„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „თბილისის ბაროკო ფესტივალისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია 6 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი, ფესტივალის დირექტორი კონსტანტინე კასრაძე და გ.ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე გაუძღვებიან.

სამინისტროს ცნობით, რიგით მეოთხე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, კონცერტებთან ერთად, დაგეგმილია სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლექციები.

„2018 წელს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ საიუბილეო 10 წლისთავს აღნიშნავს. ფესტივალი 9 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, სწორედ „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება; პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი „სინფონიეტა 10“ (რეჟისორი - ნინო ახვლედიანი), ხოლო მეორე განყოფილებაში “ძველებური ცეკვები” შესრულდება და მსმენელი ბაროკოს ეპოქის სამეფო კარის მეჯლისზე იმოგზაურებს.

ფესტივალის ფარგლებში, 16 ნოემბერს, გერმანული მუსიკის კონცერტი გაიმართება; 19 ნოემბერს კი, გერმანელი დირიჟორი და მევიოლინე ქრისტოფ მაიერი იტალიური და ინგლისური ბაროკოს მუსიკით წარდგება მსმენელის წინაშე; 20 ნოემბერს, 19:00-ზე, „სინფონიეტა სთეიჯიზე“ შედგება თეა მუქერიას საჯარო ლექცია „მოცარტის რეკვიემის საიდუმლოება“ (დასწრება თავისუფალია); 22 ნოემბერს, ფესტივალი იტალიურ ანსამბლ ZEFIRO-ს (“ძეფირო“) უმასპინძლებს (დამფუძნებელი და I ჰობოი ალფრედო ბერნარდინი). აღსანიშნავია, რომ 19 და 22 ნოემბერს 19:00-ზე, კონცერტების დაწყებამდე, დავით გიგინეიშვილი თეატრის ჰოლში თემატურ ლექცია-შესავალსაც გამართავს;

25 ნოემბერს, ვ.ა.მოცარტის „რეკვიემი“ ავთენტური საკრავებითა და უძველესი ინსტრუმენტით - პოზიტივ ორგანით აჟღერდება. ასრულებენ: თბილისის გუნდი „ბაროკო“, „საქართველოს სინფონიეტა“ და მათთან ერთად ორკესტრის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლ ZEFIRO-ს მუსიკოსები, სოლისტები - მარიამ კუბლაშვილი(სოპრანო), ნუცა ზაქაიძე(მეცო სოპრანო), გიორგი დავითაძე(ტენორი), გივი გიგინეიშვილი(ბანი).

პირველად საქართველოში, 1, 2 და 3 დეკემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ დახურვაზე, „საქართველოს სინფონიეტა“ და გ. ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“(სამხატვრო ხელმძღვანელი მ. ალექსიძე) სამეფო უბნის თეატრში წარმოგიდგენთ ქორეოგრაფიულ დადგმას „ფოლია“. ეს, ის უნიკალური შემთხვევა იქნება, როცა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდება ადრეული მუსიკის ავთენტური შესრულებისა და ბალეტის თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზი.

ფესტივალში აგრეთვე მონაწილეობენ: მიხეილ აბრამიშვილი(კონტრტენორი), ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი / პოზიტივ ორგანი), ალექსანდრე ვასაძე (კლავესინი / პოზიტივ ორგანი), ეტიენ გალეტიე(თეორბო / ბაროკოს გიტარა, საფრანგეთი), ფრანჩესკო ოლივერო (თეორბო / ბაროკოს გიტარა, იტალია), გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი), კახი ჩარგეიშვილი(სალამური), მერაბ სანოძე(დასარტყამი ინსტრუმენტები),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2015 წელს, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა - „საქართველოს სინფონიეტამ“ დააარსა. ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მისი სტუმრები სხვადასხვა დროს ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლებიიყვნენ, ისეთები, როგორებიც არიან: იორდი სავალი, სერჯიო აზოლინი, ქრისტინე ბუში, ჟან რონდო, დავიდე ამადიო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ და სხვ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა