ქეთევან ციხელაშვილმა მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან სამმხრივი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ ვადიმ ჩერნიშთან და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას ვიცე-პრემიერთან კრისტინა ლესნიკთან სამმხრივი შეხვედრა და ბრიფინგი გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს მხარეებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს. ისაუბრეს სამშვიდობო პოლიტიკაზე, მის მნიშვნელობაზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში და ამ კუთხით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

„ამ სამი ქვეყნის გაძლიერებული თანამშრომლობა სამშვიდობო პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ საერთო გამოწვევა გვაქვს. აგრეთვე გვაქვს საერთო ხედვა - მშვიდობიანი გზით დავძლიოთ პრობლემა, რასაც რუსული აგრესია, განგრძობითი ოკუპაცია და ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენს და რაც ჩვენს ქვეყნებს გადაუჭრელი კონფლიქტის გამო ექმნება.

ვაპირებთ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს. ჩემი კოლეგები დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში მოვიწვიე, სადაც კონფერენცია და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ჩატარდება. ძირითადი თემა სწორედ ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები იქნება. ვფიქრობ, მომავალში ჩვენს თანამშრომლობას უფრო ინტენსიური ხასიათი ექნება. ეს გააძლიერებს ჩვენს ხმას დანარჩენ მსოფლიოსთან და ჩვენს ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ ქეთევან ციხელაშვილმა, ვადიმ ჩერნიშმა და კრისტინა ლესნიკმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, დამთხვევა არ არის ის, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი პრობლემა აქვს. მისი თქმით, ამ კონფლიქტებს აქვს მსგავსი ხასიათი, ემთხვევა დროში და ჰყავს საერთო გარეშე ძალა - რუსეთი, რომლის აგრესიული პოლიტიკის მიზანიც კონფლიქტების სახელმწიფოებზე ზეწოლისათვის გამოყენებაა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აქვე მათაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„ეს კონფლიქტები გამოწვევაა არა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის არამედ მთელი რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველოს ტერიტორიების 20 %-ზე მეტი რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება. ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. მავთულხლართები ერთმანეთისგან ხლეჩენ სოფლებს, საზოგადოებას და მიუწვდომელი ხდება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები. გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. ხალხთა შორის კონტაქტების შესამცირებლად ხელოვნური ბარიერები იზრდება.

რაც დრო გადის სულ უფრო ნათელი ხდება, რომ არსებული სიტუაცია არავის ინტერესებში არ შედის. ამ მდგომარეობით ქართველებიც, აფხაზებიცა და ოსებიც თანაბრად ზარალდებიან. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მშვიდობის შენარჩუნებაა, რაც მარტივი არ არის, რადგან ყოველ დღე პროვოკაციებს აქვს ადგილი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებისკენ სვლა, რათა უზრუნველვყოთ მოსახლეობის კეთილდღეობა და სტაბილურობა. ვახორციელებთ დინამიურ სამშვიდობო პოლიტიკას და გვჯერა, რომ საქართველოშიც, უკრაინაშიცა და მოლდოვაშიც ხელოვნური ბარიერები ჩამოიშლება ისევე, როგორც სხვა ხელოვნური კედლები ჩამოიშალა მსოფლიო ისტორიის ბოლო პერიოდში. ჩვენ არასდროს შევურიგდებით რუსულ ოკუპაციას და ყველაფერს გავაკეთებს იმ ადამიანთა გაერთიანებისთვის, რომლებიც ხელოვნურად არიან გაყოფილი“, - განაცხადა ბრიფინგზე ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტი მოლდოვაში დღეს სრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო