ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი - საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გადადგას თანმიმდევრული და მყარი ნაბიჯები რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ

ევროკავშირის პოზიცია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე ემთხვევა ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას, თუმცა სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტში, რომელსაც დღეს კენჭს უყრის ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე.

ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზად არის დააკვირდეს საქართველოში მომავალ არჩევნებს და ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებას იმ რეკომენდაციების განხორციელებაში, რომელიც წარდგენილი იქნება. ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან და რომ წინასაარჩევნო პერიოდისას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ადმინისტრატიული რესურსის ბოროტად გამოყენებას. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მომხდარი პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტების გამოძიებისკენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტების დემოკრატიულ გაძლიერებას და საქართველოს ხელს შეუწყობს ამ სფეროში. აღნიშნულია, რომ საქართველო იმ მცირეოდენ ქვეყნებს შორისაა, სადაც ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ღია მმართველობის პარტნიორობაში. ასევე აღნიშნულია იმ ამბიციური რეფორმის დღის წესრიგის მიღწევის მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მათი პერსონალის ნეიტრალურობას. ანგარიში ხაზს უსვამს ოპოზიციის როლს საპარლამენტო სისტემაში და აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის მექანიზმების ჩამოყალიბებას, მათ შორის ისეთი ფორმის მეშვეობით, როგორიც არის პარლამენტის წევრების მიერ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებისთვის რეგულარულად კითხვების დასმა.

ანგარიში მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის 27 მარტიდან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. აღნიშნულია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მოუწოდებს მისი რეგულარული მონიტორინგისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი უწყვეტი შესრულება. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ უვიზო რეჟიმის დაწესებამ დადებითი შედეგები გამოიღო ხალხთა შორის კონტაქტების განვითარების კუთხით. ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებამ შექება მიიღო იმისათვის, რომ დროულად მოაგვარა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმთან დაკავშირებული დარღვევები და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს საქართველო აღიარონ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ანგარიში ასევე მიესალმება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკას და საქართველოს კონსტრუქტიულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, დიალოგი აწარმოოს რუსეთთან და უაღრესად დადებითად აფასებს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ინიციატივას, რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების არაკანონიერ ოკუპაციას. აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გადადგას თანმიმდევრული, კოორდინირებული, ერთიანი და მყარი ნაბიჯები რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ.

ანგარიში ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეეცადოს ასოცირების/ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სარგებელი გაავრცელოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე შეთანხმებიდან გამომდინარე ახალი შესაძლებლობების ინფორმაციის მიწოდების გზით.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შექებას იმსახურებს საქართველოს მონაწილეობა სამოქალაქო და სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციებში ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საჭიროა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის შემუშავება, კერძოდ, რადიკალიზაციის, ძალადობრივი ექსტრემიზმის, პროპაგანდისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო