ქეთევან ციხელაშვილი - გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობა გაზის საფასურის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს

გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ოჯახის გათბობის ხარჯები 200 ლარით დაფინანსდება. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სოფლებიდან თითოეულ სტუდენტს უმაღლესი განათლების საფასურიც დაუფინანსდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლითაც მთავრობა მავთულხლართების პოლიტიკას უპირისპირდება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხი მეტი განვითარება და პროგრესია.

„დღეს მთავრობის სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც 5 ნოემბერს გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების კომისიის გადაწყვეტილებას ასახავს. მთავრობის განკარგულებით გადაწყდა, რომ წელს გამოზამთრებაში დავეხმარებით გამყოფ ხაზებთან მდებარე ყველა სოფლის მცხოვრებს. თითოეული ოჯახი გაზის საფასურის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. გათბობის ვაუჩერს აგრეთვე მიიღებს ის რამდენიმე ოჯახიც, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ განხორციელებულა.

„ზოგადად, გამყოფი ხაზების გასწვრივ სოფლებში არსებული საჭიროებების საპასუხოდ, ამ წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. ყველა სოფლის გაზიფიკაცია დასრულდა. საუბარია 62-ზე მეტ სოფელზე. ანუ, 14 ათასამდე აბონენტს სახლში ბუნებრივი აირი აქვს. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. უკვე რამდენიმე წელია ისინი გაზის საფასურის ვაუჩერს იღებენ და გამონაკლისი არც ეს ზამთარი იქნება, რადგან მათ სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდებათ.

„გარდა ამისა, ყველა სტუდენტს, რომელიც გამყოფი ხაზების მახლობლად ცხოვრობს, სახელმწიფო უმაღლეს განათლებას დაუფინანსებს. ეს წლების განმავლობაში ხორციელდება და სასიხარულოა, რომ ბოლო ოთხი წელიწადში სტუდენტთა რაოდენობა 433-დან 1200-მდე გაიზარდა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებში წყლით მომარაგების საკითხიც ნაწილობრივ გადაჭრილია - 33 სოფელში სასმელი წყლის პრობლემა სრულად მოგვარდა. 26 სოფელში პრობლემა ჯერ ისევ დგას, თუმცა აქედან 17-ში წლის ბოლომდე გადაიჭრება.

„ესაა ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე. ძალიან მალე წარმოდგენილი იქნება გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლების განვითარების სტრატეგია, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს ჰქონდეთ ალტერნატიული შემოსავლის წყაროები, რადგან მავთულხლართების პირობებში ბევრ მათგანს საკუთარ მიწაზე წვდომა შეზღუდული აქვს.

„ზოგადად, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობის ბედიც, რომელიც დღეს მავთულხლართების მიღმა, იზოლაციაში ცხოვრობს. ახალი სამშვიდობო ინიციატივებით, მათ შორის ვაჭრობისა და განათლების ახალი შესაძლებლობებით, მომავალში მათ დახმარებასაც აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს