გიორგი ვაშაძე - გაერთიანებულ ოპოზიციაში ვინც წინა ფლანგზე არიან, წარსულზე ვერც ერთ მათგანს ვერ მოედავებით

გაერთიანებულ ოპოზიციაში ვინც წინა ფლანგზე არიან, წარსულზე ვერც ერთ მათგანს ვერ მოედავებით, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “7VS1” გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს გაერთიანებას სრულიად ახალი თაობა წარმოადგენს და ამ საკითხზე აპელირება პოლიტიკური სპეკულაციაა.

„გაერთიანებულ ოპოზიციაში ვინც წინა ფლანგზე არიან, წარსულზე ვერც ერთ მათგანს ვერ მოედავებით. ვერც ნიკა მელიას, ვერც ზალიკო უდუმაშვილს, ვერც მამუკა გამყრელიძეს, ვერც მე და ა.შ. კიდევ ერთი რამ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში - პოლიტიკური სპეკულაცია. „ქართული ოცნება“ სპეკულირებს რაღაც ძველი ფაქტებით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შეკითხვაზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან, მისი აზრით არიან თუ არა დამნაშავეები, ვაშაძე პასუხობს, რომ „ბევრი საკითხი მიდის სტრასბურგში, ბევრ საკითხზე, მაგალითად, ვანო მერაბიშვილზე, საერთაშორისო სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება არ ასრულებს“. „ამ ყველაფერს დრო გასცემს პასუხს. ჩვენს გუნდში არის სრულიად ახალი თაობა, რომელთაც ვერ მოედავებით ვერაფერში. ვინც არიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, რა პრეტენზიები გაქვთ მათთან?!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.