დავით ზალკალიანმა ნორვეგიაში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში  ნორვეგიის საელჩოს გახსნის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობაზე, მიესალმა ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სკანდინავიურ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. დავით ზალკალიანმა ოსლოში მცხოვრებ ქართველებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგით გათვალისწინებულ გეგმებზე, უკვე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და მიღწევებზე.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო დიასპორასთან დაკავშირებული ცალკეული ინიციატივები და კიდევ ერთხელ დაუდასტურა რომ დიასპორასთან ურთიერთობა და მათი ქვეყნის განვითარებაში ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით ერთიანი პორტალის იდეას, რომლის პრეზენტაციაც სამინისტროში ახლო მომავალში გაიმართება, როგორც მინისტრმა აღნიშნა ეს პლატფორმა საშუალებას მისცემს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ საქართველოს სახელმწიფოსთან, ასევე ერთმანეთთან და მათთვის ხელმისაწვდომი გახდება როგორც ინფორმაცია, ასევე უშუალოდ ბევრი სახელმწიფო სერვისი და მთავრობის ცალკეული პროგრამები. დიასპორის წარმომადგენლები მიესალმნენ აღნიშნულ ინიციატივას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიასპორის უმნიშვნელოვანეს როლს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციის საქმეში, როგორც დიასპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ნორვეგიელი ტურისტები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საქართველოთი, რაც აისახა ნორვეგიულ პრესაშიც, კერძოდ, ნორვეგიაში ცნობილმა ტურისტულმა ჟურნალმა Aftenposten Norway საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნების სიის სამეულში შეიყვანა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დახმარება აღუთქვა დიასპორის წარმომადგენლებს მათი ინიციატივების, პროექტების და იდეების რეალიზაციაში რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ჩვენი ქვეყნის პოპულარობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა