ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანის ეზოში  ბალახის ჰიდროდარგვის პროცესი  სრულდება

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მტვრის სანაყარო ორგანული გეოტექსტილით უკვე დაიფარა და ბალახის ჰიდროთესვის პროცესიც დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ „ ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეს, ფაქტობრივად, სამუშაოების ბოლო ეტაპია, რამაც მთავარი მიზანი უნდა შეასრულოს - შეამციროს გარემოზე საწარმონარჩენების ზემოქმედება.

აირგამწმენდი სისტემების და ფილტრების მუშაობის შედეგად საწარმოში წლების განმავლობაში დაგროვებული მტვერი, ქარხნის ტერიტორიაზეა დასაწყობებული. კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სწორედ მტვრის გარემოში შემდგომი გავრცელების შესაძლებლობის აღკვეთა გახდა. ამ მიზნით, ჩატარდა წინასწარი კვლევები, მომზადდა პროექტი და 2018 წლის სექტემბერში შესაბამისი სამუშაოები დაიწყო.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, პრობლემის მოგვარებაზე კომპანიის მიერ მოწვეული პოლონელი სპეციალისტები მუშაობენ.

„განვიხილავდით, თუ რა მეთოდი უნდა აგვერჩია მტვრის გროვის ლოკალიზებისთვის. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, ამ საკითხის მოგვარება პოლონური კომპანია „აგრომაქს დეკორისთვის“ მიგვენდო, რომელმაც სანაყარო სპეციალური, ორგანული გეოტექსტილით დაფარა და ჰიდროთესვის მეთოდით მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები უზრუნველყო. მათ ასევე დაამონტაჟეს სარწყავი სისტემა, რაც მწვანე საფარისათვის აუცილებელ ტენიანობას უზრუნველყოფს. მტვრის ფენის მწვანე საფარით დაფარვა, არსებულ პრობლემას აღმოფხვრის“, - აცხადებს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც ისაა, დარჩება თუ არა მტვრის გავრცელების საფრთხე და შეძლებს თუ არა მტვერი გარშემო არსებული ნიადაგის ან თავად ბალახის საფარის დაზიანებას.

„აგრომაქს დეკორის“ დამფუძნებელი, ვოიტეკ გრაბჩევსკი, რომელიც პირადად იმყოფებოდა ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე და უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამუშაო პროცესს, მტვრის უარყოფით ზემოქმედებას გამორიცხავს და განმარტავს, რომ მტვრის ფენის მიწითა და ბალახით დაფარვა, გარემოსგან მის შეხებას შეზღუდავს და ერთმანეთისაგან მათ იზოლირებას უზრუნველყოფს.

„მწვანე საფარის მოწყობა, გარემოში მტვრის გავრცელებისგან თავის დასაცავად ძალიან კარგი მეთოდია. ეს ტექნოლოგია გამოიყენება მსგავსი რთული ლოკაციებისთვის, სადაც ნაყოფიერი მიწის ფენა არ არის საკმარისი და ციცაბო ფერდობებია. კიდევ ერთი პრობლემა ეროზია იყო, რომელიც ჰიდროთესვის მეშვეობით გადაწყდება“, - აცხადებს გრაბჩევსკი.

ტერიტორიის შემდგომი გამწვანებისათვის, ნარგავებიც სპეციალურად არის შერჩეული. „აგრომაქს დეკორის“ დამფუძნებლის თქმით, საუბარია ძლიერ, სწრაფად მზარდ და დაბალ მცენარეებზე, რომლებიც არ საჭიროებენ დიდ ორგანულ ფენას და ბიომასის მნიშვნელოვან მოცულობას აწარმოებენ. ამგვარად, ისინი ნარჩენების გადამუშავებაზეც ზრუნავენ.შესაბამისად, ზესტაფონისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემის მოგვარება დაიწყო. სამუშაოები კი თითქმის დასრულებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა