ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლებას არა იმდენად სააკაშვილის დაბრუნება და თანმდევი აპოკალიპტური სცენარი, არამედ საკუთარი ურესურსობა აშინებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მეორე ტურის ჩატარების თარიღი განსაზღვრული არაა, ვხედავთ, რომ პირველი ტურის შემდეგ ქვეყანაში პრაქტიკულად ახალი პოლიტიკური რეალობაც კი ჩამოყალიბდა თავისი თავისებურებებით.

როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობას და თქვენი დაკვირვებით როგორი თავისებურებებით ხასიათდება იგი?

- დამაიმედებელს ნაკლებად ვხედავთ: საარჩევნო კამპანიისას სახელმწიფოს ინტერესების გაუთვალისწინებლობა, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების ნიველირება, ჯარის გამოყენების მცდელობა პოლიტიკური ჟონგლიორობისთვის, ტოტალური ნეგატივი: „ნაციონალების“ ფსიქოლოგიური ომი „ოცნებასთან“ მისი დემორალიზების და ვერტიკალის ჩამოშლის მიზნით და „ოცნების“ მიერ საზოგადოების ისტერიაში ჩაგდების დაჟინებული მცდელობა მორიგი „ნაციონალური“ რევოლუციის მოლოდინით.

თუ „ნაციონალები“ ცოტა სივრცეს მაინც ტოვებენ დაპირებებისთვის, „ოცნებას“ მხოლოდ აპოკალიპტური პიარი აქვს და თითქმის არანაირი დაპირება, თუ სოციალური შემწეობების გაზრდას არ ჩავთვლით, იგივე 2012 წლისგან განსხვავებით

თუ „ნაციონალები“ ცოტა სივრცეს მაინც ტოვებენ დაპირებებისთვის, „ოცნებას" მხოლოდ აპოკალიპტური პიარი აქვს და თითქმის არანაირი დაპირება, თუ სოციალური შემწეობების გაზრდას არ ჩავთვლით, იგივე 2012 წლისგან განსხვავებით.

მეორე ტურში ორივე მხარე სიტუაციის მაქსიმალურ ესკალაციას და საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს. „ოცნება“ ცდილობს ხალხი დაარწმუნოს იმაში, რომ „ნაციონალები“ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადებიან, „ნაციონალები“ - კი გააგრძელებენ „ოცნებისგან“ მოღალატე ხელისუფლების იმიჯის შექმნას, მის დემორალიზაციას და ფსიქოლოგიურ ნგრევას.

ერთმანეთთან შერკინების გამოცდილება ორივეს აქვს, თუმცა „ნაციონალები“ უფრო მობილიზებულად გამოიყურებიან: მათ ეს „კინო“ ერთხელ უკვე არა მარტო ნანახი აქვთ, არამედ „რეჟისორებიც“ იყვნენ და „მთავარი როლების“ შემსრულებლებიც.

ერთმანეთთან შერკინების გამოცდილება ორივეს აქვს, თუმცა „ნაციონალები“ უფრო მობილიზებულად გამოიყურებიან: მათ ეს „კინო“ ერთხელ უკვე არა მარტო ნანახი აქვთ, არამედ „რეჟისორებიც“ იყვნენ და „მთავარი როლების“ შემსრულებლებიც

დარჩენილი ერთი თვე, ძირითადად, ნერვების ომი იქნება და „ნაციონალების" ტაქტიკა მიმართული იქნება იქითკენ, რომ დაარწმუნოს „ოცნების“ ამომრჩეველი, პარტიული და ადმინისტრაციული ვერტიკალი, რომ „ოცნებას“ ეს არჩევნები წაგებული აქვს.

როცა ვთქვი, ეს „კინო“ გავლილი გვაქვს მეთქი, 2003 წლის არჩევნების წინა პერიოდი ვიგულისხმე: მაშინ ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რაც „ნაციონალებმა“ გამოიყენეს, იყო შევარდნაძის სახელისუფლო ვერტიკალის დემორალიზაცია და ნგრევა.

- ამავე თემაზე საუბრისას ბატონმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „საპრეზიდენტო არჩევნები გვეგონა და ქვეყნის მომავლის არჩევნებად გადაიქცა, “ნაციონალებს” ეს უნდოდათ და მოახერხეს კიდეც, ვერ დაუკარგავ“.

თუ ბატონ რამაზს დავესესხები, ჩემი შემდეგი კითხვა ასეთი იქნება - თუ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის მომავლის არჩევნებად გადაიქცა, რაც უდავოდ „ნაციონალების“ დამსახურებაა, მეორე ტურში პრეზიდენტობის კანდიდატების გათვალისწინებით ამომრჩეველს ქვეყნის მომავალზე როგორი ორი სავარაუდო არჩევანი აქვს?

- სამწუხაროა, რომ ორივე არჩევანი წარსულია. „ოცნება“ აბსოლუტურ სტაგნაციაშია: ასეთი საფრთხის წინაშეც კი არაფერი შეცვალეს, გარდა სიტყვიერი აღიარებისა, რომ შეცდომებს მივხვდით, საქმით კი თვალში ნაცრის შესაყრელად ფარცხალაძის მონაწილეობით მორიგ ფარსს დგამენ, აკისრებენ რა მას 5000 ლარიან გირაოს გენერალური აუდიტორის ცემისთვის.

რევოლუციის მოლოდინი გარდაუვალი სულაც არ არის, უფრო პირიქით, შესაძლოა ჩვენი პოლიტიკური სისტემა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, მაგრამ როცა სააკაშვილთან გაქვს საქმე, რამეს პროგნოზირება რთულია

სხვა არც ერთი რეალური ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებას „ოცნების“ მიერ შეცდომების გაანალიზების და ცვლილებების სურვილს დაანახებდა, არ გადადგმულა.

მეორე მხრივ დინამიკაა, მაგრამ საფრთხის შემცველი დინამიკა, იმიტომ რომ განიხილება სააკაშვილის დაბრუნების სცენარი, იმ დროს, როცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი წინააღმდეგია და საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსიც შეშფოთებულია სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში მოვლენათა განვითარების პერსპექტივით.

მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ ისეთივე მონოლითური ვეღარ იქნება, როგორც ადრე და არც 5 წელი სააკაშვილის გარეშე დარჩენილი და დამოუკიდებელ გავლენებს ნაჩვევი ლიდერები, იგივე „ევროპული საქართველოდან“, აპირებენ მისთვის ამბიციების დათმობას, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, „ნაცმოძრაობისგან“ მაინც უფრო ხელისუფლების სრულ უზურპაციას ელიან.

ვფიქრობ, დიდწილად, ეს უფრო გამოუცნობის წინაშე შიშია და ტრადიციული მოლოდინი, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი: ხელისუფლების ყველა შტო და ვერტიკალი. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს პრეცედენტი, როცა ხელისუფლება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ნაწილდება, თუ 2012 წელს არ ჩავთვლით. დაიქცა მაშინ ქვეყანა?!

რაც ხდება, დიდწილად ეს უფრო გამოუცნობის წინაშე შიშია და ტრადიციული მოლოდინი, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი: ხელისუფლების ყველა შტო და ვერტიკალი. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეცედენტი, როცა ხელისუფლება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ნაწილდება, თუ 2012 წელს არ ჩავთვლით. დაიქცა მაშინ ქვეყანა?!

ამერიკის სტაბილური განვითარების და დემოკრატიის საფუძველი სწორედ ეს არის: იქ ხშირად პრეზიდენტი და კონგრესის პალატები სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არიან, რაც კონკურენციის, შეცდომებისგან დაზღვევის და წინსვლის აუცილებელი პირობაა.

ასე რომ, რევოლუციის მოლოდინი გარდაუვალი სულაც არ არის, უფრო პირიქით, შესაძლოა ჩვენი პოლიტიკური სისტემა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, მაგრამ როცა სააკაშვილთან გაქვს საქმე, რამეს პროგნოზირება რთულია.

- ვხედავთ, რომ მეორე ტურის წინ მმართველ პარტიას სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. „ოცნების“ ლიდერმა პრაქტიკულად აღიარა 6-წლიანი მმართველობის პერიოდში მმართველი გუნდის შეცდომები და ამომრჩეველს მმართველობაში ხარვეზების გამოსწორებას და ერთ წელიწადში მოგვარებას დაპირდა. თქვენ როგორ შეაფასებთ პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებისა და „ოცნების“ როგორც მმართველი მოქმედებას?

- ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე, ის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმშია გადასული. ხელისუფლება, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, აქვს ყველა დონეზე კონტროლის ყველა ბერკეტი, შეიძლება, მსგავს პანიკურ პიარს ეწეოდეს?

აქ მთავარი ისაა, რომ ხელისუფლებას არა იმდენად სააკაშვილის დაბრუნება და თანმდევი აპოკალიპტური სცენარი, არამედ, საკუთარი ურესურსობა აშინებს, საკუთარი თავის არ სჯერა.

ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე, ის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმშია გადასული

წარმოვიდგინოთ უარესი, რომ დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დადგა და ხელისუფლებამ პარლამენტზე კონტროლი დაკარგა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ხომ მაინც თავად რჩება?

მგონია, რომ ისინი ამას ვერ იაზრებენ, ვერ იაზრებენ, რომ ხელისუფლებაში თავად არიან და ყველა შტოს აკონტროლებენ ან საკუთარი წევრების ერთგულების არ სჯერათ. თუ ამომრჩეველი ამ შიშს დაინახავს, შედეგი ხელისუფლების მოლოდინის უკუპრორორციული იქნება: ანუ ამომრჩევლის ნაწილი ახალი პატრონის ძიებას დაიწყებს.

- ხელისუფლების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ შვილმკვდარი მამები - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნაციონალების თამაშს თამაშობენ. „ნაციონალებისვე" თამაში არიან ჩართული ყოფილი სამხედროები.

ვთქვათ, სწორედ ასეა და ეს ხელისუფლებამ იცის - თქვენი აზრით, რატომ არ დგამს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიეტურად გამოსაძიებლად? ანდა სუბელიანის, ოქუაშვილის ვიდეოჩანაწერების გამოსაძიებლად? ასევე იმ მოსაზრების გასაქარწყლებლად, რომ ჰააგის სასამართლოში ზურაბიშვილის განცხადებები ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ არაა მიმართული?

- ცალკე საკითხია გამოძიებები და როგორც ჩანს, ხელისუფლებას სუბელიანის და ფარცხალაძის განდგომისა და პირის დაღების უფრო ეშინია, ვიდრე მათ გამო ამომრჩევლის განაწყენების.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას სუბელიანის და ფარცხალაძის განდგომისა და პირის დაღების უფრო ეშინია, ვიდრე მათ გამო ამომრჩევლის განაწყენების

თანაც, როგორც ჩანს, ფარცხალაძე ძალისმიერი ვერტიკალის ერთგვარად შემკვრელი ფიგურაა და ამ ვერტიკალში მკვეთრმა მოძრაობამ, შეიძლება მთელი სისტემა ჩამოშალოს, რაც ასე სჭირდებათ სწორედ ახლა: წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში.

რაც შეეხება, ზურაბიშვილის განცხადებებს, თავად კანდიდატი კი გადამალეს, მაგრამ მის საბედისწერო განცხადებას საქართველოს მიერ ომის დაწყების თაობაზე, ვეღარ გაურბიან, რადგან „ნაციონალებმა“ სალომე ზურაბიშვილის „მოღალატეობრივი“ იმიჯი სწორედ მის ამ გამონათქვამზე ააგეს და ხელისუფლებაზე შეტევის გენერალურ ხაზად აქციეს.

„ოცნებამ“ საპირწონედ სხვა ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ახლა უკვე მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი და ამის აღიარება ზურაბიშვილის მხრიდან არა სახელმწიფო ინტერესების ღალატი, არამედ ფაქტების კონსტატაციაა.

ვინც არ უნდა მოვიდეს პრეზიდენტად, საარჩევნო კამპანიით ის ისეთი დაღდასმული და იმიჯგატეხილი იქნება, რომ ვერასდროს გახდება გამაერთიანებელი, საერთო-სახალხო ლიდერი და მის მიმართ მიმღებლობა და ლოიალობა იქნება ძალზედ მცირე

რეალურად კი ამით „ოცნებამ“ კიდევ უფრო ღრმად შეტოპა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ სვლის გზაზე.

ყველაზე ცუდი, რაც ამ საარჩევნო კამპანიის შედეგად მივიღეთ, გახლავთ დამდგარი შედეგი, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს პრეზიდენტად, საარჩევნო კამპანიით ის ისეთი დაღდასმული და იმიჯგატეხილი იქნება, რომ ვერასდროს გახდება გამაერთიანებელი, საერთო სახალხო ლიდერი და მის მიმართ მიმღებლობა და ლოიალობა იქნება ძალზედ მცირე.

- პოლიტიკის დამოუკიდებელი ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფაძიძის აზრით, მეორე ტურის შედეგები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ მოიგებს მეორე ტურამდე დარჩენილ დროში საინფორმაციო ომს. ვხედავთ, რომ მთელი საჯარო სივრცე სწორედ საინფორმაციო ომის არენადაა გადაქცეული. თქვენ როგორ შეაფასებდით მეორე ტურამდე ოპონენტების მიერ წარმოებულ პიარ-კამპანიებს, რომელიც აშკარად ჰგავს საინფორმაციო ომს?

- პირველად ვუყურებ საარჩევნო კამპანიას, სადაც ხელისუფლება პოზიტიურ დღის წესრიგს არ სთავაზობს ამომრჩეველს. მაშინ როცა „ნაციონალები“ ცდილობენ გაერთიანებული ოპოზიციის სახით გამოვიდნენ ასპარეზზე, ხელისუფლებას პირველი ტურის შემდეგ მცდელობაც კი არ ჰქონია გამაერთიანებელი მოწოდების.

ის მხოლოდ თავის ძველ არმიას უხმობს და აგრძელებს მტრულ რეჟიმს მათთან, ვისგანაც თავად შექმნა მეთოდურად 2013 წლიდან მტრის ხატი: განსხვავებულად მოაზროვნე არასამთავრობოებისგან, ექსპერტებისგან, ჟურნალისტებისგან, თავისივე კოალიციის ყოფილი წევრებისგან, მაშინ როცა ეს ხალხი მხოლოდ იმისგან აზღვევდა, რის გამოც ახლა ხელისუფლება ჩამოშლის პირასაა.

პირველად ვუყურებ საარჩევნო კამპანიას, სადაც ხელისუფლება პოზიტიურ დღის წესრიგს არ სთავაზობს ამომრჩეველს. მაშინ როცა „ნაციონალები“ ცდილობენ გაერთიანებული ოპოზიციის სახით გამოვიდნენ ასპარეზზე

თუ მართლა ქვეყნის დაქცევას, სახელმწიფო გადატრიალებას, სააკაშვილის შეიარაღებული დესანტის ბოინგით ჩამოსვლას ელოდები, მოუხმე ამ საზოგადოებას ერთობლივი ანტიკრიზისული პროგრამის შესამუშავებლად, მაგრამ - არა!

აქედანაც ჩანს, რომ „ოცნებას“ არა სახელმწიფოს სტაბილურობა, არამედ მხოლოდ მისი ყოფნა ადარდებს ამ სახელმწიფოს სათავეში და ფუჭია მისი ყველა დაპირება პრობლემების დანახვასა და გამოსწორებაზე.

მოკლედ, პირველ ტურში „ოცნების“ წარუმატებლობის გლობალური მიზეზი ის იყო, რომ „ოცნების“ ლიდერები ვერ მიხვდნენ, რომ ამ არჩევნებში ხალხი არა მიშას წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად, არამედ - „ოცნების“ მმართველობის გასაპროტესტებლად მივიდა.

„ნაცმოძრაობის“ ტაქტიკური ამოცანა ამ საინფორმაციო ომში იყო მისი კანდიდატი საზოგადოებისთვის შეეთავაზებინა როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და ამით შეემცირებინა საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ მტკივნეული „ნაცმოძრაობის“ ტოქსიკურობა. მაქსიმალური პედალირება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილის მავნებლურ განცხადებებზე და დაეხატა ის რუსეთისთვის საჭირო კანდიდატად და ბრძოლა მოწინააღდეგის მინდორზე გადაეტანა, რაც მოახერხა კიდეც.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ შეცდომებს, ბოლო პერიოდში დაშვებული ყველაზე მძიმე და გრძელვადიანად უარყოფითი შედეგების მომტანი შეცდომა იყო გრიგოლ ვაშაძისგან შეწყალებების დაანონსება.

ასევე დათო საყვარელიძის ინტერვიუ, რომელიც აზერბაიჯანულ გამოცემაში გამოქვეყნდა, სადაც ის პირდაპირ აანონსებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და ვაშაძის ბელორუსი პიარ-მენეჯერის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ის დეკემბრიდან საქართველოში რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობს.

მართალია ის, როგორც ინტერვიუს სრული ვერსიიდან ჩანს, არა სახელმწიფო გადატრიალებას, არამედ რეფორმებს გულისხმობს, მაგრამ პიარის ასეთ გამოცდილ სპეციალისტს ასეთი საბედისწერო შეცდომა არ უნდა მოსვლოდა: როცა იცის, რომ მისი კლიენტი „ნაცმოძრაობა“, სწორედ რევოლუციით არის ხელისუფლებაში მოსული და მოწინააღმდეგე შენს მიმართ მთავარ იარაღად, მთავარ ბრალდებად სწორედ ახალი რევოლუციის სურვილს იყენებს, უფრო მეტი წინდახედულება გმართებს, რომ მას ამხელა კოზირი არ ჩაუგდო ხელში.

რა მოხდება საბოლოოდ რთული სათქმელია, მაგრამ „ნაციონალები“ ამ საარჩევნო კამპანიისას „ოცნებაზე“ გაცილებით მოქნილები არიან გამოწვევებზე რეაგირების თვალსაზრისით

პირიქით, „ნაციონალებმა“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში „ოცნების“ რიტორიკაზე წყალი არ უნდა დაასხან, მათი ლიდერების მხრიდან არ უნდა ისმოდეს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ მუქარა.

ეს არის მთავარი, რის გამოც ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლები იყვნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ „ნაცმოძრაობა“ ტრადიციულად და ამჯერადაც უფრო მოქნილია: სამოქალაქო ომის თაობაზე გედი ფოფხაძის განცხადება ეთერში გავიდა თუ არა, საღამოს სატელევიზიო ჩართვაში სააკაშვილმა თქვა, „არავის შეწყალება არ მჭირდებაო“, შემდეგ ახალაიამ და მერაბიშვილმა მიყოლებით გააკეთეს განცხადებები: „არ ვითხოვთ შეწყალებას და რომ გამოვალთ, პოლიტიკაში მონაწილეობას საერთოდ არ ვაპირებთო“.

რა მოხდება საბოლოოდ, რთული სათქმელია, მაგრამ „ნაციონალები“ ამ საარჩევნო კამპანიისას „ოცნებაზე“ გაცილებით მოქნილები არიან გამოწვევებზე რეაგირების თვალსაზრისით.

- საარჩევნო კამპანიის მსვლელობამ კიდევ ერთხელ მთელი სიმძაფრით გააშიშვლა არჩევნებთან დაკავშირებული ქართული ტრადიცია. ოპონენტები ნაკლებად მსჯელობენ ქვეყნის წინაშე დაგროვილი პრობლემების გადაჭრის გზებზე და უპირატესად დრო და ენერგია იხარჯება იმის მტკიცებაზე, თუ რომელი კანდიდატია უფრო მეტად კრემლის ფავორიტი.

ამ ფონზე მათგან საზოგადოებას ჯერ მხოლოდ ფრაგმენტულად აქვს მოსმენილი თუ როგორი პოლიტიკის გატარებას აპირებენ ისინი რუსეთთან მიმართებაში, რაც ამ თვალსაზრისით სრული სურათის დანახვას ართულებს. ეს ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკა. თუ თქვენი დაკვირვებითაც ასეა, თქვენი აზრით, ამ საკითხებზე რატომ არ ამახვილებენ პრეზიდენტობის კანდიდატები ყურადღებას?

- აქ შეიძლება მიზეზეთა მთელ სპექტრზე ვილაპარაკოთ: ფუნქციონალურად, ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფრო შეზღუდულია, ფართო გაგებით უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირება მისი საქმე აღარაა, ის მხოლოდ ფორმალურად წარმოადგენს ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში, აღარ ჰყავს უშიშროების საბჭო და თავდაცვის საბჭოც მისი მეთაურობით მხოლოდ ფრაგმენტულად იკრიბება.

არც ერთი სხვა თემა არ გამოდგა ისეთი გამანადგურებელი კანდიდატების იმიჯისთვის, როგორც „რუსეთის ინტერესების გამტარის“ თემა, რის მიწებებასაც ერთმანეთისთვის დაპირისპირებული მხარეები ასეთი მონდომებით ცდილობენ

არ გამოვრიცხოთ, რომ ერიდებიან რუსეთის გამოწვევასაც: იმ პირობებში, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფლანგზე, მათ შორის, „ნატოში“ სრული გაურკვევლობაა - საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას ევროპის შეიარაღებული ძალები ევროპის, სხვათა შორის, აშშ-სგან თავდასაცავად და როგორც ჩანს, მას ამ განწყობაში გერმანიის კანცლერიც მხარს უბამს, საპასუხოდ კი ტრამპი „ნატოს“ დატოვებით იმუქრება, არ გამოვრიცხოთ, რომ კანდიდატები, მახვილი კუთხეების გვერდის ავლას ცდილობენ.

თუმცა, რაღა რუსეთის თემის გვერდის ავლა: თუ შეიძლება ამ არჩევნების ცალსახად დადებით შედეგზე ვისაუბროთ, სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - გარეთ, თუ რამდენად ტოქსიკურია საქართველოში რუსეთთან ასოცირების თემა.

არც ერთი სხვა თემა არ გამოდგა ისეთი გამანადგურებელი კანდიდატების იმიჯისთვის, როგორც „რუსეთის ინტერესების გამტარის“ თემა, რის მიწებებასაც ერთმანეთისთვის დაპირისპირებული მხარეები ასეთი მონდომებით ცდილობენ.

- ბატონმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „მეორე ტურში არჩევნებიდან პირველ ტურში დისტანცირებული 50%-ის ხმა იქნება გადამწყვეტი.“ ვხედავთ, რომ მეორე ტურამდე ხელისუფლებისა და „ნაციონალების“ ტაქტიკაცა და სტრატეგიაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

„ოცნება“ ამომრჩეველს „ნაციონალების“ დაბრუნებით აშინებს, ხოლო „ნაციონალები“ ასევე დარწმუნება-დაშინების მეთოდით ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ზურაბიშვილის არჩევით კრემლი საქართველოს დაეპატრონება.

რადგან მეორე ტურის შედეგები არჩევნებისაგან დისტანცირებულ ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული, შეიძლება კითხვა ასე დაისვას - მეორე ტურში ხელისუფლების უნიათობა-შეცდომებით დაღლილ-დაქანცულები მეტი ამომრჩეველი აღმოჩდება თუ „ნაცების“ დაბრუნებით შეშინებული?

- თქვენ არჩევნების შედეგის პროგნოზირებას მთხოვთ, რაც დღეს წარმოუდგენლად რთულია და რაც გაცილებით ნათელი იყო პირველი ტურიდან ერთი კვირის თავზე, როცა აშკარა რიცხობრივი და ფსიქოლოგიური უპირატესობა ვაშაძის მხარეს იყოს.

დღეს სურათი ასეთი ნათელი აღარ არის: ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული მასობრივი ისტერიის ფონზე, ძნელია დაინახო, რეალური განწყობები საით წანაცვლდა.

ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული მასობრივი ისტერიის ფონზე, ძნელია დაინახო, რეალური განწყობები საით წანაცვლდა

უნდა ითქვას ისიც, რომ „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთად, მეორე ტურში რიცხობრივად თითქმის აღარ ჰყავთ ახალი ამომრჩეველი. ამ დროს ასეთი პოტენციური ამომრჩეველი ჰყავს „ოცნებას“: ისინი, ვინც 2012 წელს მას მისცა ხმა, დღეს კი სახლში დარჩა.

თეორიულად, „ოცნებისთვის“ ამ ხალხის მობილიზება უფრო იოლი უნდა იყოს, - გააჩნია, რამდენად დაარწმუნებს მათ, რომ მათი პრობლემა „რევოლუციონერი“ სააკაშვილის დაბრუნებაა და არა - „ოცნების“ უშედეგო მმართველობა.

ამასთან, ორივე პარტიისთვის დიდი რესურსია ის ხალხი, რომელიც „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“ გადაბარგდა.

აქ ფსიქოლოგიურად „ოცნება“ წამგებიან სიტუაციაშია: იმ დროს, როცა ზურაბიშვილის და ვაშაძის შანსები თითქმის თანაბარია, „ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მეოთხედს მაინც, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალებში“ იყვნენ, ვერ ენდობა იმიტომ, რომ არავინ იცის, საით გაიხადავენ ისინი არჩევანის გაკეთების პროცესში.

„ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მეოთხედს მაინც, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალებში“ იყვნენ, ვერ ენდობა იმიტომ, რომ არავინ იცის, საით გაიხედავენ ისინი არჩევანის გაკეთების პროცესში

ვერ ენდობა მაჟორიტარების ნაწილსაც, რომლებიც ყოველთვის იყვნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და პარლამენტში ერთადერთი მიზნით შედიოდნენ: საკუთარი ბიზნესის გამსხვილება და ლობირება.

მათ საოცარი „ყნოსვა“ აქვთ, თუ არ დარწმუნდნენ „ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებაში, ორივეგან დაიწყებენ „კვერცხების ჩადებას“, როგორც დღევანდელი ხელისუფლების, ასევე, სავარაუდო მომავალი ხელისუფლების ანუ „ნაციონალების“ კალათაში.

- ბატონმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „პოლიტიკური დაპირისპირება არც ერთ შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზრდება - პოლიტიკურ ძალებს „მოიერიშეები“ დააკლდებათ“.

ძალიან კი მინდა გავიზიარო ბატონ ალექსანდრეს ოპტიმიზმი, მაგრამ ვხედავთ, რომ მეორე ტურამდე დარჩენილ დროში ოპონენტები სწორედ „მოიერიშეთა“ გუნდების მომზადებით არიან დაკავებული.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მეორე ტურის შემდეგ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს?

- როგორც იურისტები ამბობენ, სააკაშვილს არსებული სამართლებრივი სტატუსით საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ და მას პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში ვერ უშველის.

არსებობს ალბათობა, რომ სააკაშვილმა დროს არ გამოაცდევინოს საკუთარი იღბალი და ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მაინც ჩამოვიდეს, მაგრამ ამით კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებსიკენ უბიძგებს პრეზიდენტსაც და საპარლამენტო ოპოზიციასაც.

არსებობს ალბათობა, რომ სააკაშვილმა დროს არ გამოაცდევინოს საკუთარი იღბალი და ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მაინც ჩამოვიდეს, მაგრამ ამით კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებსკენ უბიძგებს პრეზიდენტსაც და საპარლამენტო ოპოზიციასაც

ან ვისი მხარდაჭერის იმედად უნდა დაიწყოს რევოლუცია: აშშ-ის, რომელიც სავაჭრო და არა მხოლოდ, დაპირისპირებაშია ჩაბმული ერთის მხრივ, ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან და მეორე მხრივ, „ნატოში“ საკუთარ პარტნიორებთან თუ ევროპის, რომელსაც ამერიკაზე უფრო მეტი თავის ტკივილი აქვს. მით უფრო, როცა იცის, რომ აქ ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირებით რუსეთი ისარგებლებს. ამიტომ, მე აპოკალიპტურ სცენარებს არ ველი. თუმცა, სააკაშვილის შემთხვევაში, რამის გადაჭრით თქმა რთულია.

ამასთან, ყველა დაბრკოლებაც რომ გადალახოს, სააკაშვილს გაუჭირდება ისეთივე მკვეთრად ვერტიკალზე დაქვემდებარებული სისტემა შექმნას, როგორიც – 2003 წელს.

მას საკუთარ პარტიაშივე ექნება წინააღმდეგობები, თუმცა რთული სათქმელია, ძველი მეთოდების მოტრფიალე თაობა გაიმარჯვებს, თუ ახალი, რომელმაც გაიაზრა და უარყო შეცდომები.

„ოცნება“ არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში დაიშლება: მან დღევანდელი ფორმატით და შემადგენლობით არსებობის ყველა რესურსი ამოწურა

რაც შეეხება „ოცნებას“, ის არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში დაიშლება: მან დღევანდელი ფორმატით და შემადგენლობით არსებობის ყველა რესურსი ამოწურა.

ამიტომ, ის მეორე ტურისთვის მზადების პარალელურად უნდა ამუშავებდეს სათადარიგო გეგმებს იმისათვის, რომ სრულად არ მოუსუფთავონ პოლიტიკური ველი „ნაციონალებს“ და მისმა რომელიმე პოლიტიკურმა სეგმენტმა მაინც შეძლოს გადარჩენა და მომავალ პარლამენტში შესვლა.

თუმცა, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს მე ჯერ ვერ ვხედავ, ხვალ კი შეიძლება გვიან იყოს.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი