გია ხუხაშვილი - ეკა ბესელიას, როგორც „ძველების“ წარმომადგენლის  სპიკერატში გადანაცვლება შეიძლება საპარლამენტო ძალთა ბალანსში კორექტირების შესატანად ხდებოდეს

ვფიქრობ, ბესელია სპიკერატში შედის, როგორც „ძველების“ წარმომადგენელი ანუ, საპარლამენტო ძალთა ბალანსში კორექტირების შესატანად, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის შესაძლო დატოვებისა და პარლამენტის სპიკერატში გადანაცვლების შესახებ „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციას.

ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ე.წ. ძველი გვარდია ხშირ შემთხევაში უკმაყოფილო იყო იმ სისტემით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ატარებდა და შესაბამისად, საჭირო გახდა სპიკერატში ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლის შესვლა.

„ვფიქრობ, აქ საუბარია უფრო სპიკერატის გაძლიერებაზე. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალა, ამას არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში ძალთა თანაფარდობა შეიცვალოს და ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც მთლიანად ჰქონდათ საპარლამენტო ძალაუფლება ხელში მოგდებული და აბსოლუტურად დაუმსახურებლად, ეს ძალთა თანაფარდობა შეიცვალოს. სხვა საკითხია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სახელმწიფოებრივად. არ მგონია, მნიშვნელოვანი იყოს, უბრალოდ, გარკვეულწილად, პარლამენტის უმრავლესობაში ძალთა ბალანსის შეცვლაზეა საუბარი. ე.წ. ძველები უკმაყოფილოები იყვნენ კობახიძის მიერ დამკვიდრებული აბსოლუტურად გაუგებარი სისტემით და ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფილადაც კი გრძნობდნენ თავს. ამიტომ, ვფიქრობ, ბესელია სპიკერატში შედის, როგორც ძველების წარმომადგენელი ანუ, საპარლამენტო ძალთა ბალანსში კორექტირების შესატანად. რამდენად სისტემური იქნება ეს ყველაფერი, ამას მომავალი აჩვენებს. ბოლო მოვლენების ფონზე გამოჩნდა, რომ ის ახალგაზრდების ჯგუფი აბსოლუტურად უსუსურად გამოიყურება, ისინი იმდენს იღებდნენ თავის თავზე, რისი მეათედი კომპეტენციაც და დამსახურებაც არ ჰქონდათ. ეს იწვევდა სერიოზულ უკმაყოფილებას ე.წ. ძველ გვარდიაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ასეთი შეთავაზება ეკა ბესელიამ გუნდისგან უკვე მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პარლამენტის ხელმძღვანელობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელიას შეცვლის საჭიროებას ხედავენ. არაოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის ლიდერშიპში დაისვა საკითხი, რომ კომიტეტის საქმიანობას სხვამ უხელმძღვანელოს და ამ თანამდებობაზე ეკა ბესელია შეიცვალოს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის სანაცვლოდ, ბესელიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის შეთავაზება მიიღო (უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის ერთი ადგილი პარლამენტში ვაკანტურია), რათა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობრივი დაქვეითების სახე არ მიეცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა