კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, პარასპორტი და პარაოლიმპიური მოძრაობა კიდევ უფრო განვითარდეს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისში, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით იმართება. აღნიშნული გათამაშება საქართველოს პარასპორტის ისტორიაში უმაღლესი რანგის შეჯიბრია და ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის პირველ სარეიტინგო ტურნირს წარმოადგენს.

კახა კალაძემ გათამაშების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა. “პარასპორტი პირადად ჩემთვის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ ყველას განსხვავებული უნარები გვაქვს. წარმატება იმით იზომება, რამდენად სრულყოფილად იყენებს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს და არა იმით, თუ რა პოტენციალი გააჩნია მას. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი წარმატებული პარასპორტსმენი გვყავს, რომლებიც წლებია, სხვადასხვა სახეობაში ასპარეზობენ. სახელმწიფოს მხრიდან პარასპორტის განვითარებაზე ზრუნვისა და ხელშეწყობის ერთ-ერთი მაგალითი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 2013 წლიდან ამოქმედდა. ეს არის სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში” - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარასპორტის განვითარებას თბილისის მერია ყოველთვის შეუწყობს ხელს და მომავალში, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროექტებსაც განახორციელებს.

“ჩვენი მიზანია, პარასპორტი და პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს და პარასპორტსმენების მონაწილებით, მრავალი წარმატების მოწმენი გავხდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ რეალიზებული და საკუთარი სათქმელი, ღირებულებები, იდეები თავიანთი საქმიანობით ფართო საზოგადოებამდე მიიტანონ, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პირადად მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც ყოფილი სპორტსმენი, მზად ვარ, პარასპორტსმენებს და ზოგადად, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, ყოველთვის გვერდით დავუდგე. ჩვენი ეს პრიორიტეტი მალე დედაქალაქსაც დაეტყობა”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ტურნირის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, ბიზნესსექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირზე პარაფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი იასპარეზებს. მსოფლიო თასის გათამაშება 11 ნოემბერს, პარასპორტსმენების დაჯილდოებით დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო