გრიგოლ ვაშაძე - ვამაყობ იმით, რომ საბჭოთა დიპლომატი ვიყავი

ვამაყობ იმით, რომ საბჭოთა დიპლომატი ვიყავი, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვინაიდან ადამიანი, რომელიც თბილისში, 1958 წელს დაიბადა, სხვაგვარად ვერ იქნებოდა. მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ვამაყობ. მე მონაწილეობა მივიღე მოლაპარაკებებში, რომელმაც ჩვენი ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადა: ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ. მე ფანტასტიური სკოლა გავიარე. ე.წ. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის ტელეარხები ცდილობენ ჩემს ბიოგრაფიაზე თამაშს, რომ თითქოსდა მე „კგბ“-ს აგენტი ვარ. ეს არ მუშაობს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, მან ცხოვრების 5 წელი რუსეთთან ბრძოლას შეალია და რუსეთი ვენესუელასთან, სირიასთან და ნიკარაგუასთან სამარცხვინო კომპანიაში დატოვა.

ამასთან, ვაშაძემ პრეზიდენტის უფლებამოსილებებზეც ისაუბრა.

"სრული სისულელეა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკმარისი უფლებამოსილება არ აქვს. პრეზიდენტი მთავარსარდალია, საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენელია. მას ვეტოს უფლება აქვს, პრემიერ-მინისტრის დამტკიცების უფლებამოსილება აქვს, შეწყალების უფლება აქვს და სხვა კიდევ ბევრი რამე. ვერავინ ვერ შემაკავებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისგან. როდესაც ჩემს 50 ან 100 ათასს თანამოქალაქეს მოვუწოდებ გარეთ გამოსვლისკენ და ისინი ჩემს პროტესტს შემოუერთდებიან, ვინ შესძლებს ამის შეკავებას? უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს", - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს