“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას პოლიტიკური სისტემის გასაჯანსაღებლად 11 რეკომენდაციით მიმართავს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ხელისუფლებას პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების მიზნით, 11 რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც რეკომენდაციებშია ნათქვამი, ძალაუფლების უკიდურესი კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში, ასევე, არაფორმალური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა, ძირს უთხრის ხელისუფლების დანაწილებისა და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმების გამართულ მუშაობას.

ორგანიზაციის მოსაზრებით, ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში იმ პრობლემების იგნორირებამ, რომელზეც არასამთავრობო სექტორი მუდმივად წერდა, შექმნა მდგომარეობა, როდესაც საფრთხე ექმნება სახელმწიფოში კანონის უზენაესობას და საკვანძო ინსტიტუტების ფუნქციონირებას კონსტიტუციისა და საჯარო ინტერესების შესაბამისად.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეკომენდაციებშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, შეიქმნას მმართველობის დაბალანსებული სისტემა, გაძლიერდეს პარლამენტის როლი და საზედამხედველო ფუნქცია და პრაქტიკაში განხორციელდეს ეფექტიანი კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

მათივე შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აღნიშნული პრობლემების არსებობა ირიბად აღიარეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, დემოკრატიული მმართველობის დაბალანსებული სისტემის პროცესში ოპოზიციის და კრიტიკული აზრის მატარებელი ჯგუფების მონაწილეობის უზრუნველყოფა და შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა.

“მაგალითად, ზოგიერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციის ოპოზიციისთვის დათმობა, საპარლამენტო ზედამხედველობაში ოპოზიციის როლის გაზრდა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში”,- ნათქვამია რეკომენდაციებში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საქართველოს პრემიერ- მინისტრთან უნდა შეიქმნას რეფორმების დაგეგმვისა და კოორდინაციის ჯგუფი.

„ჯგუფის მთავარი მიზანი საქართველოში რეფორმების მიმართულებით არსებული ექსპერტიზის მოზიდვა, შექმნილი სიტუაციის ანალიზი, რეფორმების პრიორიტეტების განსაზღვრა, რეფორმების განხორციელების დაგეგმვა და კოორდინირება იქნება”,- აღნიშნულია რეკომენდაციებში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ხელისუფლებას სულ 11 რეკომენდაციას სთავაზობს, რომელთა შორის არის საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის ცვლილება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარება, სასამართლო სისტემის რეალური რეფორმა, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმა და მათი დეპოლიტიზაცია, ასევე გახმაურებული საქმეების დროული და ეფექტიანი გამოძიება, ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რეფორმის გატარება, საჯარო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი რეფორმა, თავისუფალი მედია გარემოს განვითარება, განათლების პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდა, ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოსა და სოციალური დაცვის ეფექტური სისტემის შექმნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო