ბატონო მინისტრო, მგონი ქართველი ხალხი ცოდოა, თქვენი, ამჯერად, ექსპერიმენტების საცდელი თაგვი გახდეს, როგორც გუშინ გვაცნობეთ და ქართველ ხალხს არც ის აინტერესებს, ფრიდრიხ ჰაიეკის სურათი გიკიდიათ თქვენ კაბინეტში თუ კარლ მარქსის. არც ნეოლიბერალიზმის და არც მარქსის, ლენინიზმის თეორიები, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას შეკითხვით მიმართა, „თუ რაში ხარჯავენ ფულს, რომელსაც ხალხის ჯიბიდან იღებენ“.
„რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობას და შესაბამისად, ქვეყანაში კორუფციის პრობლემასაც, ძალიან მარტივი საზომი არსებობს, რამდენი ფული დახარჯა ხელისუფლებამ და ამ დანახარჯის სანაცვლოდ, რა შექმნა ქვეყანაში დოვლათის სახით, იქნება ეს საზოგადოებრივი სიკეთე, იქნება ეს ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა თუ სხვა“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის თქმით, კორუფციისა და ბიუროკრატიის ზრდასთან დაკავშირებული საკითხების გამო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ 6 წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ჯამურად 62 მილიარდამდე ლარი დახარჯა. ეს არის 12 მილიარდით მეტი, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის მართვის 9 წლის მანძილზე დახარჯა და თუ მკითხავთ, რაში დაიხარჯა ის ფული, შემიძლია, ძალიან მარტივად გიპასუხოთ, რომ ფერფლიდან შეიქმნა ქართული სახელმწიფო, შეიქმნა სახელმწიფო სერვისების ინფრასტრუქტურა, გზები, აეროპორტი, განახლებული პოლიცია, ჯარი, იყო ეს საკმარისი?! არ იყო ეს საკმარისი, მეტი იყო ეს გასაკეთებელი, მაგრამ 6 წელიწადში, როდესაც ამდენი ფული დახარჯეთ, რომელიც არა თქვენი დაბეჭდილი, არამედ ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებულია, მაინტერესებს, რა სიკეთე შექმენით. როდესაც გვეუბნებით სოციალურ დახმარებაში დახარჯულ ფონდებზე, მაინტერესებს, მაშინ ქვეყანაში რატომ იზრდება სიღარიბის მაჩვენებელი, სამუშაო ადგილების შექმნაში თუ დახარჯეთ, მაშინ რატომ იზრდება უმუშევრობა, უფრო ჯანმრთელ საზოგადოებაში თუ ვცხოვრობთ, მაშინ რატომ იზრდება ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებები?! და არ არის მართალი, რომ ეს ყველგან ხდება. ეს ხდება ჩვენ სიკვდილით სავსე ქალაქში, რომლიც სიცოცხლით სავსე უნდა ყოფილიყო, რადგან გარემოს დაბინძურების დონე ჩვენს ქვეყანაში არის ენით აღუწერელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებლები გვაქვს. სად მიდის ის ფული, რომელსაც ხარჯავთ - ინფრასტუქტურულ პროექტებში, რომელსაც ვერ ვხედავთ?! რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.