მეცნიერებათა აკადემიაში ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრები, ჯგუფის ხელმძღვანელი და მწვრთნელები დააჯილდოეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დღეს ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრები,ჯგუფის ხელმძღვანელი და მწვრთნელები დააჯილდოეს.

ღონისძიება „მსოფლიო მეცნიერების დღესთან“ (10 ნოემბერს აღინიშნება) დაკავშირებით გაიმართა. ცნობილ და ღვაწლმოსილ მეცნიერებთან ერთად, სპეციალური სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა და მათმა პედაგოგებმაც მიიღეს. კერძოდ, აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, ასევე, მეცნიერებათა აკადემიისა და კომპანია “ლემონდის” წარმომადგენლებმა აღნიშნულ პირებს საჩუქრები სექტემბერში, ინფორმატიკაში იაპონიის მსოფლიო ოლიმპიადაზე, წარმატებით ასპარეზობისთვის გადასცეს. ითქვა, რომ აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების ორმა წევრმა ოქროს მედლები დაიმსახურეს. ახალგაზრდებს გიორგი კვესიტაძემ „ვეფხისტყაოსნისა“ და „ფიროსმანის“ უნიკალური გამოცემები გადასცა, კომპანია „ლემონდუმ“ – ყურსასმენები, მათ პედაგოგებს კი ფულადი პრიზები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაკრების ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი მანდარიამ განუცხადა, ეს გამარჯვება ნაკრების მწვრთნელების: ზაზა გამეზარდაშვილისა და ვახტანგ ჩეკიშვილის, ასევე წევრების დიდი ხნის შრომის შედეგია. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ამ შრომის აღიარება კი მათთვის დიდი პატივი და სტიმულის მომცემია.

„ინფორმატიკაში იაპონიის მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა. ნაკრების წევრები იყვნენ: გიორგი კლდიაშვილი, ნიკოლოზ ბირკაძე, ალექსანდრე ხორხიაშვილი და ვანო გამეზარდაშვილი. ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა და ამ შედეგით ჩვენი მოსწავლეები მსოფლიოს უძლიერეს, 340 მოსწავლეს შორის თექვსმეტ ყველაზე ძლიერთა შორის მოხვდნენ, ნიკოლოზ ბირკაძე კი მსოფლიოს ოთხ უძლიერეს შორის – ორ ჩინელ და ერთ ამერიკელ მოსწავლესთან ერთად. საერთო ჯამში, საქართველოს გუნდი ამ მაჩვენებლებით მსოფლიოს 87 მონაწილე ქვეყნიდან 8 უძლიერესი ქვეყნის გუნდს შორის აღმოჩნდა. წელს ეს უკვე გუნდის მეორე წარმატებაა. საინფორმაციო–ტექნოლოგიური სფერო დღეს მსოფლიოში წამყვანი მიმართულებაა და ნებისმიერი ქვეყნისთვის თანამედროვე საზოგადაოებაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო განვითარებული იყოს. ჩვენ სწორედ ამას ვემსახურებით“, – განაცხადა პროფესორმა გიორგი მანდარიამ.

კომპანია „ლემონდუს“ წარმომადგენელმა ნათია გადელიამ ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ორი ოქროს მედლის მოპოვება მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ახალგაზრდები მომავალშიც წარმატებული იქნებიან, რაშიც სურს მათ კომპანიას მცირე წვლილი შეიტანოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს