საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის’’ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით - 916 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საბაჟო ღირებულება 51 474 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: 916 გრამი ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს - დაკავებული ერთი პირი