ვახტანგ ბუცხრიკიძე - საბანკო ასოციაციის სურვილია, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემაზე ახალი რეგულაციები ძალაში 1-ელი იანვრიდან შევიდეს

საბანკო სექტორი „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციების ნაწილის ამოქმედებას ნოემბრის ნაცვლად, 1-ელი იანვრიდან ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განუცხადა.

როგორც ბუცხრიკიძე ამბობს, 1 თვის განმავლობაში მუშა ჯგუფი რეგულაციების დახვეწაზე მუშაობს, თუმცა, საბოლოო ვერსია ჯერ მზად არ არის.

„ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები ბოლო 3 კვირის განმავლობაში ძირითად დოკუმენტთან დაკავშირებით. იცით, რომ 1 თვის განმავლობაში იმუშავებს მუშა ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში. ჯერჯერობით ბოლო ვერსია არ გვაქვს. ჩვენ უფრო უკეთესი დოკუმენტი გვინდა, მაგრამ ჯგუფი მუშაობს. საბანკო ასოციაციის სურვილია, ისევე, როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტებში, ახალი რეგულაციები ძალაში შევიდეს 1-ელი იანვრიდან. ვნახოთ, როგორ ამოქმედდება“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

„ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციები პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია.

ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, ასევე იცვლება სესხების გაცემის ვადები.

სამუშაო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეგულაციებით, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.

ეს რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის სავარაუდოდ, მიმდინარე წელს, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

რეგულაციების მიხედვით, ბანკებს დაევალათ, მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება. ამასთან, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.

სამუშაო დოკუმენტის თანახმად, სესხის აღების შემთხვევში, ასევე სავალდებულო ხდება, რომ თანამსესხებელი მსესხებლის ოჯახის წევრი იყოს.

გარდა ამისა, სებ-ის გადაწყვეტილებით, წესდება ლიმიტები და კოეფიციენტები, ხელფასის რა ნაწილი უნდა მიემართოს ყოველთვიურად სესხის დასაფარად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა