ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ბესელიას ავანსცენიდან ცოტა ხნით მოშორება უფრო სიკეთის მომტანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“

ბესელიაზე საკმაოდ მძაფრი შეტევა იყო როგორც საზოგადოების, ისე ოპოზიციის მხრიდან, ამიტომ როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ მისი ავანსცენიდან ცოტა ხნით მოშორება უფრო სიკეთის მომტანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის შესაძლო დატოვებისა და პარლამენტის სპიკერატში გადანაცვლების შესახებ „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციას.

ძაბირაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოსავლის ძიებას იწყებს და რაღაც გადაადგილებებს აკეთებს. მისი შეფასებით, ეკა ბესელიამ პარლამენტი რომც დატოვოს, ეს დადებით შედეგს „ქართულ ოცნებას“ ვერ მოუტანს.

„ქართული ოცნება“ ამ მეორე ტურის წინ გამოსავლის ძიებას იწყებს და რაღაც გადაადგილებებს აკეთებს. ბესელიაზე საკმაოდ მძაფრი შეტევა იყო როგორც საზოგადოების, ისე ოპოზიციის მხრიდან, ამიტომ როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ მისი ავანსცენიდან ცოტა ხნით მოშორება უფრო სიკეთის მომტანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“. რეალურად, მე არამგონია, რომ ამ გადაადგილებამ რაიმე შეცვალოს. მესმის, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითად კომიტეტია, მაგრამ მთელი ის პრობლემები, რაც საქართველოს პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს, ასეთი გადაადგილებით ვერ მოგვარდება. არამგონია, რომ პიარის თვალსაზრისით ამან რაიმე სიკეთე მოუტანოს „ქართულ ოცნებას“. პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე რომელიმე პერსონის გადაადგილება ერთი თანამდებობიდან მეორეზე.

როდესაც ამგვარი გადაადგილება ახლა ხდება, ეს ყველას მიერ აღქმული იქნება, როგორც საარჩევნო პროცესთან მიბმული. ეკა ბესელიამ პარლამენტი საერთოდ რომც დატოვოს, ეს დადებით შედეგს „ქართულ ოცნებას“ კი არა, ოპოზიციას მოუტანს,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ასეთი შეთავაზება ეკა ბესელიამ გუნდისგან უკვე მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პარლამენტის ხელმძღვანელობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელიას შეცვლის საჭიროებას ხედავენ. არაოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის ლიდერშიპში დაისვა საკითხი, რომ კომიტეტის საქმიანობას სხვამ უხელმძღვანელოს და ამ თანამდებობაზე ეკა ბესელია შეიცვალოს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის სანაცვლოდ, ბესელიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის შეთავაზება მიიღო (უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის ერთი ადგილი პარლამენტში ვაკანტურია), რათა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობრივი დაქვეითების სახე არ მიეცეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა