პროკურორი - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ჩვენება მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მცდელობაა

ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ჩვენება აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას. აქ იყო მცდელობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის, - აღნიშნულის შესახებ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საქმეში არსებული მტკიცებულებების საპირისპირო ჩვენება მისცა.

„მან უარყო როგორც ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენა, ასევე ის ეპიზოდიც, რომელიც უკავშირდება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას. საქმის მასალები კი, რადიკალურად სხვაზე მეტყველებს.

არაერთი მოწმის ჩვენებით, მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა ჩაიდინა 2018 წლის 22 თებერვალს, გამთენიისას, ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობა. ეს დასტურდება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე სასამართლო სამედიცინო კრიმინალისტური ექსპერტიზის დასკვნით. უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 14 სასიკვდილო ჭრილობა, რომელიც ანა ნაცვლიშვილს აღენიშნებოდა ყელის არეში, მიყენებული იქნა იმ დანით, რომელიც გამოძიებამ ამოიღო ბრალდებულის მამის ავტომანქანიდან", - აცხადებს ბიბილაშვილი.

მისი განმარტებითვე, ბრალდებულმა გამოძიებას საწყის ეტაპზე დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეეცადა ის მკვლელობის ჩადენის შემდეგ ნივთმტკიცებების განადგურებას.

„მან გამოძიების ეტაპზე გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ ჩადენილი მკვლელობის გარემოებების შესახებ დეტალურად. მან მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ შეეცადა დანაშაულის შემდეგ დაეფარა კვალი, როგორ გარეცხა ტანსაცმელი, როგორ გადამალა დანა და ა.შ. თუმცა, დღეს განაცხადა, რომ ეს მას შემდეგ თქვა, რაც პოლიციის თანამშრომელმა განახორციელა ზეწოლა. თუმცა, რომელმა, ამის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია ვერ მიაწოდა", - აღნიშნავს პროკურორი.

მისთვის დაცვის მხარის მიერ დღეს წარმოდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა სარწმუნო არ არის.

„დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა ძალიან შორს არის რეალობისგან. არავითარი დასაბუთება იმ დასკვნას, რაც დღეს დაცვის მხარემ წარმოადგინა, არ გააჩნია. შესაბამისი კვლევები როგორც ჩანს, არ ჩაუტარებიათ, ეს მხოლოდ მათი მოსაზრებაა, რომ რიგი ჭრილობები, რომელიც დაზარალებულს ყელის არეში ჰქონდა, შეიძლებოდა არ განხორციელებულიყო იმ დანით, რომელიც გამოძიებამ ამოიღო. ჩვენს კითხვაზე, თუ რა კვლევებით მივიდნენ ექსპერტები ამ დასკვნამდე, საფუძვლიანი პასუხი არ გააჩნდათ", - აცხადებს ბიბილაშვილი.

დღეს დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. შემდეგ პროცესზე, მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგენიან.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა