ეროვნული ბანკი „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს

„ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ეროვნული ბანკი პასუხობს.

აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, სესხის გაცემის მომენტში სესხის გამცემს ეზღუდება ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის სესხის გაცემა, ვიდრე ფიზიკურ პირს ამის გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს.

მაგალითად, თუ ოჯახის მთლიანი შემოსავალია თვეში 3 000 ლარი, პირის მიერ სესხის გადახდისას ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს 1 350 ლარს 15- წლიანი სესხის შემთხვევაში, ხოლო 1 650 ლარს 5- წლიანი სესხის შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ 12%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, ბანკს შეუძლია გასცეს მაქსიმუმ 110 000 ლარის სესხი.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით, იპოთეკურ სესხზე მაქსიმალურ ვადად წესდება 15 წელი, ხოლო 2000-დან 4 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი არის 45%-55%.

ასევე, თუ გაქვთ შემოსავალი და ფლობთ მხოლოდ ერთ საცხოვრებელ სახლს და მეგობარი გთხოვთ სესხზე თავდებად დადგომას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ მეგობარმა ნებისმიერი მიზეზის გამო ვერ შეძლო სესხის მომსახურება, სესხის ნარჩენი ვალდებულება თქვენზე გადმოვა. ახალი რეგულაციებით იზღუდება სესხის გამცემის მიერ თავდებად ისეთი პირის გამოყენება, ვისაც სესხის მომსახურეობის საკმარისი შემოსავლები არ გააჩნია.

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა თანამსესხებელთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის განმარტებით, თუ სესხის აღებისთვის არ გაქვთ საკმარისი შემოსავალი, მაშინ შეგიძლიათ თანამსესხებლად გამოიყენოთ საოჯახო მეურნეობის წევრი, რომელსაც აქვს საკმარისი შემოსავალი, ამ შემთხვევაში სესხის მომსახურების კოეფიციენტში ამ თანამსესხებლის შემოსავალიც გაითვალისწინება.

სესხის აღებას შეძლებთ მაშინაც, თუ გაქვთ შემოსავალი, მაგრამ ფლობთ ერთ საცხოვრისს. თუმცა ასეთ შემთხვევაში სესხს აიღებთ იმ მოცულობით, რაც დააკმაყოფილებს რეგულაციის მიხედვით განსაზღვრულ საკრედიტო კოეფიციენტებს.

სესხის აღებას შეძლებს არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირიც, თუკი მას აქვს სტაბილური შემოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს შემოსავალი ბანკში არ ერიცხება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეგულირება არ კრძალავს არაფორმალური სექტორიდან ან ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლის შემთხვევაში სესხის გაცემას. სესხის გამცემი შეაფასებს მსესხებლის შემოსავლების მოცულობას და სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შიდა პროცედურებით შესაბამისად მიიღებს.

ამასთანავე, რეგულაცია არ ზღუდავს ფულადი გზავნილებით მიღებული შემოსავლის შემთხვევაში სესხის გაცემას.

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით კითხვა გაჩნდა, შეეხება თუ არა ისინი ე.წ. „მევახშეებს“. ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან რეგულაციები გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა იმ სუბიექტზე, ვინც სესხს გასცემს 20-ზე მეტ პირზე.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში