რამაზ საყვარელიძე - საპრეზიდენტო არჩევნები გვეგონა და ქვეყნის მომავლის არჩევნებად გადაიქცა, “ნაციონალებს” ეს უნდოდათ და მოახერხეს კიდეც, რასაც ვერ დაუკარგავ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ ფაქტია, რომ პირველი ტურის შემდეგ ქვეყანაში პრაქტიკულად ახალი პოლიტიკური რეალობაც კი ჩამოყალიბდა თავისი თავისებურებებით. როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობას და თქვენი დაკვირვებით როგორი თავისებურებებით ხასიათდება იგი?

- ძირითადი თავისებურება, მე მგონი, ისაა, რომ ეს არჩევნები სხვა რამ გვეგონა და სხვა რამ აღმოჩნდა.

საპრეზიდენტო არჩევნები გვეგონა და ქვეყნის მომავლის არჩევნად გადაიქცა. “ნაციონალებს” ეს უნდოდათ და მოახერხეს კიდეც, ვერ დაუკარგავ.

- ფაქტია, „ოცნება“ არ ელოდა, რომ „ნაციონალებს“ იმაზე მეტი ამომრჩეველი აღმოაჩნდებოდა, ვიდრე ხელისუფლებას ეგონა. „ნაციონალების“ მხარდამჭერების რაოდენობის ზრდის მიზეზად ზოგი იმას მიიჩნევს, რომ „დაჩაგრულებს მჩაგვრელები მოენატრათ.“

მეორენი ამტკიცებენ, რომ „ხალხი უმადურია და ვერ დააფასა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მონიჭებული თავისუფლება“. მესამენი კი თვლიან, რომ „ოცნებამ“ ხალხს „ნაციონალებისგან“ განსხვავებული, ალტერნატიული ქვეყნის განვითარების სწრაფი განვითარების გზა ვერ შესთავაზა.

როგორც ჩანს, ყველა ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს იმის მთავარი მიზეზი, რომ ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი „ნაციონალებისკენ“ შებრუნდა?

- არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, ყველა მოსაზრებას აქვს, მაგრამ ისინი იმდენია, ყველას ვერ შევაფასებ, მხოლოდ რამდენიმეს შევეხები. აი, ვამბობთ - გაიზარდა “ნაციონალების” მხარდაჭერა და მერე მიზეზებს ვეძებთ.

თუ მოსახლეობის 50% არ მივიდა არჩევნებზე და თუ დავუშვებთ (დავუშვებთ... რადგან სხვა პარტიებმაც აიღეს ხმები), რომ მისული 50% შუაზე გაიყვეს ზურაბიშვილმა და ვაშაძემ, გამოდის, რომ თითოეულს, მათ შორის, ვაშაძეს მხარი დაუჭირა მთელი მოსახლეობის (და არა არჩევნებზე მისულის) 25%-მა.

ეს ის პროცენტია, რომლის გარშემო ტრიალებდა “ნაციონალების” რეიტინგი სოციოლოგიურ გამოკვლევებში, სადაც მთელი მოსახლეობის გამოკითხვა ხდება. ამ ანგარიშით “ნაციონალებს” მხარდამჭერები არ მომატებია, მაგრამ “ოცნებას” დააკლდა. ეს შედეგი სავსებით ჯდება იმედგაცრუების ვერსიაში, მაგრამ “ნაციონალების” მიმართ ხალხის შემობრუნების ვერსია, მე მგონია, რომ გადაჭარბებულია. მათკენ, ძირითადად, ისაა შებრუნებული, ვინც ადრე იყო.

არჩევნების შედეგის მიზეზი კი ისაა, რომ ბევრი დარჩა სახლში, რაც “ნაციონალების” საარჩევნო კამპანიამ შესანიშნავად მოახერხა. ეს მოხერხდა იმ აზრის პედალირებით, რომ „არც ერთი ვარგა, არც - მეორე“

არჩევნების შედეგის მიზეზი კი ისაა, რომ ბევრი დარჩა სახლში, რაც “ნაციონალების” საარჩევნო კამპანიამ შესანიშნავად მოახერხა. ეს მოხერხდა იმ აზრის პედალირებით, რომ „არც ერთი ვარგა, არც - მეორე“.

“ნაციონალებმა” შექმნეს „არჩევნებზე არმისვლის მოდა“ ვიდეოებით, მოლაპარაკე თავებით, პოლიტიკური კეკლუცობის მოყვარული ხალხით და თავად “ოცნების” ისეთი ნაბიჯებით, რომელიც წყალს ასხამდა “ნაციონალების წისქვილზე. ერთ-ერთი მაგალითია წინასაარჩევნოდ მარიხუანას შეთავაზება ხალხისთვის.

ამ მოდამ “ოცნების” ამომრჩეველი გაიტყუა საარჩევნო უბნებიდან, სადაც “ნაცმოძრაობა” გამოცხადდა მობილიზებული. ამ და სხვა ამგვარი ხერხებით შეიარაღებული “ნაცმოძრაობა” იბრძოდა გამარჯვებისთვის, ხოლო მისი მოწინააღმდეგე მხოლოდ ოცნებობდა გამარჯვებაზე. შედეგიც შესაბამისი დაიდო.

- სხვათა შორის, ხელისუფლებას არ სურს იმაზე საუბარი, თუ რატომ შეძლეს „ნაციონალებმა“ ელექტორატის შენარჩუნება. თქვენი აზრით, რატომ შეძლეს?

„ნაციონალების“ 600 ათასი და „ევროპული საქართველოს“ 150 ათასამდე ამომრჩევლის მარტო „სისხლისმსმელების მხარდაჭერებად“ გამოცხადება, პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც მინიმუმ, არც დამაჯერებლად და არც მთლად გონივრულად გამოიყურება...

- თავს უფლებას მივცემ, რომ დავაკონკრეტო თქვენი კითხვის ერთი დეტალი. გეთანხმებით, რომ “ოცნების” პიარში 9 წლის სისხლისღვრამ ახლა წამყვანი ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს მხოლოდ პიარად უნდა შეფასდეს? იმ პერიოდში სისხლი არ დაღვრილა, ოჯახები არ დარბეულა, ციხეები ხალხით არ გაიტენა, ბიზნესი არ დაყაჩაღდა თუ კომპრომატების ბანკი არ იქმნებოდა? ეს მხოლოდ პიარია და რეალურად არაფერი მომხდარა?

მაშინ რატომ საყვედურობენ ოცნების ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხეო? შეიძლება შემეკამათოთ, რომ ეს წარსული იყო და ჩვენ მომავლისკენ უნდა გავიხედოთ.

„ოცნების“ მხრიდან სისხლიან 9 წელზე ლაპარაკი, მარტო პიარი არაა, - მომავლის გააზრებაცაა, რადგან “ნაციონალები” წარსულის თემა აღარაა, ის მომავლის თემად გადაიქცა ამ არჩევნების შედეგად. ამიტომაც, მეორე ტური ჩვენი მომავლის არჩევის ტურია

კი ბატონო, გავიხედოთ, მაგრამ მომავალშიც იგივე ხალხი აპირებს მოსვლას, ხალხი, რომელსაც არც ერთ დანაშაულზე მონანიება არ დასცდენია, მხოლოდ სააკაშვილმა გაგვიზიარა, სახლების წართმევას გადავეჩვიეო. რადგან არაფერი მოინანიეს, ესე იგი “ნაციონალების” ყველა განშტოება მომავალშიც ისევე აპირებს მოიქცეს, როგორც ადრე.

„ოცნების“ მხრიდან სისხლიან 9 წელზე ლაპარაკი, მარტო პიარი არაა, ის მომავლის გააზრებაცაა, რადგან “ნაციონალები” წარსულის თემა აღარაა, ის მომავლის თემად გადაიქცა ამ არჩევნების შედეგად. ამიტომაც, მეორე ტური ჩვენი მომავლის არჩევის ტურია.

- ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ პირველი ტურის შედეგებმა ხელისუფლება „გამოაფხიზლა“. იგულისხმება „ნაციონალების“ წინააღმდეგ „ოცნების“ მიერ ორგანიზებული აქციები. „რუსთავი-2“-ის გარდა პრაქტიკულად ყველა არხზე „ოცნების“ ლიდერთა მხრიდან იმაზეა საუბარი, რომ „ნაციონალები“ დამნაშავე პოლიტიკური ძალაა და ქართულ პოლიტიკაში მათი დაბრუნება ქვეყნისთვის საშიშია. ასევე ის, რომ 11 ოქტომბრიდან „ოცნების“ მხარდამჭერები საქართველოს მასშტაბით აქციებს დაიწყებენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების მიერ არჩეულ სტრატეგიას, სახელისუფლებო პარტიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადებულ სრულ მობილიზაციას?

- მობილიზაცია რომ არის, გეთანხმებით, მაგრამ სტრატეგიას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, შეიძლება დაფარულია და იმიტომ. რაც ჩანს, ეს უფრო საზოგადოების იმ ნაწილის ღია აქტიობაა, რომლისთვისაც „ნაციონალური“ მომავალი მიუღებელია და იბრძოლებს უკეთესი მომავლისთვის. დღეს ისაა გადამწყვეტი - ვინ რა მომავალისთვის საბრძოლველად არის მზად. ეს სახალხო სტრატეგიაა, მას პარტიული ქვეტექსტი არა აქვს, რადგან მეეჭვება „ოცნებისთვის“ გამარჯვება ძალზე სასიხარულო იყოს.

დღეს ისაა გადამწყვეტი - ვინ რა მომავლისთვის საბრძოლველად არის მზად. ეს სახალხო სტრატეგიაა, მას პარტიული ქვეტექსტი არა აქვს, რადგან მეეჭვება „ოცნებისთვის“ გამარჯვება ძალზე სასიხარულო იყოს

„ოცნებამ,“ წესით, უნდა იცოდეს, რომ ხალხი, რომელიც მეორე ტურში გაიმარჯვებს, თავის ძალაში დაჯერებული შემდეგ „ოცნებას“ მოსთხოვს პასუხს იმაზე, თუ რატომ მიიყვანა საქმე აქამდე. იმედგაცრუებული ხალხი იმაზეც იზრუნებს, რომ აღარ ჰქონდეს ასეთ მძიმე არჩევანი და შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალები, თუნდაც ისევ ივანიშვილის თაოსნობით.

ამგვარი ალტერნატივის გაჩენა „ოცნების“ განებივრებული ნაწილისთვის შოკის მომგვრელი იქნება. ამდენად, მეორე ტურში გამარჯვება „ოცნების“ გამარჯვებას არ გულისხმობს, პირიქით, მას მძიმე დღეები დაუდგება.

- „ოცნება“ მოსახლეობას „ნაციონალების“ დაბრუნებით აშინებს. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რამდენად შინდება ამომრჩეველი „ნაციონალების“ სავარაუდო დაბრუნებით? ანუ, სავარაუდოდ, რა რეაქცია აქვს ამომრჩეველს „ნაციონალების“ წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ დაწყებულ კამპანიაზე?

- დამშინებელი თავად „ნაციონალები“ იყვნენ 2012 წელს, მაგრამ ხალხი, როგორც ვნახეთ, არ დაშინდა.

სავარაუდოა, რომ დაშინება ვერც ახლა იმუშავებს. შედეგი ექნება არა დაშინებას, არამედ იმას, თუ რეალურად რაა საშიში

ამიტომ, სავარაუდოა, რომ დაშინება ვერც ახლა იმუშავებს. შედეგი ექნება არა დაშინებას, არამედ იმას, თუ რეალურად რაა საშიში.

- „ოცნების“ მიერ მარიხუანის წარმოებაზე პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევას ამომრჩეველი მიესალმა. სხვათა შორის, ამ თემის აქტუალიზაციამ „ოცნებას“ საკმაოზე ბევრად მეტი ამომრჩეველი დააკარგვინა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვანი მეორე ტურის წინაც აგვიანებს იმ თემებზე სამართლებრივ რეაგირებას, რომლებზეც საზოგადოებაში მსჯელობა და მითქმა-მოთქმა არ ცხრება?

იგულისხმება ხორავას საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე, სუბელიან-ოქუაშვილის აუდიო-ვიდეოჩანაწერები, ასევე ფარცხალაძესთან დაკავშირებული ისტორია. ფაქტია, რომ მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას ცემაზე წლინახევრის შემდეგ ფარცხალაძის დაკითხვა და 5 ათას ლარიანი გირაოთი გათავისულლება სამართლებრივი და პოლიტიკური თავლსაზრისით გაუგებარი აღმოჩნდა...

- მე საერთოდ ვერ ვხედავ ლოგიკას მარიხუანას თემის ფორსირებაში და იმ თემებზე სიზანტეში, რაც ყურადღების ცენტრშია. მით უფრო გაუგებარია ეს შებრუნებული რეაქცია წინასაარჩევნოდ.

პარტია რომ თავის ავტორიტეტს სწირავს ცალკეულ პიროვნებას, ეს გაუგებარია. ამის მიზეზის მოძებნა მე მიჭირს

არჩევნები ბრძოლაა და მაგალითად ეს პიროვნება, - ფარცხალაძე, პარტიის ავტორიტეტს რომ გადაფარებოდა თუნდაც ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებით, - გაიხსენეთ, რამდენი მინისტრი გადამდგარა პარტიის ავტორიტეტის გადასარჩენად, - პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკით გასაგები იქნებოდა.

პარტია რომ თავის ავტორიტეტს სწირავს ცალკეულ პიროვნებას, ეს გაუგებარია. ამის მიზეზის მოძებნა მე მიჭირს.

- „ოცნებას“ მხარდაჭერა აღუთქვეს ისეთმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, რომლებიც მმართველმა პარტიამ 6 წლის მანძილზე პრაქტიკულად მოიშორა. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რამდენად წაადგება „ოცნებას“ მეორე ტურში „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლების მხარდაჭერა?

- მეეჭვება, რომ “ძველი გვარდია“ იმაზე ფიქრობდეს, თუ რამდენად წაადგება „ოცნებას“ მათი მხარდაჭერა.

მეეჭვება, რომ “ძველი გვარდია“ იმაზე ფიქრობდეს, თუ რამდენად წაადგება „ოცნებას“ მათი მხარდაჭერა

„ძველი გვარდია“ მხარს უჭერს არა „ოცნებას,“ როგორც პარტიას, არამედ საკუთარ „ოცნებას“ შეძლებისდაგვარად ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებაზე. ამ „ოცნებისთვის“ ძალისხმევა პარტიისთვის ძალისხმევას არ ნიშნავს.

- როგორ შეაფასებდით, მეორე ტურის წინ „ნაციონალები“ - „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სტრატეგიას? მხედველობაში მაქვს არა მარტო „ნაციონალებთან“ დიდი შერიგებები, ის პროცესები, რომლითაც ისინი ცდილობენ მხარდამჭერი ელექტორატის გაზრდას, არამედ ის სლოგანები, რომლითაც ისინი საჯარო სივრცეში აპელირებენ...

- „ძალა ერთობაშია“ საინტერესო სახელია. საინტერესოა ის, თუ რაზეა აქცენტი ამ სახელში - „ძალაზე“ თუ „ერთობაზე“. თუ აგრესიის იმ სტილს გავითვალისწინებთ, რომელიც მათ გამოავლინეს, სავარაუდოა, რომ აქცენტს ძალაზე აკეთებენ და ერთობა მხოლოდ მათ მხარდამჭერებს ეხება.

დღეს პირველ ტურში არჩევნებისგან დისტანცირებული 50%-ის ხმა არის გადამწყვეტი

მხარდამჭერების შენარჩუნებისთვის ეს სტილი მომგებიანია, მაგრამ იმათი მიზიდვისთვის, ვინც დისტანცირებული იყო „ნაციონალებისგან,“ ეს სტილი არ გამოდგება.

არადა, დღეს პირველ ტურში არჩევნებისგან დისტანცირებული 50%-ის ხმა არის გადამწყვეტი. მათი აგრესიული სტილი (სლოგანები პოლიტიკურ სტილისგან განსხვავდება) მგონია, რომ ელექტორატს დაუფრთხობს ამ ჯგუფს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობა“ ახალ საარჩევნო სტრატეგიას ვერ იგონებს, მომაბეზრებლად ისევ ერთსა და იგივეს იმეორებს და პიარტექლოგიის თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაში „ოცნება“ გაცილებით უფრო მოქნილი აღმოჩნდა. არადა, კარგად ჩანს, რომ „ოცნება“ ისევ „სისხლიან 9 წელზე“ საუბრობს, ხოლო „ნაციონალები“ ყურადღებას ხელისუფლების უუნარობაზე ამახვილებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ტურის შედეგები ბევრად იქნება დამოკიდებული მეორე ტურამდე ოპონენტებს შორის საინფორმაციო ომზე, ამ ეტაპზე რომლის საარჩევნო ტაქტიკა გამო უფრო შედეგის მომტანად?

- მე მეეჭვება, რომ დარჩენილ დროში მხარეებმა გამოიმუშავონ ახალი სტრატეგია და მით უფრო, - განახორციელონ იგი.

რაც შეეხება თქვენს მიერ მონიშნულ სტრატეგიებს, როგორც აჩვენა არჩევნებმა, მათ თანაბარი ძალა აქვთ. აქ სხვა ფაქტორი დაიწყებს მოქმედებას.

- მეორე ტურის შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობაზე საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ახლა ის უნიკალური სიტუაციაა, როცა ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივები მთლიანად მოქალაქეებზეა დამოკიდებული“.

თქვენი დაკვირვებით, ახლა მართლაც უნიკალურ სიტუაციაში იმყოფება საქართველო და ახლა სწორედ მოქალაქეებზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა?

- ვეთანხმები ბატონ სანდროს, რომ ამ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ შედეგმა საზოგადოების რეაქცია გამოიწვია, პოლიტიკური პარტიების სტრატეგიები მეორე პლანზე გადადის.

ამ ეტაპზე მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ შედეგმა საზოგადოების რეაქცია გამოიწვია, პოლიტიკური პარტიების სტრატეგიები მეორე პლანზე გადადის

შედეგის განმაპირობებელი იქნება არა ის, თუ როგორ ზრუნავს ქვეყანაზე ესა თუ ის პარტია, არამედ ის, თუ როგორ ზრუნავს ქვეყნის ბედზე ამ ქვეყნის ყოველი ცალკეული მოქალაქე.

- დღეს ბევრს საუბრობენ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ვინ უფროა კრემლის კანდიდატი. მოგეხსენებათ, ამ თემაზე აბსოლუტურად დიამეტრალური განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის. თქვენი აზრით, საპრეზიდენტო კანდიდატთაგან კრემლისთვის რომელი უფრო მისაღები შეიძლება იყოს?

- ამ კითხვაზე პასუხისთვის საყურადღებო იყო ილარიონოვის მოსაზრებები, რომელიც კრემლს ყველგან უპირისპირდება. მეც დავინტერესდი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, აზრი ვერ გამოვიტანე...

გაუგებარია, რატომ აშფოთებს კრემლს ვაშაძის შესაძლო გამარჯვება, რა სირთულეებია კრემლისთვის ვაშაძის კანდიდატურაში.

მეორე მხრივ, საერთოდ ბუნდოვანი იყო ზურაბიშვილის კანდიდატურის შეფასებები. ყოველივე ამის გამო, ხსენებულმა მოსაზრებებმა მიშას მომხრე რუსული ოპოზიციის „შემოდგებული“ ინტერვიუს შთაბეჭდილება დატოვა.

თუ საპრეზიდენტო კანდიდატებზე გაურკვეველი წარმოშობის რუსულ რეაქციებს არ გამოვედევნებით და ვეცდებით ფაქტების ლოგიკით ვიხელმძღვანელოთ, დასკვნა მარტივად გაკეთდება.

თუ საპრეზიდენტო კანდიდატებზე გაურკვეველი წარმოშობის რუსულ რეაქციებს არ გამოვედევნებით და ვეცდებით ფაქტების ლოგიკით ვიხელმძღვანელოთ, დასკვნა მარტივად გაკეთდება

ერთ მხარეს არის რუსულ დიპლომატიურ (და სხვა პროფილის) წრეებში ჩამოყალიბებული ფიგურა, ხოლო მეორე მხარეს - ფრანგულ დიპლომატიურ და სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში ნამუშევარი ფიგურა.

თუ კრემლისთვის უფრო მისაღებია საფრანგეთში ნამუშევარი ზურაბიშვილი (როგორ ამას გვარწმუნებენ), ის ზურაბიშვილი, რომელმაც ლავროვს მოუგო დიპლომატიური ორთაბრძოლა, მაშინ კრემლი გამხდარა იმის მომხრე, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას და დაშორდეს რუსეთს.

ხოლო, თუ ეს ისევ ის კრემლია, რომელსაც ვიცნობთ, მაშინ, მე მგონი, ცხადია ვისზე დადებს კრემლი ფსონს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებიდან - თუ საერთოდ გადაწყვეტს ფსონის დადებას.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო