საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი საუდ ალ-მუაჯიბი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიებას უშლის ხელს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად არის ახლა ხაშოგის ცხედარი.
„გენერალური პროკურორი იმისთვის ჩამოვიდა, რომ გამოძიებას შეუშალოს ხელი. რატომ იძახებს ის ჩვენს გენერალურ პროკურორს ერ-რიადში? დანაშაული მოხდა აქ და სწორედ აქ უნდა წარიმართოს გამოძიება. შეუძლებელია არსებობდეს რაიმე სხვა განმარტება: რისთვის ჩამოვიდა ხაშოგის მკვლელობის დღეს საუდის არაბეთიდან ეს 15 ადამიანი? ჩვენ ჯერ არ ვიცით, სად არის ახლა ხაშოგის ცხედარი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებული 18 პირიდან სულ მცირე ერთმა ზუსტად იცის, ვინ არის მკვლელი და სად არის მოკლულის ცხედარი. ჩვენ გადავეცით ყველა ჩანაწერი საუდელებს, გერმანელებს, ამერიკელებს, ინგლისელებს. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ დაკავებულებისგან სიმართლე უნდა გაიგოს“, - განაცხადა ერდოღანმა.
საუდელი The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.
25 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა საუდ ალ-მუაჯიბმა აღიარა, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარ განზრახული იყო. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია საუდის არაბეთის 18 მოქალაქე.