თავდაცვის სამინისტრო თუშეთში უსახელო მწვერვალისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი უსახელო მწვერვალი, რომელიც კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს სამხრეთით 3,5 კმ-ში მდებარეობს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომლებმა სამეცნიერო-სასწავლო ხასიათის ლაშქრობის დროს აღმოაჩინეს.

„აღნიშნული მწვერვალი (სიმაღლე ზღვის დონიდან 3276,1 მ.) დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს და მდინარეების ალაზნის, იორის, ასევე ფშავის არაგვის წყალგამყოფს წარმოადგენს. მწვერვალის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდილოეთ განედის 42023’23’’ და აღმოსავლეთ გრძედის 45013’22’’.

ლაშქრობის შემდეგ, უსახელო მწვერვალისთვის ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების თხოვნით თავდაცვის სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტს მიმართა. საკითხს ადგილობრივებისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ახმეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი ოფიციალურად მიენიჭა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს წამებით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი, ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.

2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა