ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორ განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორ განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტი, რომლის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე შეჩერებულია უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეების უფლება შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელეებს წარმოადგენენ წარმოშობით ქართველი, ამჟამად კი, საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებიც საკუთრებაში ვერ იფორმებენ, ერთ შემთხვევაში, თვითონ მოსარჩელის მიერ აშენებულ სახლს და თანმდევ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, ხოლო მეორე შემთხვევაში, მოსარჩელის მშობლების მიერ მემკვიდრეობით მიღებულ შესაბამის ქონებას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას, კონსტიტუციის ჯერ არ ამოქმედებული, ახალი რედაქციით გათვალისწინებული, სავარაუდო, ჰიპოთეტური სამართლებრივი რეგულაცია შემოაქვს მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის საწინააღდეგოდ, რითიც წინააღდეგობაში მოდის კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ანალოგიური შინაარსის მქონე შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით უზრუნველყოფილ საკუთრების საყოველთაო უფლებასთან წინააღმდეგობის გამო. (2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე - „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ერთი მხრივ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, მეორე მხრივ კი, წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების დაძლევის მცდელობას.

ამიტომ, სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე, დაჩქარებული წესით და გამარტივებული სამართალწარმოებით, ძალადაკარგულად სცნოს სადავო ნორმა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, განმწესრიგებელი განხილვის ფარგლებში მიღებული განჩინებით.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა