„საერთაშორისო გამჭვირვალობა“- სუს-ს კორუფციული დანაშაულის გამოძიების უფლება უნდა გამოეყოს, ფარულ მოსმენებზე კი, დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა შეიქმნას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს უნდა გამოეყოს გამოძიების და განსაკუთრებით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება. აღნიშნული რეკომენდაციით, ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურზე სრულფასოვანი ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს, რაშიც გადამწყვეტი როლი საქართველოს პარლამენტმა უნდა შეასრულოს.

„მნიშვნელოვანია, ფარული მოსმენების სისტემის რეფორმირება და რეალურად, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნა, რომელიც ტექნიკურად განახორციელებს ფარულ თვალთვალს და მიყურადებას.

უნდა ჩატარდეს პროკურატურის რეალური რეფორმა, შეიცვალოს მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი და მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, დაიწყოს საგამოძიებო სისტემის რეფორმა”, - ნათქვამია რეკომენდაციებში.

არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს თავად სამართალდამცავი ინსტიტუტების თანამშრომელთა ანგარიშვალდებულება, რაც, სხვა ზომებთან ერთად, მათ მიერ ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევების ქმედით გამოძიებას გულისხმობს. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც რეალურად გამიჯნული იქნება პროკურატურისგან და შეძლებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავ სისტემებში არსებულ აშკარა ხარვეზებზე მიუთითებს ის პროცესები, რომლებიც თან ახლდა რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოძიებას

„მათ შორის აღსანიშნავია ხორავას ქუჩის, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმის, ე.წ. “ომეგას” საქმიდან გამოკვეთილი სავარაუდო კორუფციული დანაშაულის, პირადი ჩანაწერების შეგროვების და გავრცელების, და სხვა საქმეები. მნიშვნელოვანია ყველა ამ შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება. მნიშვნელოვანია, ხორავას ქუჩის საქმის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გაზიარება, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობას ეხება.

საქართველოს ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტის სრულფასოვანი გამოძიებით და დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემით დამტკიცდება, რომ საგამოძიებო ორგანოები არ ერიდებიან გავლენიანი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას”, - ნათქვამია რეკომენდაციებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პოლიტიკური სისტემის გასაჯანსაღებლად ხელისუფლებას 11 რეკომენდაციით მიმართა, რომელთა შორის არის საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის ცვლილება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარება, სასამართლო სისტემის რეალური რეფორმა, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმა და მათი დეპოლიტიზაცია, ასევე გახმაურებული საქმეების დროული და ეფექტიანი გამოძიება, ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რეფორმის გატარება,საჯარო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი რეფორმა, თავისუფალი მედია გარემოს განვითარება, განათლების პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდა, ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოსა და სოციალური დაცვის ეფექტური სისტემის შექმნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა