სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ბერკეტი გამოიყენა, რომ გააქროს ოპოზიცია, რომლის დაბრუნების სურვილიც ხალხს აქვს

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა ბერკეტი გამოიყენა, რომ გააქროს ოპოზიცია, რომლის დაბრუნების სურვილიც ხალხს აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მან საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც პასუხი გაეცემა იმ შეკითხვებს, თუ როგორ იცავს საქართველო ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესზე საკუთარ ინტერესებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ის აღარ ჰყოფნის, რომ ქვეყნის შიგნით ყველა ბერკეტი იმისთვის გამოიყენა, რომ გააქროს ოპოზიცია, რომელზეც, როგორც ჩანს, ქართველ ხალხს ძალიან დიდი სურვილი აქვს ხელისუფლებაში დაბრუნდეს. „ქართულმა ოცნებამ“ გადაკვეთა წითელი ხაზი, რომელიც ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში არსებობდა და ეს წითელი ხაზი იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენ არსად არავის და არაფრის ფასად არ დავუთმობდით. ამ წითელ ხაზს დღეს თქვენი ხელისუფლება ჰააგაში კვეთს და თუ ასე არ არის, რატომ ამბობთ უარს, მოიწვიოთ საკომიტეტო მოსმენა, სადაც საზოგადოებას მიეცემა საშუალება, მოისმინოს, რას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰააგაში“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები სასამართლოში ერთ-ერთ მტკიცებულებად გამოიყენეს. „ჰააგაში თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები საერთაშორისო სასამართლოში გამოიყენეს, მათ შორის ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ დახურულიყო საქმე, რომელიც რუსეთს 2008 წელს ამ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისმგებლობას დააკისრებდა. მეორე - სასამართლო ტრიბუნალზე ჰააგაში თქვენმა ხელისუფლებამ ხელები დაიბანა მტკიცებულების წარდგენაზე და სასამართლოს გადააბარა გამოძიების პროცესი. იცით რატომ?! იმიტომ, რომ იმედი გაქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილზე ან რომელიმე სხვაზე 2008 წლის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობიდან იქნებ საერთაშორისო ტრიბუნალმა დადოს რამე, რომ სამუდამოდ შეძლოთ თქვენთვის არასასურველი პოლიტიკური მოთამაშეების ქართული პოლიტიკური სივრციდან გაქრობა. თქვენ ვერც კი ხვდებით, რომ არსებობს გამარჯვებები, რომელიც არის პიროსის გამარჯვება - გგონია, რომ გამარჯვებას პოლიტიკურ ოპონენტზე მოიპოვებ და ამის შედეგად, ყველაფერს კარგავ.

ახლა გინდა მოისმინეთ, გინდა ჩვენს პოლიტიკურ ძალას ფაშისტობა დააბრალეთ და თუ გინდათ, თქვენი სატელიტი პარტიის ლიდერის, ქალბატონ ირმა ინაშვილის მსგავსად, ქუჩა-ქუჩა გვდიეთ, რომ გაგვანადგუროთ. ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რას აკეთებთ როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ. ახლა ვიღაც ყოფილი კომუნისტი რუმინელი დეპუტატები, რომლებიც ყველანაირი საერთაშორისო ეტიკეტის, ევროპარლამენტის ყველანაირი რეგლამენტის დარღვევით, უცხო ქვეყანაში კონკრეტულ კანდიდატებზე შეფასებებს აკეთებენ, მათი სიტყვების დამოწმებით ქართველ ხალხს ნუ მოატყუებთ, იმიტომ, რომ მსგავსი პრეცედენტი ევროპარლამენტში მე არ მახსოვს. როგორც საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადეთ, რომ თურმე ჰააგაში პოზიციები საკმაოდ მტკიცე გაქვთ, მოიწვიეთ საჯარო საკომიტეტო მოსმენა და მოასმენინეთ ქართველ ხალხს, რას აკეთებ და არ აკეთებთ ჰააგაში“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.