პროფესიული განათლების მიღება უახლესი ტექნოლოგიებით იქნება შესაძლებელი

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ტექნიკური გადამზადების ცენტრის ახალი შენობა გახსნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიულ ტექნიკურ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოდან“ აცნობეს.

გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (აშშ) ვიცე-პრეზიდენტი ლონა სტოლი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლუტერი.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის, განცხადებით, პროექტში 5,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 2,3 მლნ აშშ დოლარი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ გაიღო.

,,ტექნიკური გადამზადების ცენტრი საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებაში არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს წარმატებულმა კერძო-საჯარო პარტნიორობამ“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროექტებში. მინისტრმა პროფესიული ცენტრების როლის ზრდა საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.

,,ეს ცენტრი, რომელიც სტუდენტებს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ განათლებასაც აძლევს, განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების საუკეთესო ნიმუშია “, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა ტექნიკური გადამზადების ცენტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერეს.

დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ, პროფესიული უნარები უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში განივითარონ და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ. ახალ შენობაში სწავლების პროცესი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის (GTTC) შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება-განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას.

პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო