწოდებ, რომ არჩევნებამდე ბირჟაზე ყოვედღიურად 5-5 მილიონი დოლარი გამოიტანოს, ეს 20 დღეში 100-მილიონი იქნება - ლარიც გამყარდება და ოდნავ წაეშველება მის გაკოტრებულ პრეზიდენტობის კანდიდატს. ამ შემთხვევაში ივანიშვილი ორმაგ სარგებელს მიიღებს - ერთის მხრივ, პოლიტიკურს და მეორეს მხრივ, გადაახურდავებს ფულს და საკუთარ მშენებლობებს მოახმარს ლარებში. ეჭვი მაქვს, ის ამას არ გააკეთებს, რადგან გაუფასურებული ლარი ძალიან აწყობს - თუკი მას 100 მილიონი დოლარით შეეძლო ზაფხულში 240-მილიონი ლარის ოდენობის სამუშაოები გაესტუმრებინა, მათ შორის ხელფასები, ახლა 100-მილიონი ლარით 275-მილიონი ლარის ხელფასს გაისტუმრებს ანუ 35 მილიონ ლარს მოიგებს. ამიტომ ცოტა დათმოს საკუთარი მოგება და შეიძლება ოდნავ პოლიტიკურად იხეიროს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს