ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2018

არჩევნები ვინც არ უნდა მოიგოს, "პროცესები მაინც ქუჩაში გადავა"

"ხელისუფლებამ მეორე ტურის თარიღის დასახელება "ნაცმოძრაობას“ უნდა შესთავაზოს“ - ძაბირაძე

"ვისაც არ მოსწონს ჩემი ელისაშვილთან შეხვედრა, შეუძლია ცივი წყალი დალიოს", - ხუხაშვილი

არჩევნები ვინც არ უნდა მოიგოს, "პროცესები მაინც ქუჩაში გადავა"

“ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ქვეყანაში კვლავ შესაძლო რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და ამაში ოპოზიციას ადანაშაულებს. მმართველი გუნდი დესტაბილიზაციის ნიშნების პირველ ხილულ მტკიცებულებად "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუს პოლიტტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვის განცხადებას ასახელებს, სადაც ის საქართველოში ახალი რევოლუციის შესაძლებლობაზე საუბრობს. "არსებობს შანსი იმისა, რომ დეკემბერში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს, მოხდეს არა მორიგი "ვარდების რევოლუცია" და ხელისუფლების ცვლა, არამედ მშვიდობიანი, ნამდვილი, დემოკრატიული ცვლილებების "რევოლუცია", რევოლუცია, სადაც არც დაბალ და არც მაღალ ფენებს აღარ შეუძლიათ და აღარც სურთ ძველებურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელშიც არ იქნება წაგებული. საქართველო გახდება ახალი ტიპისა და ახალი თაობის, უფრო ძლიერი, დემოკრატიული "სახელმწიფო-სტარტაპი". თანამედროვე მსოფლიოში ეს ერთადერთი გზაა მოქალაქეების განვითარებისა და ცხოვრების გასაუმჯობესებლად", - წერს გრიგოლ ვაშაძის გუნდის მთავარი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი თავის ბლოგში, რომელიც მას "ეხო მოსკვის" საიტზე აქვს. "არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძისა და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ამასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არჩევნები ვინც არ უნდა მოიგოს, "პროცესები მაინც ქუჩაში გადავა"

"რა სახის მტკიცებულებები შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას ვაშაძის გუნდის მთავარი პოლიტტექნოლოგის განცხადების გარდა? უნდა ველოდოთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ძალოვანი სტრუქტურების მიერ რამე სახის მტკიცებულების წარმოდგენას? ამ კითხვაზე "რეზონანსს" მმართველი გუნდის დეპუტატები კონკრეტულად არ პასუხობენ, თუმცა მინიშნებებით ამბობენ, რომ, არ არის გამორიცხული, საზოგადოებამ კონკრეტული მტკიცებულება უახლოეს მომავალში იხილოს. არჩევნებამდე დესტაბილიზაციის მცდელობაზე შინაგან საქმეთა მინისტრიც საუბრობდა. გახარია აცხადებდა, რომ მიყურადების შედეგად დეტალურად იცის, "რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოსამზადებლად". შს მინისტრი ამბობდა, რომ მშვიდი და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს გარანტი მისი უწყება იქნებოდა. ცნობისათვის, წინასაარჩევნოდ "ნაციონალების" მიერ ქვეყანაში რევოლუციურ სცენარსა და გადატრიალების საფრთხეზე საუბარი პირველი არ არის. ხელისუფლება ამის შესახებ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 სექტემბერს, ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც, გამავრცელებლის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს რევოლუციურ სცენარზე ესაუბრებოდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ენმ-მ ჩანაწერის ავთენტიკურობა უარყო, ხოლო სუს-ში შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო. ამ ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე "თავისუფალი ზონის" წევრმა ბესო კილაძემ ორგანიზაცია დატოვა და თქვა, რომ სააკაშვილი მას "დესტაბილიზაციის დავალებას" აძლევდა. სუს-მა კილაძის ამ განცხადებაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. ამ საქმეების გამოძიების შედეგები საზოგადოებას დღემდე არ შეუტყვია. მსგავსი ბრალდებები "ნაცმოძრაობის" მიმართ მანამდეც იყო. 2014 წლის 7 აპრილს შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თქვა, რომ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას შეეცადოს და მისი მიზანი შესაძლოა, "სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა" იყოს. გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში ჭიკაიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "დაიწყეს საბურავების ყიდვა", რადგანაც, მისი ვარაუდით, ოპოზიცია ქუჩის აქციებისათვის ემზადება, საბურავებს კი დასაწვავად გამოიყენებენ. მაშინ გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების დეტალებზე ძალოვან უწყებებს შემდგომში ინფორმაცია აღარ გაუვრცელებიათ. მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მან ზუსტად არ იცის, რა სახის მტკიცებულებები შეიძლება ჰქონდეთ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მსგავსი მტკიცებულებები ნამდვილად არსებობს“, - განაგრძობს გამოცემა

"მათიკაშვილის განცხადებით, ამის ღია გზავნილები გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგის განცხადებაში უკვე იკითხება. მისი თქმით, 2012 წლიდან ეს პარტია მუდმივად ცდილობს, რომ ქვეყანაში ყველა არჩევნებზე რაიმე სახის დესტაბილიზაცია მოახდინოს, რის საშუალებასაც მათ ხელისუფლება არასდროს აძლევდა და არც ახლა მისცემს. "ყველა არჩევნებზე ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს პარტია ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარისაკენ მიილტვის. "ნაციონალებს" რომ ეს კარგად ხელეწიფებათ, 2003 წლის მოვლენებიდანაც კარგად ჩანს."ახლაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ამ სცენარზე მუშაობენ და ამის ნათელი მაგალითი გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგის განცხადებაა, რომელშიც ის პირდაპირ ჰყვება, რომ ეს პარტია ამისთვის ემზადება, თუმცა ხელისუფლებისაგან ეს მკაფიოდ აღკვეთილი იქნება და ისინი ამას ვერ მოახერხებენ. "არ აქვს მნიშვნელობა, ამ არჩევნებზე ვინ გაიმარჯვებს, ორივე შემთხვევაში ისინი ამ გეგმაზე მუშაობენ. თუმცა ყველა მინდა დავარწმუნო, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურს მოიგებს. არ ვიცი, კონკრეტულად ძალოვან სტრუქტურებს რა ინფორმაცია აქვთ და ეს მე არც უნდა ვიცოდე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბევრი რამე ექნებათ და თუ საჭირო იქნება, ამას გაახმოვანებენ", - აცხადებს მათიკაშვილი "რეზონანსთან". "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესშია, რომ ამ არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს. მისი თქმით, თუ ვსაუბრობთ, რა ფაქტები აქვს ხელისუფლებას იმაზე, რომ "ნაციონალები" რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ, ეს ფაქტები ზედაპირზეა და შეუიარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელია ამის ანალიზი. "ვაშაძე გვპირდება, რომ ყველა იმ რეჟიმის დროინდელ ჯალათს გაათავისუფლებს. ამ ყველაფრის უკან ერთი კონკრეტული მიზანი დევს - მათ უკან ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან, რომლებიც პოლიტიკურად მათთან იყვნენ მიბმული. ამიტომ მათ ამ ხალხის გათავისუფლება უნდათ, რომ ისევ პოლიტიკური დავალებები შეასრულებინონ და ეს იძლევა იმის ანალიზის საშუალებას, რომ თუ ისინი ვერ შეძლებენ კონსტიტუციით ხელისუფლებაში დაბრუნებას, ამ ხალხს დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენებენ", - აცხადებს სესიაშვილი“, - დასძენს გამოცემა.

"ფრაქცია "ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგის განცხადებაზე დამატებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისი სიტყვები ხელისუფლებამ არასწორად ან ისე გაიგო, როგორც მას სურდა. "როდესაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის პაირხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რევოლუციური ცვლილებები, ეს ადამიანები ვერ გრძნობენ ამ სიტყვის მნიშვნელობას და მაინცდამაინც ბრჭყალებში უნდა ჩაუსვან. მაგრამ, ასეც რომ იყოს, მაინც ვერ გაიგებენ. "წარმოიდგინეთ, ახლა რომ ვთქვა, "ქართული ოცნება" არის "ტროის ცხენი" ან "ბურიდანის ვირი", რა ხმაურს ატეხავენ. იტყვიან, რომ შეურაცხყოფას აყენებენ და იტყვიან: "ვინ არის თქვენი სახედარი? ვინ არის თქვენი ულაყი?" აღშფოთებული იქნებიან და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მიმართავენ იმის გამო, რომ ჩვენ ცხოველებად მოვიხსენიეთ. რევოლუციური ცვლილება ნიშნავს სწრაფ გარდაქმნას, ჩემო კარგებო, და ბოლოს და ბოლოს ნუ იქცევით "ბურიდანის ვირივით", ჩამოყალიბდით", - განაცხადა რომან გოცირიძემ. პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაუგებარია, ხელისუფლება რევოლუციურ სცენარში რას გულისხმობს. მისი განცხადებით, საქართველოში რევოლუციათა მრავალფეროვნება გვაქვს. იყო: სახელმწიფო გადატრიალება, "ვარდების რევოლუცია", შემდეგ - არჩევნების რევოლუცია, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა დააკონკრეტოს, რა რევოლუციაზე საუბრობს. ძაბირაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოგება არც არაფერს ნიშნავს, თუ ამას რეალურ ჩარჩოებში განვიხილავთ. მისი თქმით, ეს არის არჩევნები, სადაც მოხდება საპარლამენტო არჩევნების დატესტვა და იმის მიუხედავად, გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია, ის ხელისუფლებაზე ერთი ნაბიჯით წინ იქნება“, - წერს გამოცემა

"ახლა ისეთი ვითარება წარმოიქმნა, რომ ხელისუფლების ამომრჩეველს ოპოზიციის მთლიანი ამომრჩეველი უსწრებს, ამიტომ ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ არა, მათ უკან უკვე დაახლოებით 800 ათასი ამომრჩეველი დგას. ისინი, რა თქმა უნდა, საპროტესტო ტალღას გააგრძელებენ და ეცდებიან, რომ ეს ორი წელი "ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება არ მისცენ. სწორედ ამაზე საუბრობს, როგორც ჩანს, მმართველი გუნდი. ბოლოს და ბოლოს, პროცესები ქუჩაში გადავა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი. როდესაც ამ სცენარზეა საუბარი, ხელისუფლებამ იმაზე კი არ უნდა იფიქროს, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარება სტაბილური იყოს და გააანალიზოს, სიტუაცია შემდეგ როგორ შეიძლება განვითარდეს. მათი შიში და ასე ღიად ამ შიშის გამოხატვა უფრო საფრთხის მატარებელია. "ვაშაძემ გინდ გაიმარჯვოს და გინდ - არა, პროცესები მაინც ქუჩაში გადავა. ის საზოგადოების საპროტესტო მუხტს, იქნება პრეზიდენტი თუ არა, მაინც სათავეში ჩაუდგება. ამის მარტო ხელისუფლებას არა, მეც მეშინია. "ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებას ვურჩევ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სასწრაფოდ დაგეგმოს და აქვს "ოცნებას" შანსი, რომ ამ შემთხვევაში გადარჩეს. სხვაგვარად სოციალური ფონი და საპროტესტო მუხტი ქვეყანაში იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება, უმართავი სიტუაცია განვითარდეს", - წერს სტატიის ავტორი.

"ხელისუფლებამ მეორე ტურის თარიღის დასახელება "ნაცმოძრაობას“ უნდა შესთავაზოს“ - ძაბირაძე

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 19 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ზუსტი თარიღი გამოაცხადოს. საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე, რეგულაციების მიხედვით, მეორე ტური 20 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დაინიშნოს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „ხელისუფლებამ მეორე ტურის თარიღის დასახელება „ნაცმოძრაობას“ უნდა შესთავაზოს“ - ძაბირაძე

"ბოლო წლებში დამკვიდრებული ერთგვარი ტრადიციის თანახმად, საქართველოში არჩევნები, როგორც წესი, კვირა დღეს იმართება. ზემოთ ხსენებულ დროის მონაკვეთში ორი კვირა დღეა - 25 ნოემბერი და 2 დეკემბერი. ამასთან, 25 ნოემბერი პანკისის სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა, 2 დეკემბერი კი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წლისთავი. პარლამენტთან მიმდინარე შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციის ფონზე, რამდენად იმოქმედებს ამ დღეებში ჩატარებული მეორე ტური ამომრჩევლის განწყობაზე, ამის შესახებ „რეზონანსი“ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს გაესაუბრა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"არ ვფიქრობ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არჩევნების შედეგებზე. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამ თემაზე სპეკულირებით „ნაციონალური მოძრაობა“ იმაზე მეტს ვეღარ ამოქაჩავს, რაც ამოქაჩა. ერთია გულწრფელი პროტესტი, რასაც ადგილი აქვს სალარიძისა და მაჩალიკაშვილის მხრიდან, და არის მეორე - ამ უბედურების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. „ქართულმა ოცნებამ“ კი ეს არჩევნები რომ მოიგოს, 200-300 ათასი ადამიანის მიყვანა უნდა შეძლოს საარჩევნო ყუთებთან. თუ ხელისუფლებას უნდა, რომ დაძაბულობა მაინც შეამსუბუქოს, შეუძლია, „ნაცმოძრაობას“ შესთავაზოს, რომ მეორე ტურის ჩატარების დღე და რიცხვი მათ დაასახელონ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

"ვისაც არ მოსწონს ჩემი ელისაშვილთან შეხვედრა, შეუძლია ცივი წყალი დალიოს", - ხუხაშვილი

„ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის, ამ თემაზე თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს შეხვდა. თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე იგი ორიენტირებულია სამოქალაქო ორგანიზაციის შექმნაზე, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ პოლიტიკური ცენტრის საქმიანობაში ჩაერთოს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „ვისაც არ მოსწონს ჩემი ელისაშვილთან შეხვედრა, შეუძლია ცივი წყალი დალიოს", - ხუხაშვილი

"რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა დაადასტურა, რომ მასსა და ელისაშვილს შორის შეხვედრა შედგა, რადგან მიაჩნია ერთ-ერთ პერსპექტიულ საზოგადო მოღვაწედ, რომელმაც დაამტკიცა, რომ მინიმალური რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეუძლია. ალეკო ელისაშვილს ნამდვილად შევხვდი, რადგან მიმაჩნია, რომ იგი არის პერსპექტიული საზოგადო მოღვაწე, რომელმაც მინიმლური რესურსებით მაქისმალური შედეგი მიიღო. ვისაც არ მოსწონს ჩემი ელისაშვილთან შეხვედრა, შეუძლია ცივი წყალი დალიოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რაც შეეხება კონკრეტულად ახალი პროლიტიკური ძალის შექმნას, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმეა, რადგან ამ ორ დომინანტ ძალას შორის ეს შულერული თამაში უნდა დასრულდეს. ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაში მე აქტიურ მონაწილოებას მივიღებ და სიამოვნებით დავეხმარები. ყველას შევხვდები, ყველას დაველაპარაკები. მე და ჩემი თაობის ადამიანებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ პატიოსანი, პერსპექტიული, მოაზროვნე ახალგაზრდები, რომელებიც 2020 წლისთვის გადაიბარებენ ამ ქვეყნის მომავალს. ასე უნდა გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე. დღევანდელმა პოლიტიკურმა ელიტამ დროა დისვენოს“, - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიქმნება ეს ცენტრი, ვიდრე არჩევნების მეორე ტური არ დამთავრდება, ამ საგიჟეთში ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება... იქნებიან თუ არა ამ ცენტრში დღეს არსებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები? - არ ვფიქრობ, იშვიათი გამონაკლისის გარდა. რაც შეხება თანამშრომლობას, პოლიტიკაში თანამშრომლობა არსებოს, თუმცა თანამშრომლობის ფორმებსაც გააჩნია", - განაცხადა „რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო