ოთარ კახიძე ფინანსთა მინისტრს - ივანიშვილის განცხადება დევნილების და პენსიონერებისთვის შემწეობების გადახედვაზე, ლარნახევრიანი ტყუილი აღმოჩნდა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს დღეს ის დაპირებები გაახსენა, რაც „უფასო ფულს, ელექტროენერგიის და გაზის განახევრებულ ტარიფებს, 230-ლარიან პენსიას, უმუშევართა შემწეობის გაზრდას“ შეეხება. ოთარ კახიძემ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მიმართა.

ოთარ კახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომლის მიხედვითაც დევნილებისა და პენსიონერებისათვის შემწეობები რადიკალურად გადაიხედებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი თანხა გათვალისწინებული არ არის.

„ბიძინა ივანიშვილის 5 ნოემბრის გამოსვლა შეიცავდა ერთ-ერთ მოწოდებას, რომ დევნილებისთვის და პენსიონერებისთვის შემწეობები რადიკალურად გადაიხედებოდა. ეს აღმოჩნდა ისეთივე ლარნახევრიანი ტყუილი, როგორიც „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა დაპირებები, რომლითაც ისინი 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს დაპირება, რომ დევნილთა შემწეობების რადიკალურად გადახედვა მოხდებოდა, არის პირდაპირ სიცრუე, ვინაიდან წარმოდგენილ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი თეთრი, რომლითაც დევნილთა შემწეობა იზრდება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

რაც შეეხება პენსიის ზრდას, კახიძის თქმით, პენსიის ზრდაც არ არის გათვალისწინებული.

„ეს არ არის რადიკალური ზრდა და თან ეს რაიმე ახალი ნაბიჯი არ არის, ვინაიდან, 20 ლარით პენსიის ზრდა შარშან ნოემბერში ისედაც იყო დაანონსებული ფინანსთა მაშინდელი მინისტრის მიერ. ამიტომ, „ქართული ოცნება“ თავის სტილში განაგრძობს წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოტყუებას. მე მინდა, პატარა ისტორიული ექსკურსი შევთავაზო ბატონ ვანოს, ფინანსთა მინისტრს, ვინაიდან ის შედარებით ახალი შეერთებულია „ქართული ოცნების“ გუნდთან და გუშინ მოვისმინე მისი განცხადებები, რომ თურმე პოპულიზმი რა ცუდია პოლიტიკური ატმოსფეროსთვის. ბატონო ვანო, თქვენ რომელ გუნდშიც ბრძანდებით, ეს გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა უფასო ფულის, დენის და გაზის განახევრებული ტარიფების და 230 ლარის ოდენობით პენსიის, უმუშევართა შემწეობის, 5 მილიონი თითოეულ სოფელს - ასეთი დაპირებებით და აღარ გავაგრძელებ, ძალიან გრძელი სიაა სხვადასხვა ტყუილის, რაზეც პასუხი არჩევნების პირველი ტურის შედეგები იყო. ადამიანი 5 ნოემბერს რომ მოსახლეობას რაღაცას დაჰპირდება, თქვენ რომ 10 დღეში პროექტს შემოიტანთ და ეს დაპირება პირდაპირ ათდღიანი ტყუილი აღმოჩნდება, ეს არის მოსახლეობის დაცინვა“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს