განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ირანის მოქალაქეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა.პ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 იანვარს, ქ.თბილისში ყოფნისას ა.პ. დაუკავშირდა და შეხვდა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს ა.ფ.-ს, რომელსაც უთხრა, რომ საქართველოში მყოფი ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ა. სოციალური ქსელების მეშვეობით მის მიმართ ღირსების შემლახავ ინფორმაციას ავრცელებდა და ა.ფ.-ს მკვლელის პოვნა შეუკვეთა, რომელიც გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ ვ.ა.-ს მოკლავდა.

2018 წლის 27 იანვარიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ა.ფ. და ა.პ. რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და მკვლელობის დეტალებზე და ცხედრის გადამალვის გეგმაზე შეთანხმდნენ. ა.პ. ა.ფ. - ს დაპირდა, რომ ვ.ა.-ს მკვლელს 5000 აშშ დოლარს გადაუხდიდა და იარაღის შესაძენად 500 აშშ დოლარს მისცემდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს 2018 წლის 4 თბერვალს ა.პ.-მ მკვლელობის დეტალები დააზუსტა და ა.ფ.-ს დაავალა, რომ დამაჯერებლობის განსამტკიცებლად გვამისთვის სურათის გადაღება და მისთვის ჩვენება იყო საჭირო, ხოლო უსაფრთხოების მიზნით ვ.ა.-ს გვამზე დიდი ლოდები უნდა დაეკიდათ და წყალში ჩაეგდოთ. 2018 წლის 7 თებერვალს კი ა.პ.-მ მკვლელობის იარაღის შესაძენად ა.ფ.-ს 1200 ლარი გადასცა.

სამართალდამცველებმა ა.პ. 2018 წლის 9 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს