ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას ვიზიარებ, აღმაშფოთებელია ის აგრესია, რასაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ

პარლამენტის თავჯმდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის სრულად იზიარებს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კამპანია აგრესიის შემცველია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არ გამოირჩეოდა სიძულვილის ენითა და აგრესიით, სალომე ზურაბიშვილია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას. ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ. ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც კამპანიის მსვლელობისას არ გამოირჩეოდა სიძულვილის ენით, აგრესიით, იყო სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენს, თქვენ ხედავდით, წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია აბსოლუტურად განმსჭვალული იყო სიძულვილის ენით და ბილწსიტყვაობითაც კი, რაც სრულიად აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიასა და საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარებთან დაკავშირებით გამოძიება სწრაფად უნდა წარიმართოს.

„გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს. რა თქმა უნდა, ეს სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაა და ჩვენ დავინტერესდებით, გამოძიება რამდენად სწრაფად წარიმართება”,- აღნიშნა მან.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, საარჩევნო კამპანია ნეგატიურად ვითარდება, რაც კანდიდატების არჩევანია. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ იმ მუქარისა და სიძულვილის ენის შესახებ დაწყებული გამოძიება, რაც საარჩევნო პერიოდში ორივე მხარისგან ისმის, წარმატებით დასრულდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო