ტიმო სიონინი - საქართველომ რეფორმების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოსა და ფინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიმო სიონინმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ტიმო სიონინმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და აღნიშნა, რომ ეს პროცესი საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისთვის მნიშვნელოვანია.

„საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა რეფორმების გზაზე, ქვეყნის შიგნით რეფორმების განხორციელების კუთხით და მოხარული ვარ, რომ საქართველო წინ მიიწევს ამ პროცესში, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოს სამომავლო მისწრაფებებისთვის ევროკავშირში“, - განაცხადა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ფინეთის ორმხრივ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა ფინეთის მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოში დემოკრატიის და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა ფინეთის ჩართულობით საქართველოში განხორციელებულ Twinning პროექტებზე, მათ შორის ერთ-ერთი მიზნად ისახავს საქართველოს საბაჟო სისტემის დახვეწას, ევროკავშირის საბაჟო სისტემასთან დაახლოებასა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ფინელი ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებულ მზარდ ინტერესს და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მისივე შეფასებით, ევრკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კარგ შესაძლებლობებს იძლევა საქართველოში მეტი ევროპული ინვესტიციის კონცენტრაციისთვის.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, დადებითად შეფასდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტი ჰელსინკში, რა დროსაც დელეგაცია გაეცნო ფინეთის განათლების სისტემის გამოცდილებას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოში ფინური სკოლის გახსნის ინიციატივას, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

მინისტრები მიესალმნენ ევროპის საბჭოში ფინეთის მომავალ თავმჯდომარეობას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ფინეთის მნიშვნელოვან დახმარებას. განსაკუთრებით აღინიშნა ფინეთის მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის, მინისტრები მიესალმნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტში 2018 წელს საქართველოს შესახებ რეზოლუციის ფინეთის მხრიდან თანასპონსორობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს ვიზიტისთვის, თავის მხრივ, ფინურმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფინური დროშის ისტორიული მონუმენტის შექმნაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფინელი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია და ამ მხრივ ყურადღება გაამხვილა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნება.

დავით ზალკალიანი ჰელსინკს, სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში 11-12 ნოემბერს სტუმრობდა. ფინელ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში, ფინეთმა დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიმდინარე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი სოფელ ატოცში და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა