კენეტ იალოვიცი - ოპოზიციური მედიის კრიტიკა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების "ფაშისტებად" მოხსენიება შესაძლოა ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე იყოს

ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კენეტ იალოვიცმა განაცხადა. იალოვიცი, ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ მანდატით აკვირდებოდა და გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა მოქალაქეობრივი ვალი სრული სერიოზულობითა და კანდიდატებისა თუ საარჩევნო პროცედურების ცოდნით გაეკეთებინა. არჩევნების შედეგები კი ყველაზე სანდო და ძირითადი გამოკითხვების შედეგებს/პროგნოზებს დაემთხვა.

მისივე განცხადებით, მიღებული შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის მოსახლეობის მიერ გაგზავნილი სერიოზული შეტყობინება იყო.​​ „არჩევნების წინ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა და სანდო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ მოქალაქეები აპათიურად არიან განწყობილნი და არ არიან კმაყოფილნი ქვეყნის მიმართულებით. ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა 15 ნიშნულით იმაზე ნაკლები აიღო, ვიდრე ისინი ელოდნენ, ხაზს უსვამს მათ გზავნილს მთავრობის მიმართ, თან ეს ყველაფერი მოხდა იმ დიდი ფინანსური უპირატესობისა და დახმარების მიუხედავად, რასაც მას პარტია უწევდა", - განაცხადა იალოვიცმა.

ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისწინა კამპანიის „ყველაზე უარყოფითი ფაქტორი იყო უპრეცედენტო, აგრესიული და პერსონიფიცირებული თავდასხმები ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიერ ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე”.

კენეტ იალოვიცის აზრით, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პარტიის ხელში და სასამართლო არ არის სრულად დამოუკიდებელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და თავისუფალი მედია არის ერთადერთი გარანტი და პრევენცია ფართო საზოგადოებისთვის, რომ არ მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს მთავრობის ლიდერებმა დაამკვიდრონ შესაბამისი და პატივისცემის გამომხატველი ტონი იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დემოკრატიის დაცვაში. იალოვიცი განმარტავს, რომ ოპოზიციური მედიის კრიტიკა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების "ფაშისტებად" მოხსენიება შესაძლოა საფრთხე იყოს ქართული დემოკრატიისთვის.

ყოფილი ელჩი საქართველოს სხვა გამოწვევებზეც საუბრობს. “არსებობს შეკითხვები სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ, მედიის დამოუკიდებლობისა და ფინანსური კეთილდღეობის მიმართ საფრთხეების შესახებ, მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჭვირვალობისა და ძალაუფლების კონცენტრაციის შესახებ”, - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში. თუმცა, განმარტავს, რომ მთლიანობაში ეს არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯი იყო. “ნაბიჯი წინ და ასევე შეხსენება იმისა, რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც უნდა დავძლიოთ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის გზაზე”, - აღნიშნავს კენეტ იალოვიცი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს