მირდატ ქამადაძე შემოსავლების სამსახურს და სასაზღვრო პოლიციას მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაში ადანაშაულებს

„გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს წევრი მირდატ ქამადაძე შემოსავლების სამსახურს და სასაზღვრო პოლიციას მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ქამადაძემ განაცხადა, თბილისის აეროპორტში ის უკანონოდ გაჩხრიკეს. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურს ეჭვი აქვს, რომ ქვეყანაში ე.წ. შავი ფული შემოაქვს. მირადატ ქამადაძის განცხადებით, იგი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინაც შეამოწმეს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მუდმივი კონტროლი საზღვრის ყოველი კვეთისას ხორციელდება. მისივე განმარტებით, შემოსავების სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ მასთან დაკავშირებით მითითებაა გაცემული.

"გუშინ აშშ-დან დავბრუნდი საქართველოში. თბილისის აეროპორტში სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას შემიქმნეს პრობლემა. ჯერ გამაჩერეს საპასპორტო კონტროლისას და შემდგომ საბაჟო სამსახურმა გამჩხრიკა. ასე ხდება ყოველთვის, როცა შემოვდივარ ქვეყანაში. ორი კვირის წინ იგივე მდგომარეობა იყო სარფის საბაჟოზეც. ვიდეოში ცალსახად ჩანს, რომ ეს ადამიანი მეუბნება, მითითება მაქვს, რომ უნდა შეგამოწმოთო. ჩემთან ერთად საზღვარი გადმოკვეთა საქართველოს დაახლოებით 500-მა მოქალაქემ, მაგრამ გამაჩერეს მხოლოდ მე. ეს არის გასაოცარი დემოკრატიის მე-6 წელი. ლარის კურსს მიხედეთ და ეკონომიკას, არავითარი შავი ფული არ შემომაქვს ქვეყანაში. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ჩემი სამშობლოც არის ეს ქვეყანა და კეთილი ინებეთ და ნუ არღვევთ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას - შეუფერხებლად გადმოვკვეთო საქართველოს საზღვარი", - აცხადებს მირდატ ქამადაძე.